„სააკაშვილის გაშვების შანსი 50/50-ზეა“ – ხუთი დღით გადადებული პროცესი და რატომ სჭირდება დრო მოსამართლეს

ხუთი დღით  გადადებული სასამართლო პროცესი, ახლა ყველა იმის მოლოდინშია, 14 დეკემბერს მოსამართლე გიორგი არევაძე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ „ვივამედის“ პალატიდან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთვება და პროცესს ამ ფორმით დაესწრება. მას კლინიკის ექიმებმა 9 დეკემბერს სასამართლოზე დასწრების უფლება ჯამრთელობის გაუარესების გამო  არ მისცეს. 9 დეკემბრის პროცესი მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდა.  მოსამართლე ამბობს, რომ მას ვრცელი საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდება. თუმცა ოპოზიციაში ეჭვი აქვთ, რომ ის პროცესს შეგნებულად აჭიანურებს.  

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სააკაშვილის სასამართლო საზღვარგარეთ სამკურნალოდ  მისი გადაყვანის საკითხზე, სწრაფად უნდა დასრულდეს, ვინაიდან ყოველი დღე, მათი თქმით, სააკაშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ღმერთმა არ ქნას და მიხეილ სააკაშვილზე თქვან, რომ ჯანმრთელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არადა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ექიმი არ დარჩა, რომელიც არ ამტკიცებს საპირისპიროს. დრო არ ითმენს, ამბობენ, შეუძლებელია გამოჯანმრთელება ამ პირობებშიო. აქედან გამომდინარე, ვისაც ადარდებს და ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში აბსოლუტურ უმრავლესობაშია, ადარდებს ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს მომავალი, მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

რაც შეეხება მის ვიზავი ლევან ხაბეიშვილს, ის იმედოვნებს, რომ სასამართლო პოლიტიკისგან დაცლილ გადწყვეტილებას მიიღებს.

„პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირის თავისუფალ სამყაროში არ ელოდებიან. ელოდებიან ხალხს, ვინც ცივილურად იქცევა და მის პრეზიდენტს ციხეში არ კლავს. შესაბამისად, მაინც იმედს დავიტოვებ, რომ იქნება პოლიტიკისგან დაცლილი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ, რასაც არ აკეთებს-ხოლმე, მაგრამ იქნებ სადმე შეინარჩუნონ ღირსება და მისცენ პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ეს არ არის ვიწრო პარტიული საქმე, ეს არის თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი სოლიდარულია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ,“ – განაცხადა  ხაბეიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონაანსთან“ ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგანაც მას სჭირდება დრო იმისთვის, რომ საქმის მასალებს გაეცნოს. საქმეში ბევრი დეტალია და ისეთი მასალა, რასაც მოსამართლე აუცილებლად უნდა გაეცნოს. ასევე დასაკითხი არიან მოწმეები, რათა მოსამართლეს შეექმნას წარმოდგენა, რეალურად რა სჭირს სააკშვილს.

„რასაც ვუსმინე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა. ეს არის არის ასეთი მარტივი და ადვილი საქმე, რომ მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება ერთ დღეში მიიღოს. მას ელემენტარული საქმის მასალის გასაცნობად დრო სჭირდება. მოსამართლეც ადამიანია და მასზეც ზემოქმედების მეთოდები რაღაც გავლენას ახდენს. აქ ალბათ პიროვნული ფაქტორიც იქნება განმსაზღვრელი და ამიტომაც ვამბობ, რომ შესაძლოა მოწმეების მოსმენის, ფაქტობრივი მასალების გაცნობის შედეგად სააკაშვილისთვის სასჯელის შემსუბუქება საჭიროდ ჩათვალოს ან არ ჩათვალოს.

50/50-ზეა შანის იმის, რომ მოსმართლემ ან ერთი ან მეორე გადაწყვეტილება მიიღოს. აქ ბევრი ასევე დასავლეთის ფაქტორზეც იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ ქვეყნის შიგნით იმდენად არ ექნება ხელისუფლებაზე გავლენა რამეს, როგოც დასავლეთიდან წამოსულ განცხადებებს. მართალია ამ ეტაპზე მოზომილი განცხადებები გაკეთდა, თუ ცალკეული ევროპარლამენტარების განცახდებებს არ ჩავთვლით, უბრალოდ მოწოდებებია, რომ სახელმწიფომ პატიმარ სააკაშვილის  ჯამრთელობაზე უნდ იზრუნოს. ამის იქით ისინი არ მიდიან. ხელისუფელბას პირდაპირ მის გაშვებისკენ არ მოუწოდებენ. ამიტომ ვნახოთ, ბევრი რამ კიდევ წინ არის“, – ამბობს ანჯაფარიძე.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share