”უნდა ავაშენოთ პოლიტიკური პროცესი, რომელიც პოზიტიურ შედეგამდე მივა და სააკაშვილი გადარჩება წამებით სიკვდილს”

არ მახსოვს, რომელიმე ელჩს ეთქვას: „ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურება ხდება“- ქვეყნის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა, რომ “ქართველები ასეთი ტიპები არიან, აირჩევენ ადამიანს და მას დევნიან”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

წამყვანმა გიორგი მარგველაშვილს დაუსვა კითხვა ელჩების კონფერენციაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არმონაწილეობის კონტექსტში, რაზეც ექსპრეზიდენტმა უპასუხა, რომ “არ უკვირს”.

წამყვანის რეპლიკაზე, მაშინ, როცა ერთი ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ციხეში აწამებენ და წამლავენ, ხოლო მოქმედი პრეზიდენტი ლოჯისტიკური პრობლემების გამო აუქმებს საახალწლო ღონისძიებებს, რა შთაბეჭდილება შეიძლება შეექმნას სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, მარგველაშვილმა უპასუხა, “რა შთაბეჭდილებაც რჩებათ, სამწუხაროდ, საქართველოზე. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან იოლად იღებენ”.

როგორც მარგველაშვილი განმარტავს, ელჩებმა დიდი ხანია, რაც ჩამოიყალიბეს კომფორტული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

„მე არ მახსოვს აღშფოთება, თუნდაც მაშინ, რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა, რა დაპირისპირებაც იყო, მუდმივი თავდასხმის და მუქარის პროცესი. არ მახსოვს, რომელიმე ელჩს ეთქვას: „ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურება ხდება“. ძალიან იოლად მიიღეს და თქვეს: “ქართველები ასეთები არ ხართ? ერთი პრეზიდენტი მოკალით”… სამწუხაროდ, ამას ძალიან იოლად უყურებდნენ. არ მახსოვს, ამის გამო, ელჩების აღშფოთება. მათ დიდი ხანია, რაც ჩამოიყალიბეს კომფორტული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომ „ეს ხალხია, ეს არის მათი ტრადიცია, რა უნდა ჩავერიო, ასეთი ტრადიციაა“. ასე ექცევიან საკუთარ პრეზიდენტებს. როდესაც გამიუქმეს ყველა კვოტა, რაც სხვა პრეზიდენტებს ჰქონდათ, ან დაცვა, რომელიმე ელჩმა თქვა, რომ მიუღებელია?!- არა! ქვეყნის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა,”ეს ქართველები ასეთი ტიპები არიან, აირჩევენ ადამიანს და მას დევნიან”. არც მგონია, ახლა აღშფოთება გამოხატონ ელჩებმა, ან პარტნიორებმა“, – აღნიშნავს მარგველაშვილი.

მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის “წამება” და “დაკუწვა” არ ახარებს ქართველს, სწორედ ამიტომ, ამ იდეოლოგიაზე უნდა აშენდეს ის პოლიტიკური პროცესი, რაც პოზიტიურ შედეგამდე მივა.

„მე მგონია, რომ ქართულ საზოგადოებაში ვერავინ ამბობს: „მოდი ვაწამოთ“. ის მწამებლებიც, ვინც ამას პოლიტიკურად ზურგს უმაგრებს, ვერ ამბობენ: „მოდი ვაწამოთ“. ეს არის ის, რასაც ხელი უნდა მოვკიდოთ. ეს არის ის პოზიტივი, რაც საზოგადოებაშია. ღიად ადამიანის წამება, დაკუწვა არ ახარებს ქართველს, ამაზე უნდა ავაშენოთ პოლიტიკური პროცესი, რომელიც პოზიტიურ შედეგამდე მივა და სააკაშვილი გადარჩება წამებით სიკვდილს. ამას ვხედავ მთავარ პოლიტიკურ მიზნად. მე მინდა, რომ საქართველოში მესამე პრეზიდენტი წამებით არ მოვკლათ“, – აღნიშნავს მარგველაშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, ძალიან დამღუპველია, როდესაც ქმნი მოლოდინს, რომ დღეს, ხვალ და ზეგ მოაწყობ დიდ მიტინგს და შედეგს მიიღებ. ამასთან, ის განმარტავს, რომ როდესაც ვსაუბრობთ დასავლეთის მხარდაჭერაზე, ისინი სერიოზულად აკვირდებიან, არის თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკური მოთხოვნის უკან საზოგადოება.

“ძალიან დამღუპველია, როდესაც შენ ქმნი მოლოდინს, რომ მე დღეს, ხვალ და ზეგ მოვაწყობ დიდ მიტინგს და შედეგს მივიღებთ. არა, ასე არ გამოდის. ამას აკეთებ მექანიკურად და დამღლელად წლები იმით, რომ პოზიციას არ იცვლი. როდესაც ვსაუბრობთ დასავლეთის მხარდაჭერაზე, ისინი სერიოზულად აკვირდებიან, არის თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკური მოთხოვნის უკან საზოგადოება. როგორც კი გაიზრდება საზოგადოების კონსოლიდაცია, ჩვენი პარტნიორებიც გაზრდიან დახმარებას. ამ სიტუაციაში, მთავარი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რამდენი დრო გვაქვს მოცემული, რომ ფატალური შედეგის წინაშე არ დავდგეთ. ეს არის მთავარი. ამ თემის ინტენსიფიკაცია უნდა მოვახდინოთ“,- აღნიშნავს მარგველაშვილი.

კითხვაზე, თუ რისთვის უნდა იყოს მზად საზოგადოება, თუ მიხეილ სააკაშვილს მოსამართლე არ გადაუვადებს სასჯელს, მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ხშირად იწყება პოლიტიკური პროცესი და შემდეგ იდეოლოგიის მიდევნება, რაც სწორი არ არის.

როგორც ის განმარტავს, როდესაც ხედავ, რომ საზოგადოებაში “იმპულსი მომწიფდა”, მაშინ უნდა დაიწყო სხვა ტიპის ქმედება, იქნება ეს რადიკალური აქცია, მიტინგი, თუ სხვა ფორმა.

„ შენ, ახორციელებ საზოგადოების კონსოლიდაციას, რაღაც იდეის ირგვლივ. არ უნდა დაიწყო ასეთი პროცესი მიტინგით, ან რადიკალური აქციით. პირველ რიგში, უნდა “გადატეხო ტელევიზორი“, პროპაგანდა. ისეთი ვითარება უნდა შექმნა შემამზადებელი აქციებით და საჯარო შეხვედრებით, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯეროს რომ სწორი გზაა. როდესაც ხედავ, რომ საზოგადოებაში მომწიფდა იმპულსი, იწყებ სხვა ტიპის ქმედებას, იქნება ეს რადიკალური აქცია, მიტინგი, ან სხვა ფორმა. პირიქით არ უნდა დაიწყო. ხშირად იწყება პოლიტიკური პროცესი და შემდეგ იდეოლოგიის მიდევნება. ჯერ იდეოლოგიური ნაწილი უნდა გქონდეს გადაწყვეტილი, საზოგადოებაში უნდა იყოს გამჯდარი და მოქალაქე უნდა კითხულობდეს, დღეს რა გავაკეთოთ? რა ნაბიჯი გადავდგათ? მე ხელი მოვაწერე და პოლიტიკოსებო, გვიკარნახეთ. კონსოლიდაციის შემდეგ, ბუნებრივია პოლიტიკური ბრძოლა გადადის დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში, სხვადასხვა ჯგუფებთან {ურთიერთობაში}, რომ პოლიტიკური მიზნები განვახორციელოთ, თვითგამოხატვის ყველა მშვიდობიანი საშუალება გამოვიყენოთ“, – აღნიშნავს მარგველაშვილი.

“ინტერპრესნიუსი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share