ჩვენი ოპოზიცია ბრიუსელსა და ვაშინგტონში ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი პარტნიორები დაარწმუნონ, თითქოს ჩვენ გზას აცდენილები ვართ და პუტინის ჩრდილში მივდივართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ხელისუფლებას აქვს ურთულესი გარემოება, ურთულესი ამოცანა გვიდგას – შინაური მტერი გვებრძვის გაშმაგებით იმისთვის, რომ ევროპულ გზას აგვაცდინოს. ვითომ ევროკავშირის კანდიდატობა მარტო ჩვენ გვეკუთვნოდეს და მათ და მათ შვილებს არაფერი შეეხებათ. როცა დედაქალაქებში ჩავდივართ იქ გვიწევს დამახინჯებული, იქ ჩატანილი, გაუკუღმართებული ინფორმაციის უგულებელყოფა, ჩვენი პარტნიორების დარწმუნება, რომ საქართველოში საქმე ასე არ არის. პარლამენტის თავმჯდომარე, ფეხდაფეხ დადის დედაქალაქებში.
ჩვენ ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. ყველა რეკომენდაცია შესრულდება, მხოლოდ ერთ რეკომენდაციაზე ველოდებით პასუხს, ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც გადავაგზავნეთ ჩვენი პარტნიორების მოთხოვნით მეორე მოსმენის შემდეგ. დანარჩენი 11 მოთხოვნა შესრულდება, ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ, იმიტომ რომ ეს ხალხის არჩევანია“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში გადაგზავნილია.