რას იზამენ „ნაციონალები“ თუ მოსამართლე სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებს? – „ენმ-ის ამომრჩეველი

რა სტრატეგია ექნება ენმ-, თუ მოსამართლე სააკაშვილისთვის სასჯელს არ გადავადებს?  – პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ. სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა ამბობენ, რომ გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას – მათ შორის, აქციებს და რადიკალური ქმედებებს. საუბარია პოლიტიკური ბრძოლის ყველა ხერხზე – იქნება ის საერთაშორისო,  საგარეო, საშინაო, ქუჩა, პარლამენტი, რადიკალური თუ არარადიკალური. თუმცა, რამდენად არის პარტიის ორად გაყოფილი ჯგუფი საერთო სამოქმედო გგემის მისაღებად, საეჭვოა, რადგანაც გუშინ ნიკა მელიას მიერ ოფისში შეკრებილ წევრებს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი არ შეუერთდა. მან მელიას შეუთვალა, რომ ოფისში საჯდომად არ ეცალა და რეგიონებში ხალხის შესაკრებად იმყოფებოდა. 

9 დეკემბერს მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებს თუ არა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, თუკი მოსამართლე საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას არ მისცემს, ეს მისი მხრიდან, პირდაპირი მნიშვნელობით, სასიკვდილო განაჩენის გამოტანა იქნება; მოსამართლის მიერ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება საქართველოში მძიმე პროცესების დაწყების ტოლფასი იქნება, რაც ქვეყანას ხანგრძლივ პერსპექტივაში დააზიანებს.

„მოსამართლე ხელისუფლების დავალებით ამ განაჩენს გამოიტანს? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია იქნება. მე ვფიქრობ, რეალობას მოწყვეტილი გადაწყვეტილება სახელმწიფოში მძიმე პროცესების დაწყების ტოლფასი იქნება, რომელიც დიახაც, დააზიანებს, რა თქმა უნდა, ქვეყანას მრავალი წლის პერსპექტივაში. ამიტომ ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ ის თხელი ყინული, რომელზეც იგი უკვე თვეების განმავლობაში დადის, ერთ მშვენიერ დღეს მას ვეღარ გაუძლებს და აუცილებლად ჩაუტყდება,“ – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, სამ ოპოზიციურ პარტიასთან – „სტრატეგია აღმაშენებელთან“, „გირჩი მეტი თავისუფლებასთან“ და „დროასთან“ გამართული შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიციური სპექტრი ქვეყნის წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევის გარშემო ერთიანდება.  ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, პროცესების განვითარება თავიდან ბოლომდე „ქართულ ოცნებაზე“ იქნება დამოკიდებული.

„ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგში დააყენა მიხეილ სააკაშვილის, როგორც ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი – მისთვის სიცოცხლის წართმევა, თუ სიცოცხლის შენარჩუნება. მე მჯერა, რომ ამ ძალიან მძიმე პროცესს სახელმწიფოსთვის სასიკეთო ფინალი ექნება. დიახაც, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა, სააკაშვილის მოკვდინების მცდელობა, ვერ დატოვებს საქართველოს ვერც ერთ პატრიოტ მოქალაქეს გულგრილს. საკითხი უკვე დიდი ხანია გაცდა ერთი ადამიანის, თუნდაც ერთი პარტიის, ან რამდენიმე ერთად აღებული ოპოზიციური პარტიის პრობლემას. მთლიანად საზოგადოების პრობლემაა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შენ გიკვდება პატიმრობაში და ტყვეობაში. ამას წინ აღვუდგებით ყველა შესაძლო ლეგიტიმური შესაძლებლობებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

არ მჯერა, რომ ისინი ნამდვილად მოტივირებულნი არიან სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ჯანმრთელობის დაცულობით, რადგან ეს ადამიანები და მათ შორის ელენე ხოშტარია, მისი ოჯახის წევრები დაფინანსებას იღებენ რუსეთიდან, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნაციონალურ მოძრაობის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ „დროას“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ნაციონალურო მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებს.

მისივე თქმით, ეს ადამიანები მათი პირადი, პოლიტიკური და პარტიული ინტერესებისთვის სააკაშვილის ჯანმრთელობის ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ.

„ფაქტი ის არის, რომ ამ ადამიანების მიერ პატიმარ სააკაშვილის ინსტრუმენტად გამოყენება ხდება, ეს ადამიანები ახდენენ პირის ჯანმრთელობის ინსტრუმენტალიზაციას მათი პირადი პოლიტიკური პარტიული ინტერესებისთვის, რაც მორალთან თავსებადი ვერ იქნება. მე მათი გულწრფელობის არ მჯერა და არ მჯერა, რომ ისინი ნამდვილად მოწოდებულნი და მოტივირებულნი არიან პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ჯანმრთელობის დაცულობით, რადგან ეს ადამიანები და მათ შორის ერთ-ერთი ეს ქალბატონი (ელენე ხოშტარია), მისი ოჯახის წევრები დაფინანსებას იღებენ რუსეთიდან. ჩემთვის ამ ადამიანების განცხადებები არ არის სარწმუნო, თუკი ვინმე ყველაზე მეტად არის ორიენტირებული და მოწოდებული, რომ დაცული იყოს პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ეს არის სახელმწიფო,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი   ამბობს, რომ 9 დეკემბრის აქციის გამართვაზეც კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება აქვთ და რეალურად ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვინ უფრო  რადიკალურ განცხადებებს გააკეთებს; რეალურად სააკაშვილის ჯამრთელობა პარტიაში არ ანაღვლებთ და ყველაფერი მხოლოდ წინასაარჩევნო კაპმანიასთან არის დაკავშირებული.

„პარტიის წევრები შეიკრიბნენ, სადაც ერთიანობის ჩვენება უნდოდათ და რეალურად ესეც არ გამოუვიდათ. თავად მელიამაც კარგად იცოდა, რომ მის დაძახებულზე ხაბეიშვილი შეხვედრაზე არ მივიდოდა. საქმე  კი ერთ მარტივ რამეშია, რეალურად სააკაშვილის ჯამრთელობა არცერთ მათგანს არ ანაღველბს. ორივე წინასაარჩვენო კამაპანიაში იმყოფება და მათთვის ახლა მთავარი სააკაშვილის მხარდამჭერების და ოჯახის წევრების გადაბირებაა.

ხაბეიშვილი 9 დეკემბრის აქციის ჩატარების საკუთარ თავზე აღებას ცდილობს და არ უნდა ეს უპირატესობა მელიას დაუთმოს. თუმცა ესეც ჩვეულებრივი აქცია იქნება, რომელიც აქამდე ისედაც ჩაუტარებიათ. ენმ-ის ამომრჩეველიც კი დაბნეულია და რეალურად არ იცის, მხარი ვის და რატომ უნდა დაუჭიროს. ამიტომ საკუთარი ელექტორატის გამოყვანაც კი უჭირთ. ახლა მითუმეტეს ახალი წელი მოდის და პოლიტიკურად მთელი ერთი თვე მკვდარი იქინება. ამიტომ მერე რას მოიმოქმედებენ, ეს არის საინტერესო. თუ ისევ ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა არ დაიწყეს. ამიტომ ეს იქნება ჩვეულებრივი აქცია, რომელსაც ერთჯერადი  სახე ექნება“, – აცხადებს აბაშიძე.

რაც შეეხება ჯაფარიძეს, ხოშტარიას და ვაშაძეს ენმ-ისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას და აქციაში მონაწილეობის მიღებას, აბაშიძე ამბობს, რომ ეს არინ პოლიტიკოსები, რომელთა რეიტინგი ნულს არის გათანაბრებული, ცდილობენ ყურადღების ცენტრში ნებისმიერ ფასად მოექცნენ. ამიტომაც ისინიც სააკაშვილის თემით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ. ამომრჩეველმა ისედაც კარგად იცის, რომ ეს ადამიანები ნაციონალების ორბიტაზე დიდი ხანია იმყოფებიან და აღარ აქვს მნიშვნელობა მათ პარტიაში დაბრუნდებიან ისევ თუ ცალკე ვითომ დამოუკიდებელ ფიგურებად იქნებიან წარმოდგენილები.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share