სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რა ფორმით იქნება ჩართული სახალხო დამცველი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეში.
როგორც ის განმარტავს, ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, გაუწევს თუ არა რეკომენდაციას, რომ სასამართლოს მეგობრის სტატუსით მოხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
“ჩვენ გადმოგვეცა დასკვნა კონფიდენციალურად. ამ წუთის მდგომარეობით, მე არ მაქვს დასტური, რომ მე, ან ჩემმა ექიმებმა საჯაროდ ვისაუბროთ დიაგნოზების და დასკვნის შინაარსის თაობაზე. ამიტომ, ამ გარემოებებს დავაზუსტებთ. თუ გვექნება თანხმობა უფრო მეტადაც ვისაუბრებთ. ჩემ სამედიცინო კონსილიუმთან აქტიური კონსულტაციები მაქვს, გავაცანით ეს ექსპერტიზის დასკვნა. ჩვენ განვიხილავთ და ვმსჯელობთ, თუ რა ფორმით შეიძლება იყოს ჩართული ამ საქმეში სახალხო დამცველი, მათ შორის, ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენა ამ საქმესთან დაკავშირებით.
ჩვენ აქტიურად გვაქვს კომუნიკაცია კონსილიუმთან. დღეს გარკვეული საკითხები იყო დასაზუსტებელი, რის გამოც, ჩემი წარმომადგენელი იმყოფებოდა ადგილზე“,- აღნიშნავს ლომჯარია.
გარდა ამისა, მან, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, რომ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. მისივე თქმით, „ალბათ, არ იქნება სწორი, რომ წინასწარ მოსამართლეზე შეფასებები გააკეთოს“.
“მოსამართლის მიმართ ნდობას და უნდობლობას იწვევს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მას შემდეგ, რაც ჩვენ, ჩვენი პოზიცია გვექნება, ვეცდები, რომ ეს იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული. რა თქმა უნდა, თუ სამომავლოდ დავინახავთ, რომ მოსამართლე არ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, შემდეგ იქნება უფრო სწორი ამაზე ვისაუბროთ“,- აღნიშნავს ლომჯარია.