ბატონო რომან, მე მინდა გითხრათ, რომ სწორედ თქვენ ხართ იმ გუნდის წარმომადგენელი, ვისაც ყველაზე მეტი სიზმარა მინისტრი ჰყავდა, -ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს, რომელმაც განათლების და მეცნიერების მინისტრ, მიხეილ ჩხენკელს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჯეჯელავას „ვაშლების მინისტრი” ვუწოდე – არ არის გამორიცხული, თქვენ „სიზმრების მინისტრი” გიწოდოთ”.
არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” „სიზმარა მინისტრთა კაბინეტმა” ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა.
„რომან გოცირიძემ სიზმრებზე ილაპარაკა და დაგვადანაშაულა, თითქოს ჩვენ ყველაფერს სიზმრად ვხედავთ. ბატონო რომან, მე მინდა გითხრათ, რომ სწორედ თქვენ ხართ იმ გუნდის წარმომადგენელი, ვისაც ყველაზე მეტი სიზმარა მინისტრი ჰყავდა. თქვენ გყავდათ ძილის მინისტრი, რომელსაც ეძინა მაშინ, როდესაც მოქალაქეების უფლებები ირღვეოდა, ადამიანები იღუპებოდნენ, მათ ღირსებას შეურაცხყოფდნენ. როდესაც მათ სჭირდებოდათ სამართალი, ეს სამართალი არ იყო. ეძინა თქვენს ძილის მინისტრს და მაგიტომ არ იყო ქვეყანაში სამართალი.
თქვენ გყავდათ ღიმილის მინისტრი, რომელმაც ხანდაზმული ადამიანები მოატყუა, მათ დაჰპირდა ღიმილიან საქართველოს და შემდეგ როგორ დასრულდა ეს ისტორია, ძალიან კარგად გახსოვთ. არ მინდა დრამატული სურათი შეგახსენოთ, რა უქენით თქვენ და თქვენმა ღიმილის მინისტრმა იმ ხანდაზმულ ადამიანებს, როდესაც სტომატოლოგიურ პაკეტებს დამპირდით არჩევნების წინ.
თქვენ გყავდათ ომის მინისტრი, რომელმაც გაძარცვა თავდაცვის სამინისტრო, ჯარისკაცები, ამისთვისაა მსჯავრდებული, დღეს მიმალვაშია და კიდევ იქიდან რაღაც პოლიტიკური ამბიციებით გვეხმაურება. შესაბამისად, როდესაც ასეთი პოლიტიკური მემკვიდრეობა გაქვთ, უხერხულია, რომ ბატონი ჩხენკელის მისამართით აკეთებთ ისეთ კომენტარებს ამ ტრიბუნიდან, რომელიც საზოგადოებას ბუნებრივად შეახსენებს თქვენს სიზმარა კაბინეტს, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა კატასტროფამდე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.