ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანის გამო ნატანების ქარსაფარი ზოლი ნადგურდება
ავტორი: გურიის მოამბე
ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანის გამო ნატანების ქარსაფარი ზოლი ნადგურდება

დღეს, ქალაქ ოზურგეთის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, ნატანების ქარსაფარ ზოლში არსებული ხეების ნაწილობრივი ჭრა დაიწყეს.

როგორც ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, დილიდან ადგილზე მივიდა ქალაქ ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის 30-მდე თანამშრომელი, სპეციალური ტექნიკით, და დაიწყო გზის იმ მონაკვეთზე ქარსაფარი ზოლის განადგურება, რომელ მონაკვეთზეც, ქვეყნის ექს პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილმა ხეებმა უნდა "გაიაროს".

არაოფიციალური ინფორმაციით, ექსპრემიერის ეზოში, მარტო ნატანებიდან 30-მდე გიგანტური ხის გადატანა იგეგმება და სწორედ ამ მონაკვეთზე დღეიდან დაიწყო როგორც ქარსაფარი ზოლის განადგურება, ასევე გზების ორმოული შეკეთებაც.

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მორიგი ხეგლეჯიაობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ, ნატანებში. სამუშაოებში ივანიშვილის კომპანიებთან ერთად, ჩართულია შ.პ.ს გზამშენი-18, რომელსაც 5-მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული, გურიაში გზების მოვლა-პატრონობის სამუშაოების შესასრულებლად. თავის მხრივ "გზამშენი", ბიძინას ხეების გადარგვის სამუშაოებშია ჩართული და გზის მხოლოდ იმ მონაკვეთზე ახდენს ორმოული სამუშაოების შესრულებას, სადაც ხეები უნდა გაატარონ.

 ასევე, გზისპირას არსებულ ქარსაფარ ზოლს, სადაც უნიკალური ჯიშის ხეებია გაშენებული უმოწყალოდ, პირწმინდად კაფავენ და ანადგურებენ, რათა ივანიშვილის გადასარგავ ხეებს ხელი არ შეეშალოს.  ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე, მხოლოდ ბიძინასთვის! ყვავის კორუფცია საოცნებო ქვეყანაში!-წერს ქათამაძე. 

'.$TEXT['print'].'