“მინდა, პირველ რიგში, რეგიონის სიტუაციის აღწერით დავიწყო. ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია. რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი ჩვენთვის, ყველასთვის დიდი გამოწვევაა. ამ ომმა დიდი გამოვლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე ჩვენს რეგიონზე, საქართველოზე და ყველაზე, მთლიანად გლობალურ პოლიტიკაზე. შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დამდგარა. ჩვენ ეს კარგად გააზრებული გვაქვს. ეს ურთულესი გამოწვევაა. ამიტომ, ამ გამოწვევას ძალიან გონივრული მართვა სჭირდება და ჩვენ შესაბამისად ავაწყეთ ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ პირველივე დღეებიდან სწორი პოლიტიკა დავიჭირეთ. სწორი პოლიტიკა გავატარეთ და ამ სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ. მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენი გუნდის წევრების საერთო სულისკვეთებაა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა უნდა იყოს. სწორედ ამ მთავარი მოტივაციით, ამ იდეით ვმოქმედებთ და იმ პოლიტიკას ვატარებთ, რომელიც პირველ რიგში, ჩვენს ხალხსა და ჩვენი ხალხის ინტერესებს სჭირდება.
მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ომით ძალიან შეშფოთებული ვართ. მინდა, ჩემი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ დავუდასტურო. მათ მშვიდობა და ამ ომის სწრაფად დასრულება ვუსურვო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.