მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, მეორე ფრონტის გახსნის სურვილში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ისინი სვამენ ისეთ შეკითხვებს, რომლებზედაც სურთ მიიღონ მწვავე პასუხი და ეს პასუხები, მეორე ფრონტის გახსნისკენ გადადგმული ნაბიჯები აღმოჩნდეს.
კობახიძის განმარტებით, არ არის სწორი მიდგომა ხისტი და აგრესიული პოლიტიკა, რადგანაც ამის მაგალითი საქართველოს სახეზე აქვს და ეს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ია.
„მე შეგახსენებთ, რომ თქვენი ბელადი პუტინს „ლილიპუტინს“ ეძახდა და მას ტერიტორიების 20% ჩააბარა. რა სჯობდა, ცოტა სხვანაირი რიტორიკა გამოეყენებინა და არ ჩაებარებინა 20%, თუ პირიქით? ამიტომ მე თქვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ნუ იქნებით იმის წამქეზებლები, რომლის მიზანიც არის საქართველოში მეორე ფრონტი. თქვენი ერთადერთი მზიანი არის საქართველოში რაღაცების ესკალაცია და მეორე ფრონტის გამოწვევა. ეს არის თქვენი ერთადერთი მიზანი და ეს კითხვებიც აქედან გამომდინარეობს. თქვენი მიზანი არის მიიღოთ ისეთი პასუხი, რომელიც წაახალისებს ესკალაციას და ერთ პატარა ნაბიჯს გადაგვადგმევინებს მეორე ფრონტისკენ. ეს არის თქვენი მიზანი. თქვენ ხართ ომის პარტიის წარმომადგენელი ტელევიზია და ერთადერთი მიზანი გაქვთ, რომ რაღაცნაირად მეორე ფრონტამდე მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა კობახიძემ.