“დემორალიზაცია დე – მორალიზაციის გზით!”, ანუ ვინ არის კიკუ?! – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

ხანგრძლივი დუმილისა და შოთა არველაძის 26 000-ლაიქიანი ფეისბუკ პოსტის შემდეგ, ოცნების ხელისუფლების პირველ პირებს მაინც მოუწიათ ბახმუტში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებისთვის სამძიმრის გამოცხადება. თუმცა, განცხადებებს ისიც დაამატეს, რომ ეს “საწყალი ბიჭები”, შეცდომაში ომისა და გამყიდველების პარტიამ შეიყვანა, რომლის წარმომადგენლებიც დღესაც სოფელ-სოფელ დადიან იმისთვის, რომ კიდევ ვინმე წაიყვანონ უკრაინაში საომრად. ამას ისიც მოყვა, რომ უკრაინაში მებრძოლებს ჯერ დაქირავებულები და ფულზე გაყიდულები უწოდეს, შემდეგ ღირსებააყრილ კიკუს შეადარეს, ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევითაც დაემუქრნენ.

ვინ არის საწყალი, შეცდომაში შეყვანილი, ომში ვითომდა ძალით წაყვანილი, თუ ფულზე გაყიდული ამაზე ღარიბაშვილს საკადრისი პასუხი უკვე გასცეს უკრაინაში მეომარმა ქართველებმა. რაც შეეხება იმას, თუ კიკუს როლი ვის უფრო შეესაბამება, ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით მე თვითონ მოგახსენებთ. მანამდე კი მნიშვნელოვანია პასუხი გავცეთ კითხვას: “რატომ ცდილობს ივანიშვილის ხელისუფლება უკრაინაში ქართველი გმირების დაღვრილი სისხლისა და გაღებული სიცოცხლის დაკნინებას, მათ კრიმინალებად თუ დაქირავებულ მკვლელებად წარმოჩენას, ანდა პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი განცხადებებით მათ გამოწვევას?” თითქოს მათივე ინტერესებში არ უნდა იყოს რომ მინიმუმ ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნონ ხალხთან, რომლებიც სახეს უნარჩუნებენ ქვეყანას უკრაინაში ბრძოლით?

ამ რთულ კითხვაზე 3 პასუხი მაქვს: 1. დიდი ალბათობით, ეს არის კრემლის ინსტრუქტაჟის შედეგი, რომლის მიზანია, რომ უკრაინაში წამსვლელ მებრძოლთა რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდეს. ქართველები სერიოზულ პრობლემებს ქმნიან, გამოირჩევიან მოტივაციით და საბრძოლო გამოცდილებით; 2. ქართული ოცნების შიდა პოლიტიკური აუცილებლობაა – შექმნას იდეოლოგიური, პროპაგანდისტული და სამართლებრივი წინაპირობა, რომ ამ ხალხის უკან, სამშობლოში დაბრუნება მაქსიმალურად შეფერხდეს. და როდესაც სანგარში ხარ, თავზე რუსული ბომბები გაცვივა, გვერდზე მეგობარი გიკვდება და ამასობაში შენი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი კიკუს გადარებს, ძნელია თავი შეიკავო და მწვავე, მეტიც – აგრესიული განცხადებით არ უპასუხო.   ანუ მმართველი პარტიის სპიკერების ამოცანაა მათი პროვოცირება, მუქარის გამოტყუება და მათ მიმართ ოცნების შემდგომი რეპრესიული ნაბიჯების ფორმალური ლეგიტიმაცია. ამ ყველაფრის უკან კი დგას ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების დაკარგვის პანიკური შიში. და ეს არის შიში არა მხოლოდ პუტინისა და კრემლის, არამედ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკრაინაში სწორედაც რომ პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან და გამარჯვების შემდეგ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ქართულ პოლიტიკაში უბრალოდ მათი არსებობით, მათი გმირობით და მათი პატრიოტიზმის სტანდარტით… ასევე სახეზეა ლუსტრაციის შიშიც, ანუ ის, რომ ხალხი უკვე თვალნათლივ ხედავს კონტრასტს, უკრაინაში ბოროტებასთან მებრძოლ მართლა გმირებსა და ოცნების ღირსება-წართმეულ, ფსევდო-პატრიოტ ლიდერებს შორის, რომლებიც იმასაც კი ვერ ბედავენ, რომ რუსეთს მტერი უწოდონ და უკრაინას მხარდაჭერა “მაგრამების” გარეშე გამოუცხადონ. ვინ არის დღეს კიკუს მდგომარეობაში, ქართველი ვაჟკაცები და ქალები, რომლებიც თავისუფლებისთვის და სამშობლოსთვის თავს სწირავენ, თუ ქართული ოცნების ლიდერები, რომელთა სინდისიც, ნამუსიც, ღირსებაც და სიცოცხლეც ერთი ადამიანის კუთვნილებაა?!

დასაფიქრებელი ისაა, რომ იმ პოლიტიკურ პარტიაში, რომელიც დღეს საქართველოს მართავს, ერთი ადამიანიც კი ვერ მოიძებნა, რომელიც საკუთარი თანამოძმეების გვერდით, უკრაინაში იარაღით იბრძოლებდა. კარგი, ბრძოლას თავი დავანებოთ, უბრალოდ მოხალისეთა ჯგუფიც კი არ არსებობს ქართულ ოცნებაში, რომელიც ჩავიდა და რაიმე ფორმით დაეხმარა ომით დაზარალებულ უკრაინელებს. უკრაინაში ვერ მიდიხარ, ვერ მიდიხარ, მაგრამ თბილისში მაინც ხომ შეიძლება ერთი ჰუმანიტარული ინიციატივა გქონდეს?… როდესაც შენი დამფუძნებელი ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელიც ამაზონის ტყეების გადასარჩენად თუ კენიური ბაობაბების საკუთარ ეზოში გადმოსატანად მილიონებს ხარჯავს, კითხვა ხომ უნდა გაჩნდეს, ერთი ლარი მაინც თუ აქვს გადარიცხული უკრაინელების დასახმარებლად, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეები უკანასკნელ თეთრებს აკოწიწებენ ამისთვის?

და მე-3-ე მიზეზი: გიფიქრიათ, როდის არის მზად ადამიანი რომ ყველაზე ძვირფასი, ანუ საკუთარი სიცოცხლე, გაიღოს თავისუფლებისთვის ან სამშობლოსთვის? საქართველოს ისტორია სავსეა ასეთი ხალხით, ჩვენ მათ გმირებს ვუწოდებთ და სწორედ მათი დამსახურებაა საქართველოს, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა და დღემდე მოღწევა. ამ კატეგორიის ხალხი იბრძვის დღეს უკრაინაში და რა გასაკვირია, რომ ისინი უკიდურესად საშიშები არიან ივანიშვილისთვის, რომელსაც საქართველო არა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, არამედ საკუთარ ეზოდ წარმოუდგენია. ამიტომაც ცდილობს მილიარდერი მოახდინოს ერის და მისი მებრძოლი სულის გატეხვა, დემორალიზაცია – დე-მორალიზაციით, ანუ ჩამოანგრიოს ყველა ფუძემდებლური, მრავალი თაობის შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბებული ღირებულებების სისტემა, ანუ მორალი, რაც თავის მხრივ ეროვნული ცნობიერების ფუნდამენტის ჩამოშლას, ერთმანეთისგან და საერთო კულტურისგან გაუცხოებას და მიკუთვნებულობის განცდის დაკარგვამდე მიგვიყვანს. საბოლოო მიზანი ისაა, რომ უფრო მარტივი გახდეს საზოგადოების – არა როგორც ერთობის, არამედ მისი დანაწევრებული ჯგუფების, ივანიშვილისეული, თვითგადარჩენის ინსტინქტით მანიპულირება.

სწორედ ამ დე-მორალიზაციის ნაწილია გმირების დისკრედიტაციაც, ქართველი მებრძოლების ღვაწლისა და თავგანწირვის გაბაიბურება და მათი ბანდიტებად გამოცხადება. რადგან ეს ადამიანები ვერასდროს ჩაჯდებიან იმ საბჭოთა საზოგადოების ყალიბში, რომელიც ჭაბუასეულ “საძოვარზე მიშვებულ ნახირს ჰგავს” და რომლის ხელახლა გამოზრდა-გამოყვანასაც გამალებით ცდილობს მილიარდერი. ქართველი გმირები ვერასდროს გახდებიან იმ ჯოგის ნაწილი, რომლისთვისაც ღირსება, სოლიდარობა და სამშობლოს სიყვარული კი არ იქნება მთავარი, არამედ ეფემერული მშვიდობა და სამათხოვროდ გადმოგდებული ლუკმა, რისთვისაც ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენილ მილიარდერს განუსაზღვრელი ოდენობის მადლობასაც გადაუხდის

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share