საქართველოდან თხილის ექსპორტი ისევ მცირდება

საქართველოდან თხილის ექსპორტი დაახლოებით 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მერაბ ჭითანავამ განაცხადა. ამას გარდა, ჯამში 30%-ით შემცირდა მოსავალი, საექსპორტო ფასებმა კი 20%-ით იკლო.

„შარშანდელთან შედარებით მოსავალმა 30%-ით იკლო. უამინდობის გამო დაბალი იყო ხარისხიც, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი ექსპორტის შემცირებისა. მთავარი ფაქტორი – ევროპულ ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი კლებაა. გასულ წელთან შედარებით, ქართული თხილის საექსპორტო ფასი 20%-ით შემცირდა“, – განაცხადა მერაბ ჭითანავამ.

მიუხედავად ამისა, ცნობილი ბრენდები თავის პროდუქციებში ქართულ თხილს კვლავაც იყენებენ. „წელს Ferrero-მ შარშანდელზე მეტი თხილი შეიძინა, დაახლოებით 3 000 ტონა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს მაღალი ხარისხის თხილიც და მისი რაოდენობა იზრდება. სექტორისთვის კი ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა მან.

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში თხილის ექსპორტი 90 მილიონი დოლარით იყო შეფასებული, მაშინ, როცა წლევანდელი ანალოგიური პერიოდი 75,3 მილიონ დოლარს შეადგენს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share