29 წლის ირაკლი მილაძე პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში, არაადამიანურ მოპყრობასა და დამცირებაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლოვოში კურიერად მუშაობს, ამბობს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თბილისის მერ კახა კალაძეს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეაგინა.
კურიერი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თბილისში არსებულ სატრანსპორტო პოლიტიკასა და მაღალჩინოსნების მიერ გზებზე პრივილეგიებით სარგებლობას აპროტესტებდა. ვიდეოში, რომელიც 5 დეკემბერს გამოქვეყნდა, მილაძე პოლიციასაც აგინებს კურიერებისთვის დაწერილი “უსამართლო ჯარიმების” გამო. მილაძე ამბობს, რომ პოლიციელებმა ძალადობის და დამამცირებელი მოპყრობის დროს, მიზეზად სწორედ მათი მისამართით გაჟღერებული კრიტიკა და შეურაცხყოფა დაუსახელეს.
ირაკლი მილაძე შაბათის ფორმულასთან საუბარში ჰყვება, რომ ვიდეოს გამოქვეყნებიდან 1 კვირაში, 12 დეკემბერს, პოლიციელებმა ის მარშალ გელოვანის გამზირზე დააკავეს. ამის შემდეგ კაცი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც მისი თქმით, საკანში დააბეს, გააშიშვლეს და სცემეს. კურიერი ამბობს, რომ პოლიციელები მას ვიდეოზე იღებდნენ, რომელიც შემდგომში “ვიღაცას გადაუგზავნეს”. გლოვოს კურიერმა წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათი გაატარა.
ახალგაზრდა კაცი შაბათის ფორმულას უყვება, რომ იმ 2 ღამეში, რაც წინასწარი დაკავების საკანში გაატარა, გაიცნო 10-მდე მოქალაქე – ყველა მათგანი, მილაძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის გინებისთვის იყო დაკავებული.
მილაძის თქმით, პირველი ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და პრევენციის მიზნით ახალი მიმართვა გაავრცელა. ის ამბობს, რომ პოლიცია ქმედებებზე ამ ვიდეოს შემდეგ გადავიდა. გლოვოს კურიერი ჰყვება, რომ ის დიღმის ტრასაზე მდებარე აგროჰაბის ტერიტორიიდან გაიტაცეს, ჯერ მანქანაში სცემეს და ვიდეო გადაუღეს, მოგვიანებით კი, დიღმის პოლიციის სამმართველოში გააშიშვლეს და ეს ფაქტი ვიდეო ფირზე აღბეჭდეს.
ირაკლი მილაძე ამბობს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ყურადღების ცენტრში პირველად არ მოექცა. კერძოდ, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციებში იგი ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო, რის გამოც მაშინ “ე.წ. სუს-ის კრებსებში მოხვდა, როგორც გასანეიტრალებელი პიროვნება”.
გლოვოს კურიერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს და პოლიციას მოსამართლემ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა, რადგან ბრალდების საქმეში არ იძებნებოდა ფაქტები რომ ირაკლი მილაძემ შსს-ს წარმომადგენლებს წინააღმდეგობა ნამდვილად გაუწია. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 25 დეკემბერს გაგრძელდება.
მას შემდეგ რაც შაბათის ფორმულამ საკითხზე სიუჟეტი მოამზადა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.