სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელმაც მესამე პრეზიდენტი კლინიკაში გუშინ მოინახულა “ქართული ოცნების” წევრებზე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თვალით ნახავენ, დარწმუნდებიან რა რთული ვითარებაა. ამ თემაზე მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღოს.
“მინდა ყველას ვუთხრა, რომ სიტუაცია არის ნამდვილად რთული. ერთი ან ორი წარმომადგენელი უმრავლესობიდან რომ შევიდეს, უბრალოდ ინტერესის გამო და მოინახულოს პატიმარი სააკაშვილი, ვფიქრობ, რომ ისინი საკუთარი თვალით დარწმუნდებიან რა რთული ვითარებაა და შემდეგ, ალბათ არ ჩავარდებიან თუნდაც ადამიანურად უხერხულ მდგომარეობაში ამ განცხადებების გამო. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ალტერნატიულ გზებზე და მექანიზმებზე, ფაქტია, რომ მის ხელში მყოფი პაციენტის მდგომარეობა უარესდება და რაც მოხდა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი თვეებია კლინიკა “ვივა მედშია” გადაყვანილი, თუმცა ოჯახიც, ადვოკატებიც და ექიმთა ნაწილიც ამბობს, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხდება. 28 ნოემბერს მესამე პრეზიდენტს სასამართლოზე დასწრების სურვილი ჰქონდა, თუმცა “ვივა მედის” ექიმებმა ტრანსპორტირებაზე რეკომენდაცია არ გსაცეს.