ოზურგეთში მოსახლეობამ ურეკი ოზურგეთის მაგისტრალი გადაკეტა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდის (გურიანთის თემი) მოსახლეობამ ურეკი ოზურგეთის საავტომობილო მაგისტრალი პროტესტის მიზნით დღეს დილით გადაკეტა.

ადგილობრივები ხელისუფლებისაგან სოფელში წყლისა და გზის პრობლემის მოგვარებას მოითხოვდნენ:

„აგერ ნასაკირალში, ყველაფერი კეთდება, რატომ იცით? იმიტომ რომ იქ „ნაციონალებმა“ გაიმარჯვეს, ჩვენთან კი არაფერი, იმიტომ რომ აქ „ოცნებამ“ გაიმარჯვა“ – ცხარობდა აქციაზე მისული ერთერთი ქალბატონი.

მას სიტყვა აქციის მეორე მონაწილემც დაადევნა: „გუშინ შემოქმედში მივდიოდი და რას ვხედავ, გზაა ისეთი ჩვენ არც დაგვესიზმრება, ჰოდა ამ გზაზე კიდევ მეორე გზას აგებენ თავიდან-მასზე უკეთესს, მაშინ როცა ჩვენ ელემენტარული გზა არ გვაქვს“

აქციის მონაწილეები, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჩაშლას აანონსებენ.

ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ ურეკი ოზურგეთის საავტომობილო მაგისტრალზე მიმოსვლა უმალ აღადგინა.

ხელისუფლების პოზიცია კი ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა გურიანთის თემში, გია ფასიეშვილმა გაახმოვანა:

„მიმდინარეობს წყლის პროექტის განხორციელება, როგორც კი ეს სამუშაოები დასრულდება, მაშინვე დავიწყებთ გზას, აბა ახლა რომ დავიწყოთ, შემდეგ ხელმეორედ ხომ გვექნება თავიდან გასაკეთებელი” გვითხრა „გურიის მოამბეს“ ფასიეშვილმა, რომელიც გაკვირვებას ვერ ფარავდა მოსახლეობის მოთხოვნის გამო:

ბოლქვაძე ციური: ვაპროტესტებთ გზას და წყალს, შეიძლებოდა აქ რაღაცა მაინც გაკეთებულიყო იმდენი ქნეს, რო შლანგი ჩატოვეს და წავიდენენ აბა ზამთარში კია წყალი. ხელისუფლებამ არ იცის, გზები რო იყო გადაკეტილი ან ჩვენმა მერმა არ იცის ეს ამბავი? გვეუბნებიან იქნება, გუშინ შემოქმედში ვიყავი, სადაც ასფალტი იყო კიდევ ახალი ასფალტია გადაგებული და ჩვენ ნარჩენი გზებიც არ გვაქ.

მალაზონია ლია: 42 წელიწადია აქ ვცხოვრობ, ყველა წელიწადს აი არჩევნები, რომ მოდის გვპირდებიან ახლა იქნება გზა ისეთი მდგომარეობაა, დაიკარგება ხალხი რომ შემოვიდეს. ელემენტალურს ვითხოვთ, რა იქნება ეს გზები ყველა სოფელში რო იგება ჩვენთანაც დაიგოს ჩვენც მოგვესწროს ეს გზები რა იქნება, გამოვედით მთელი უბანი მეტს არაფერს ვითხოვთ თუ დაგვეხმარებიან კარგი იქნება.

გია ფასიეშვილი ოზურგეთის მერის წარმომადგენელი გურიანთის ტერიტორიულ ორგანოში: ხელისუფლების პოზიცია არის ის რო, უბრალოდ პროექტი გაკეთდა, წყლის სამუშაოები, რომ დასრულდება მერე გაკეთდება გზა და მე როგორც ვიცი მალე დასრულდება ეგ სამუშაოები და მერე დაიგება გზა. გასაგებია, მოსახლების პროტესტი თუ რათქმაუნდა მოსახლეობაც გაითვალისწინებს ჩვენსას, ჩვენც დავუდგებით გვერდში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share