ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით – ეს გურული ღვეზელია, რომელსაც ტრადიციულად გურულები საშობაოდ ან ძველით ახალი წლისთვის, კალანდობისთვის აკეთებდნენ. თუმცა ამ ტრადიციამ დიდი ხანია, მთელი საქართველო მოიცვა და გურული ღვეზელი იქცა კერძად, რომლის გარეშეც შობას აღარავინ ხვდება.
ტრადიციულად გურული ღვეზელის ნახევარმთვარის ფორმა ციურ სხეულებსა და მათ სიძლიერესთან იყო დაკავშირებული. კვერცხი კი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ხალხში შემორჩენილია ასეთი ისტორიაც, რომ ოჯახში იმდენი ღვეზელი უნდა გამომცხვარიყო, რამდენი წევრისგანაც ოჯახში შედგებოდა. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ოჯახიდან გათხოვილი ქალის მოსაკითხად მისვლისას აუცილებლად მიჰქონდათ გურული ღვეზელი.
გურული ღვეზელის ტრადიცია უკვე დიდი ხანია გასცდა გურიის ფარგლებს და ის კალანდობისა და შობის მთავარ კერძად იქცა.
„ღვეზელისთვის განსაკუთრებული, გურული ტრადიციით ნაკარნახევი გულსართი მოვამზადეთ, რისთვისაც კვერცხი ჩვენსავე ღუმელში, ძველი წესით შევბოლეთ და ხელურ ჭყინტ ყველსა და სულგუნთან ერთად, გუნდაში მოვათავსეთ,“ – აღნიშნავენ გუნდაში.
„ხაჭაპური საქართველოში მთავარი კერძია. ყველა კუთხეს თავისი სახასიათო ვერსია აქვს. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 47 სახეობის ხაჭაპური არსებობს. თითოეული მათგანი განსხვავებული ენდემური სახეობის ხორბლის ფქვილისა და გულსართისგან მზადდება. გურულ ღვეზელს კი მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. მის გასაკეთებლად საჭიროა უძველესი ქართული სახეობების ხორბალი მახა და დიკა, გურული ჩვილი ყველი და კვერცხი. შეიძლება გაკეთდეს როგორც ქათმის, ისე მწყრის კვერცხით. ჩვენ გურულ ღვეზელს ტრადიციული მეთოდით ვამზადებთ. ერთადერთი რაც შევცვალეთ არის ის, რომ მთლიანი კვერცხის ნაცვლად გულსართში მსხვილად დაჭრილ კვერცხს ვუკეთებთ. გემოს აღქმა ასე უკეთესად ხდება, რადგან კვერცხი ყველთან ერთად თითოეულ ლუკმას მიჰყვება. კერძი ქვის ღუმელში იბოლება ცეცხლზე, როგორც ამას გურიაში აკეთებდნენ,“ – განმარტავს „გუნდას“ თანადამფუძნებელი ლევან ქოქიაშვილი.
„გურულ ღვეზელს გურულები შებოლილი კვერცხით აკეთებდნენ. ჩვენ ეს ტრადიციაც გადმოვიტანეთ. გურიაში კვერცხი შუა ცეცხლზე იბოლებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. „გუნდაში“ შებოლვის ჩვენეულ წესს ვიყენებთ, თუმცა შებოლვა ჩვენთანაც შეშაზე ღუმელში ხდება. ყველისა და კვერცხის მასას ერთმანეთში ვურევთ, რომ გემოს აღქმა უკეთესად მოხდეს. ცომს კი ენდემური ჯიშის ხორბლის ფქვილისგან ვაკეთებთ. ჩვენი ღვეზელი აგრძელებს ტრადიციას, რომელიც საუკუნეების წინ გურიაში დაიწყო. მას უნიკალური საკრალური დატვირთვა აქვს. ღვეზელის მომზადების შემდეგ სპეციალურ შესალოც სიტყვასაც ამბობდნენ ხოლმე. გურულ საშობაო ღვეზელს 14 იანვრამდე შევთავაზებთ მომხმარებლებს, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში ის შეიძლება ჩვენი სტანდარტული მენიუს ნაწილიც გახდეს,“ – აღნიშნავს „გუნდას“ ბრენდშეფი ავთანდილ ცეცხლაძე.
ტრადიციის თანახმად, კალანდობას ნახევარმთვარის ფორმის ღვეზელის სუფრასთან მიტანის შემდეგ სანთელსაც ანთებდნენ.
gemrielia.ge