დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე სამწუხაროდ არ უასპარეზია, თუმცა საბჭოთა პერიოდში არაერთმა ქართველმა სპორტსმენმა შეძლო ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო ტურნირზე თამაში.
ჩილე 1962
1962 წელს ჩილეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა: სერგო კოტრიკაძე, გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი. კოტრიკაძე მეორე მეკარე იყო და ჩემპიონატი სამწუხაროდ სკამზე გაატარა, რადგან იმ დროს სსრკ-ს კარს ლეგენდა ლევ იაშინი იცავდა. დანარჩენ ფეხბურთელებს თამაშის საშუალება მიეცათ, თუმცა მუნდიალი გოლის გარეშე დაასრულეს. აღსანიშნავია რომ ჩოხელი, მესხი და მეტრეველი მოქმედი ევროპის ჩემპიონები იყვნენ.
ინგლისი 1966
ინგლისში ჩატარებულ ჩემპიონატზე კვლავ ოთხი ქართველი სპორტსმენი მოხვდა. სლავა მეტრეველისთვის ეს რიგით მეორე მსოფლიო ჩემპიონატი იყო. დებიუტანტები კი გიორგი სიჭინავა, ანზორ კავაზაშვილი და მურთაზ ხურცილავა იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა და ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა(საუკეთესო შედეგი სსრკ-ს ნაკრების ისტორიაში) ქართველ ფეხბურთელებს გოლი ამ ტურნირზეც არ გაუტანიათ. კარგი თამაში აჩვენა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა, რომელმაც იაშინის ნაცვლად ორი შეხვედრა ჩაატარა. ოთხივე სპორტსმენმა ასპარეზობა ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს, სლავა მეტრეველმა კი ორი წლის შემდეგ FiFA-ს ვარსკვლავთა ნაკრებში მიიღო მოწვევა, ბრაზილიასთან მატჩში ქართველმა თავდამსხმელმა მეორე ტაიმი ითამაშა.
მექსიკა 1970
1970 წლის ჩემპიონატზე ქართული ფეხბურთისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა: მუნდიალზე ერთდროულად ექვსმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელთაგან ერთმა, კახი ასათიანმა ბელგიის კარში გოლი გაიტანა. ასათიანი ასევე პირველი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ყვითელი ბარათი მიიღო(1970 წლამდე ბარათების პრაქტიკა არ არსებობდა). ხუთივე მატჩში კარს ანზორ კავაზაშვილი იცავდა, ქართველმა მეკარემ ჩემპიონატი მხოლოდ ორი გაშვებული გოლით დაასრულა. 1970 წლის ჩემპიონატზე ასევე ითამაშეს მურთაზ ხურცილავამ, რევაზ ძოძუაშვილმა, გივი ნოდიამ. ვეტერანი სლავა მეტრეველი მოედანზე არ გამოსულა, მაგრამ განაცხადში იყო და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც სამ მუნდიალზე იყო წარმოდგენილი.
ესპანეთი 1982
12 წლიანი პაუზის შემდეგ საბჭოთა კავშირის ნაკრები მუნდიალზე განახლებული შემადგენლობით დაბრუნდა. გუნდის კაპიტანი დინამო თბილისის “ოქროს თაობის” წარმომადგენელი ალექსანდრე ჩივაძე იყო, რომელმაც შოტლანდიასთან მატჩში გოლი გაიტანა, იმავე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა კიდევ ერთმა დინამოელმა, რამაზ შენგელიამ. 82 წლის ჩემპიონატზე ითამაშეს ასევე თენგიზ სულაქველიძემ და ვიტალი დარასელიამ.
მექსიკა 1986
მექსიკის ჩემპიონატი ამ დრომდე ბოლო მუნდიალია, რომელზეც ქართველი ფეხბურთელი განაცხადში მოხვდა. ალექსანდრე ჩივაძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბარძაყის ტრავმით გაემგზავრა, რომლის გამოც ვერც ერთ მატჩში მონაწილეობა ვერ შეძლო.
სულ მსოფლიო ჩემპიონატებზე 14 ქართველ ფეხბურთელს აქვს მონაწილეობა მიღებული. მათგან სამმა გოლის გატანა შეძლო.