კულტურა უკულტუროდ – წულუკიანი საბჭოთა მემკვიდრეობას ღირსეულად განაგრძობს

ქართული კულტურა დიდ განსაცდელშია ჩავარდნილი – მას თეა წულუკიანი კურირებს; ადამიანი, რომლის მეთოდებსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები სტალინისდროინდელ რეპრესიებს ადარებენ.

მინისტრი არ აძლევს გასაქანს არავის და არაფერს, რაც მისი და “ოცნების” ინტერესებში არ ჯდება – თან ამას არც მალავს. პირიქით, მოსწონს ეს ეგზეკუტორის როლი და ამის დემონსტრირებით ტკბება კიდეც. წულუკიანის ხელში ლიტერატურული კონკურსი “ლიტერა” ჩაიშალა, მაგრამ მინისტრი ალტერნატიული კონკურსის დაარსებას გეგმავს.

გელათის ფრესკები ისე იშლება, რომ ტაძარში არავის უშვებს და არავინ იცის, იქ საერთოდ რა ხდება. მის მიერ ჩამოყვანილი იტალიელი ექსპერტების დასკვნა ძალიან უარყოფითად შეაფასეს ბრიტანელებმა. რომელი მხარეა მართალი? ვიცით? არ ვიცით… გელათს ბოქლომი ადევს.

ხელოვნების ეროვნული მუზეუმიდან წულუკიანმა თავიდან მოიცილა გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც მის გეგმებს ეწინააღმდეგებოდნენ – ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ჩამო-ალაბორანტა და იძულებული გახადა წასულიყვნენ.

თეა წულუკიანი მხოლოდ ცოცხლების შეზღუდვით არ კმაყოფილდება, არც გარდაცვლილებს ინდობს, თუნდაც ისეთ სახელგანთქმულებს, როგორებიც გუდიაშვილი, ახვლედიანი თუ კაკაბაძეა – მათი ნამუშევრები გალერეის კედლებიდან ჩამოხსნეს და იმ საცავებში გადაიტანეს, რომლებზეც თვითონვე ამბობენ, ავარიულიაო.

შემთხვევითი არაა, რომ ზუსტად ის ნახატები გაქრა ექსპოზიციიდან, რომლებიც, თავის დროზე, საბჭოთა კავშირმა აკრძალა. წულუკიანი ღირსეულად აგრძელებს საბჭოთა მემკვიდრეობას.

ტვ მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share