“ძალიან ვწუხვართ….ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან შიმშილობენ….ეს არის მათი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების შედეგი”-არჩილ თალაკვაძე

ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან შიმშილობენ. პირველ რიგში, მათ ჯანმრთელობას ვუსურვებთ. აქვე მიგვაჩნია, რომ ეს არის მათი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების შედეგი და რა თქმა უნდა, ამ შიმშილობას არავითარი გავლენა და არავითარი კავშირიც არ აქვს საქართველოს მთავარ პოლიტიკურ საკითხებთან, მითუმეტეს კი, იმ მნიშვნელოვან თემებთან, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას აინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შიმშილობა რაც შეიძლება მალე დასრულდება. უკეთესი იქნება, თუ ჩვენი კოლეგები დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, საპარლამენტო მუშაობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს.

პარლამენტში მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.

აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share