“გურიაში გლეხებს ათობით, ასობით ტონა მანდარინი ულპებათ სახლებში. სრული უიმედობაა დასადგურებული ხალხში. რას უნდა აკეთებდეს ამ დროს საქართველოს მთავრობა? უახლოეს სამეზობლოში – უკრაინაში, ბელარუსში, ბალტიის ქვეყნებში, სომხეთში, ირანში, ყაზახსტანში, თურქმენისტანში – თავისი სავაჭრო წარმომადგენლებისა და დაინტერესებული კერძო კომპანიების მეშვეობით უნდა ეძებდეს იმპორტიორებს, ქმნიდეს საექსპორტო ლოგისტიკურ ჯაჭვს, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, ნაწილობრივ, ხსნიდეს შეზღუდვებს, მოკლედ – ყოველნაირად იცავდეს საკუთარ მწარმოებელს გაკოტრებისაგან. და რას აკეთებს დღეს საქართველოს მთავრობა? წარმატებულად წარმართავს “მცირე მიწისა” და “აღორძინების”, უი,შემეშალა,ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის ქება-დიდების კამპანიას. P.S. ვისაც ჩემი პოსტის პირველი აბზაცის სიმართლეში ეჭვი გეპარებათ,შემიძლია ახლავე მოგცეთ ორი ფერმერის კოორდინატები,რომლებსაც 150 ტონა მანდარინი ულპებათ სახლებში” –წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე კახა მგელაძე.
“გურიაში გლეხებს ათობით ტონა მანდარინი ულპებათ სახლებში”
ის ასევე “გურიის მოამბესთან” საუბრისას განმარტავს, რომ გურიაში ციტრუსის რეალიზაციის პრობლემა წელს განსაკუთრებულად პრობლემურია, ადგილზე გლეხებისთვის არც ციტრუსის მიმღები პუნქტები ფუნქციონირებს და არც რეალიზატორები არიან: “ციტრუსის მიმღები პუნქტი მხოლოდ ქობულეთშია და ეს საკმარისი არ არის. ფაქტობრივად ეზარალა წელს მოსახლეობას მოსავალი. ერთი კილოგრამი მანდარინი 10 თეთრი ღირს და ამ ფასადაც ვერ ახერხებენ ჩაბარებას. სახლში აქვთ დასაწყობებული გლეხებს ტონობით მანდარინი, ვერ უკეთებენ რეალიზაციას, ულპებათ და ყრიან.”-გვითხრა კახა მგელაძემ.