ბოლო პერიოდის განმავლობაში რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ყველაფერზე პასუხს გასცემს ექსპერტიზა – ბათუმის მერი რესტორან “ვოქსში” გაჩენილ ხანძარზე

რა გახდა ბათუმში, რესტორან “ვოქსში” ხანძრის გამომწვევი მიზეზი და არსებობდა თუ არა რესტორნის პერიმეტრზე  კანონით გათვალისწინებული სახანძრო სისტემა? – ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. რესტორნის მეპატრონე მედიასთან არ გამოჩენილა.

ადგილზე გვიანობამდე იმყოფებოდა ბათუმის მერი. არჩილ ჩიქოვანი ადასტურებს, რომ 24-ე და 25-ე სართულზე მდებარე რესტორანი გახსნილი არ იყო და იქ რემონტი მიმდინარეობდა.

“ხანძრის გაჩენის პირველივე წუთებიდან ყველა სამსახური მობილიზებული იქნა დროულად, მათ შორის სამაშველო სამსახური, პოლიციის უწყებები, მუნიციპალური სამსახურები. დროულად მოხდა ჩვენი თანამოქალაქეების, ადგილზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია. დაწყებულია გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

ბოლო პერიოდის განმავლობაში აღნიშნული რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ყველაფერზე პასუხს გასცემს შესაბამისი ექსპერტიზა,” – განაცხადა ბათუმის მერმა.

ხანძარი აღმაშენებლისა და კედიას ქუჩების კვეთაზე მდებარე რესტორანში შუაღამისას გაჩნდა. მოსახლეობის ნაწილი ქალაქის მერიამ სასტუმროში გადაიყვანა, ნაწილმა კი თავი ნათესავებს შეაფარა. მოხდა ევაკუაცია “ვოქსის” მეზობელი კორპუსებიდანაც, თუმცა, სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგ ხალხი შინ დაბრუნდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share