თქვენ ფიქრობთ, რომ იმ 400 ადამიანს წაკითხული აქვს ეს რეზოლუცია? – რა თქმა უნდა, არა – ლობისტური ზემოქმედების მავნე გავლენა ვიხილეთ ევროპარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე.
მისი თქმით, იმით, რომ ანგარიშს, მასში შეტანილი შესწორებების გამო, მხარი არ დაუჭირა თავად დოკუმენტის ავტორმა სვენ მიქსერმა, ამით ყველაფერია ნათქვამი.
„მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ანგარიშის ავტორის შეფასებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ამ ანგარიშს, მგონი ამით ყველაფერი არის ნათქვამი. როცა ადამიანი თვეების განმავლობაში მუშაობდა საქართველოსთან დაკავშირებით ამ ანგარიშზე და როცა მას საბოლოოდ მხარს არ უჭერს იმის გამო, რომ თავს დაესხნენ ამ ანგარიშს, დაჩეხეს, ჩადეს სხვადასხვა საკითხები, სხვა გამოსავალი აღარ დარჩა ავტორს და მის ჯგუფს, გარდა იმისა, მხარი არ დაეჭირა და ამით დემარში გამოეცხადებინა ამ ანგარიშისთვის. ამით ყველაფერი ნათქვამია ამ ანგარიშზე და შესაბამისად, ჩვენგანაც მას კომენტარი აღარ სჭირდება. ზაფხულში ჩვენ რასაც ვსაუბრობდით, წინა რეზოლუცია როცა იყო და მკაცრი პოზიცია გვქონდა, ეს დადასტურდა, თავად ავტორმა დაადასტურა. მთავარი საკითხია აქ, ვინ არიან მთავარი აქტორები: არის ავტორი ანგარიშის და არის რამდენიმე პარლამენტარი ევროპარლამენტში, რომელიც სააკაშვილის მეგობრების ჯგუფის წევრია და ვიცით ისინი ყველამ სახეებით და სახელებით. იქ მერე პარლამენტი ჯგუფების მიხედვით როგორ აძლევს ხმას რეზოლუციას… თქვენ ფიქრობთ, რომ იმ 400 ადამიანს წაკითხული აქვს ეს რეზოლუცია? – რა თქმა უნდა, არა. ეს არის ტენდენციები, რომელსაც ჯგუფები მერე აძლევენ ხმას და ამით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. მთავარია, რომ ავტორმაც კი პროტესტი გამოუცხადა ამ ანგარიშს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა თავის თანაგუნდელებს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარეს, რომ დოკუმენტის უკან დგას კორუფცია და ოლიგარქიული გავლენები ევროპარლამენტში, პაპუაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტის შესწორებების უკან ლობიზმი დგას და საზოგადოებამ იხილა ლობიზმის მავნე გავლენა ევროპარლამენტზე.
„ყოველგვარი ზედმეტი ანალიზის გარეშეც კი, ხელის გულზე დევს, რომ ამ შესწორებების უკან დგას ლობიზმი. ამაზე ყველა ვთანხმდებით. ჩვენი თვალით ვიხილეთ რა არის პროცესი ლობისტური ზემოქმედების მავნე გავლენა ევროპარლამენტში. ადამიანი შინაარსობრივად მუშაობს ანგარიშზე, ჩამოსული იყო აქ რამდენჯერმე, ხვდებოდა სხვადასხვა პარტიას, მოამზადა ანგარიში და რამდენიმე ადამიანი, მიხეილ სააკაშვილის ლობისტები თავს დაესხნენ ამ ანგარიშს, დაჩეხეს იმ დონეზე, რომ ადამიანს მოუწია ხმა არ მიეცა ამისთვის. ასე რომ, აქ საჭირო არ არის არანაირი ანალიზი, ხელის გულზე დევს, რომ ეს არის კლასიკური მაგალითი ლობისტური საქმიანობის მავნე გავლენისა პოლიტიკაზე. როცა საუბარია საქართველოსთან დაკავშირებით, თითქოს ჭარბი გავლენებია, აი მანდ დავინახეთ რა არის ლობიზმის ჭარბი გავლენა ევროპულ პოლიტიკაზე,”- განაცხადა პაპუაშვილმა.