ზუსტად სამი წლის წინ ოთხმა ლაჩარმა თავდაყირა დააყენა ჩვენი დალაგებული და დალხენილი ცხოვრება. ზუსტად სამი წლის წინ სამუდამოდ მოგვესპო სიცოცხლით, სიყვარულითა და სიმშვიდით ტკბობის ყველანაირი შესაძლებლობა… – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბარური სოციალურ ქსელში წერს და 2019 წელს მომხდარი დანაშაულის დეტალებს იხსენებს.
Ds: მრავლობითი ტრავმა დაუზუსტებელი. გულმკერდის ნაწილის ღია ჭრილობა. გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. გულმკერდის ღრუს ორგანოების ტრავმა. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა ფილტვის გამჭოლი დაზიანებით. ფილტვის სხვა ტრავმები, გუმლკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა. ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი და ღია პნევმოთორაქსი. მხრის სარტყლის და სხვა დაუზუსტებელი ნაწილების ღია ჭრილობა, ლავიწ-აკრომიონის შესახსრების ადგილას ნაჩხვლეტი ჭრილობა. თავის მრავლობითი ღია ჭრილობები. თავის მრავლობითი ტრავმები. ქალასარქვლის მოტეხილობა, მარცხნივ შუბლის თხემის ძვლების მრავალფრაგმენტული, იმპრესიული მოტეხილობა. ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, მარცხენა ჰემისფეროს სუბდურული ჰემატომა მთელ სივრცეზე. მარჯვენა ჰემისფეროს და ჰემისფეროთაშორისი სივრცის სუბდურული ჰემორაგია. თავის ქალას გაჭყლეტა.
ესაა დაზიანებების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც მომაკვდავი ცოტნე, ზუსტად სამი წლის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. დაზიანებები, მიყენებული სხვადასხვა ზომის დანებითა და ბასრი იარაღებით, ალუმინის ყავარჯნებით, ასფალტის ბელტითა და ჩვენთვის უცნობი მძიმე, ბლაგვი საგნებით. დაზიანებები, რომელთაც სასიცოცხლო მაჩვენებლები თითქმის შეუთავსებელი გახადა სასწაულებრივად გადარჩენილი სიცოცხლისთვის…
მანამდე, ერთი საათით ადრე, საშინაო ტანისამოსში გამოწყობილ, სახლიდან არხეინად გასულ ცოტნეს ჭიშკართან ოთხი ნაძირალა უსაფრდება, ქურდულად ესხმის თავს და სასიკვდილოდ იმეტებს.
მიუხედავად საზოგადოების მხრიდან თავდასხმის მიზეზების მიმართ დღემდე გაუნელებელი ინტერესისა, ჩემი მხრიდან, ზუსტი ინფორმაციის ფლობის გარეშე, ჰიპოტეტურ გარემოებებზე მსჯელობა სპეკულაციად მიმაჩნია.
ამიტომ, ერთ, ჩემთვის კარგად ცნობილ და უტყუარ მიზეზს დავასახელებ მხოლოდ – ეს ოთხივე თავდამსხმელის ლაჩრობა და არაკაცობაა. (აბა, გაებედა რომელიმეს ცოტნესთან მარტოს შერკინება!).
არცერთს, არცერთს არ აღმოაჩნდა ღირსების ნატამალი, წინ აღდგომოდა, არ ეკადრა ყოვლად სამარცხვინო, მხეცური, მუხთალი და ჯგუფური თავდასხმა ერთ შეუიარაღებელ კაცზე. არცერთს არ აღმოაჩნდა იოტისოდენა ადამიანობა, მხეცურად არ გასწორებოდნენ ადამიანს, რომელსაც ფაქტობრივად, გადარჩენის შანსი არ ჰქონდა…
ერთ-ერთ ჩანჩურას თავიც კი მოუწონებია – ცოტნე გამსახურდია ავჩეხეო. რა ქნას საბრალომ, იცის, ამაზე ,,ღირშესანიშნავი’’არც არაფერი მოხდება ოდესმე მის ცხოვრებაში, რომლის რეალური არსის მაქსიმუმს ევროპის სავაჭრო ობიქტებიდან ჭინჭების ქურდბაცაცობა, შედეგად პატიმრობა და გამოძევება, უკან შეპარვისთვის საკუთარ გვარზე უარის თქმა და ცოლის გვარს ამოფარება წარმოადგენს. ანალოგიური ისტორია მეორე არაკაცის ,,საამაყო’’ ბიოგრაფიაშიც იძებნება – ევროპაში ქუდბაცაცობისთვის დაპატიმრება, გამოძევება და უკან შეპარვის მიზნით საკუთარ გვარზე უარის თქმა. მესამე მშიშარა არაკაცი ცოტნეს მეზობელია, რომელმაც საკუთარი გარდაცვლილი ძმის გამოყენებაც კი არ ითაკილა ბინძური ჩანაფიქრის ასასრულებლად და მის დაბადების დღეზე მიიტყუა ცოტნე. სწორედ იქ დაახვედრა (და მოგვიანებით სახლის ჭიშკართანაც) დანარჩენი სამი არაკაციც.
საქმე იმაშია, რომ წლების წინ, თანაბარ პირობებში ცოტნესთან მომხდარი დაპირისპირებისას ცოტნეს დიდი უპირატესობის გამო, გულში ბოღმა და შურისძიება ჩაიდო და არნახული ლაჩრული ანგარიშსწორება მოუწყო წლების შემდეგ…
ალბათ, ყველას გვინახავს კადრები, რომელშიც მსხვერპლის დედები საკუთარ შვილთა მკვლელებს გულში იკრავენ, პატიობენ, თავისუფლდებიან და სიცოცხლეს აგრძელებენ.
საკმაოდ მიმტევებლური ბუნებისა და ტოლერანტულობის მიუხედავად,კარგად ვიცი, ვერასოდეს, ვერცერთ მათგანს ვერ ვაპატიებ ვერანაირი გათავისუფლებისა და სულის ცხონების ფასად, რითაც კიდევ უფრო მეტად დავიმძიმებ ჯვარს, რომელსაც სამი წელია ვატარებ. მაგრამ არსებობს დანაშაული, რომლის პატიება შეუძლებელია; რომლისშემთხვევაშიც უადგილოა პირობითობისა თუ ფარდობითობის ცნებათა ხსენებაც კი; რომლის დროსაც მედალს მხოლოდ ერთი მხარე აქვს და დამნაშავეს ერთი ვერდიქტი!
ვერ დაგამძიმებთ იმ ჯოჯოხეთური ტანჯვის დეტალებით, რასაც სიცოცხლისა და იმედის შენარჩუნებისთვის არაერთ ფრონტზე ერთდროული ბრძოლა ჰქვია. ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია გამოცდილების გარეშე, რომლის მიღებას მტერსაც ვერ ვუსურვებ…
ზუსტად სამი წლის წინ ოთხმა ლაჩარმა თავდაყირა დააყენა ჩვენი დალაგებული და დალხენილი ცხოვრება. ზუსტად სამი წლის წინ სამუდამოდ მოგვესპო სიცოცხლით, სიყვარულითა და სიმშვიდით ტკბობის ყველანაირი შესაძლებლობა…
P.S. არადა, თითქოს არც არაფერი უქადდა ცუდს ჩვენს ფერად ცხოვრებას, რომლის პრობლემების სერიოზულობა თითქმის აღარ სცილდებოდა ჩემი სამსახურიდან დროულად დაბრუნების ფარგლებს…