“ქართული ოცნება” არის ერთი კოლმეურნეობა, რომელსაც ჰყავს ერთი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ხოლო ყველა დანარჩენი, შავი მუშაა”

“ქართული ოცნება” არის ერთი კოლმეურნეობა, რომელსაც ჰყავს ერთი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ხოლო დანარჩენი ყველა შავი მუშაა. ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს ასეთ საკითხებზე, რომელსაც დღემდე არ სჯერა, რომ სააკაშვილი ცუდად არის, მიაჩნია, რომ ის არის აფერისტი და სიმულანტი და რომ მოკვდეს, მერეც იტყვის, სიკვდილიც მისი გეგმის ნაწილიაო. მისი აპოლოგეტები გამოდიან და „ძაღლი მიაკვდა სულშიო“, რეებს ლაპარაკობენ არ გესმით?“, – ამ განცხადებით გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ გადაედო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა, ტექნიკური მიზეზით.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გია ხუხაშვილი “კვირის პალიტრას” უფრო ვრცლად ესაუბრება:

“უცნაური ამბები ხდება, მოსამართლე დაბნეულია, სუფლიორი გაუფუჭდა და ვერ მიხვდა, რა უნდა ექნა, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ამიტომ, ადგა და 22 დეკემბრამდე გადადო პროცესი. წარმოუდგენელი სისულელე გააკეთეს სააკაშვილის კადრების გასაჯაროებით. გადაწყვეტილი იყო მისი გამოჩენა. უკმაყოფილება რომ გადაეფარათ, ეს კადრები უნდა დაედოთ, მაგრამ ეტყობა, ვიღაც ჭკვიანმა ღამე იფიქრა, რომ ეს იყო შეცდომა, რადგან თუნდაც ამ კადრების ფონზე, როცა დაინახავ, რომ 1.95 მეტრი სიმაღლის ადამიანი არის 67 კილო, ეს აღარაფერი იქნებოდა. ამიტომ, წავიდნენ მაქსიმალურად სადისტურ სცენარზე, როდესაც მისი რეალური მდგომარეობა არ გვაჩვენეს „ონლაინში“ და კადრები გაავრცელეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამოცანა სტერილური დისკრედიტაციაა. არა უბრალოდ გადაფარვა, არამედ სტერილური დისკრედიტაცია გადაწყვიტეს ისე, რომ ადამიანი არ გამოაჩინეს.

კაცის მკვლელსაც კი აქვს საპასუხო სიტყვის უფლება და ზუსტად ეს იგეგმებოდა, რომ გამოჩენილიყო, მაგრამ რატომ ვერ წავიდნენ მის გამოჩენაზე? იმიტომ, რომ მიხვდნენ, მისი გამოჩენის შემდეგ ამ კადრების გავრცელებას აზრი აღარ ექნებოდა. რასაც ეგენი აკეთებენ, ეს უკვე სადიზმია. ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფოს ქმედებები. ლეპტოპს 15 წუთში მიურბენინებდა ნებისმიერი, მაგრამ შეეშინდათ.

ისე მოხდა, რომ სააკაშვილის ყოფნა-არყოფნის საკითხი, პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხთან. ევროპარლამენტარებმა მინიშნებების გარეშე, პირდაპირ გვითხრეს, რომ თუ სააკაშვილს სამკურნალოდ არ გავუშვებთ, ქვეყანამ უნდა დაივიწყოს კანდიდატის სტატუსი.

„ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ბევრი განცხადება მოვისმინეთ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო იყო კახი კალაძის განცხადება. მან ასეთი რამ თქვა „თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ.

ის სცენარი, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, თითქოს მოსალოდნელი იყო, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა ყოველგვარი ზღვარი გადალახა. ფაქტობრივად, ამბობენ, რომ ევროკავშირი არ გვჭირდებაო. მართალია, ამ ყველაფერს სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ და აცხადებენ, რომ თურმე, ევროპა თავად აღარ ყოფილა ევროპაში და თურმე, ნამდვილი, ძირძველი ევროპელები კობახიძე, პაპუაშვილი და მათიკაშვილი არიან. სრული მარაზმია უკვე. ამათი ქცევის შედეგები, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნება.

ისევ მტრის ხატის შექმნის იმედზე არიან. რა არის მათი გათვლა? ძალიან მარტივად ალაგებენ ყველაფერს – იციან, რომ საზოგადოებაში პროტესტი არის, მაგრამ მხოლოდ სამზარეულოში. პროტესტი რომ გარეთ გამოვიდეს, რაიმე სერიოზული რომ მოხდეს, ამისთვის ლიდერია საჭირო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ოპოზიცია დისკრედიტირებულია და ხალხი მას არ მიყვება, თავს მშვიდად ბრძნობენ. „გაითიშე და იბატონეს“ პრინციპით იმოქმედეს და სასურველი შედეგიც მიიღეს. ეს არის ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და ხალხის ნება-სურვილს აღარაფრად დაგიდევს. უკვე თავსაც აღარ იწუხებენ დაამტკიცონ, რომ კარგები არიან, ევროპელები არიან… პირდაპირ გვეუბნებიან, – ჩვენ გვაქვს ძალაუფლება, ვართ აქაურობის ბატონ-პატრონები და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთჩემი ალტერნატივა არის ჩემზე უარესი.

სამწუხაროდ, ხალხი მართლა ვერ ხედავს ალტერნატივას ოპოზიციაში. ამიტომ არის ცუდად, გაბრაზებულია ხელისუფლებაზე, მაგრამ ზის სახლში.

მას შემდეგ, რაც უკრაინა ომს მოიგებს, „ქართული ოცნების“ ადგილი მსოფლიო რუკაზე აღარ დარჩება. დასავლეთი ჯერ კიდევ ერიდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, არ უნდათ, საქართველო კიდევ უფრო მეტად მოექცეს რუსული გავლენის ქვეშ. ომი რომ დამთავრდება, უკვე გასაგებია, რაც მოხდება.

„ქართული ოცნება“ ემტერება ყველას, ვინც პოტენციურად, თეორიულად უქმნის საფრთხეს მათ ძალაუფლებას.

წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს მამუკა მამულაშვილი აქ რომ დაბრუნდება. მამულაშვილი და ყველა ქართველი მეომარი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება და რუსეთი იქ უნდა დაამარცხონ, რათა საქართველოს შეჭმის მადა დაეკარგოს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილონი არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკით. ბუნებრივია, რომ ეშინიათ.

დღეს ძალაუფლებას მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებენ, რომ გმირები აღარ გვყავს. როგორც კი ჩვენს საზოგადოებაში გმირები გაჩნდებიან, მათი ძალაუფლება მაშინვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share