არქიტექტორი საყვარელ სალუქვაძე
ავტორი: საყვარელ სალუქვაძის მეგობრები
არქიტექტორი საყვარელ სალუქვაძე

     არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით; ადამიანებთან გამორჩეული ურთიერთობებით; საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით საზოგადოების დიდ ყურადღებასა და პატივისცემას სიცოცხლეშივე იმსახურებენ. სწორედ ასეთ რჩეულთა რიგს განეკუთვნება საყვარელ გიორგის ძე სალუქვაძე.
 პიროვნება, რომელმაც სახელოვნად განვლო შემოქმედებითი თუ ცხოვრებისეული გზა და ჭეშმარიტად ერთგულათ ემსახურა თავის ქვეყანას, თავის პროფესიას – არქიტექტურას. პიროვნება, რომელშიც ბუნებრივად იყო შერწყმული მისი თაობის საუკეთესო  თვისებები თაობისა, რომელმაც თავის დროზე ძლიერი იმპულსი მისცა პროფესიულ, საზოგადოებრივ ცხოვრებას და ხასიათდებოდა ინტერესთა მრავალმხრივობით. ამიტომაც იყო მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესო და სასარგებლო. რამეთუ ის არ ისაზღვრებოდა მხოლოდ პროფესიული ჩარჩროებით, არამედ მოიცავდა ხელოვნების შეცნობისა და შემეცნების ფართო არეალს.
საყვარელ სალუქვაძე დაიბადა 1944 წლის 30 ივლისს ქ.ოზურგეთში. 1968 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი –არქიტექტურის სპეციალობით. 1975 წელს – მოსკოვის საერთაშორისო ქალაქგეგმარების ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა.უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა სხვა და სხვა თანამდებობაზე, მაგრამ არქიტექტურასთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია.
იგი იყო ოზურგეთის მთავარი არქიტექტორი; საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; სამშენებლო ტრესტ ,,კოლხეთმშენი’’-ს ოზურგეთის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; ოზურგეთის გამგებელი;
     ხელმძღვანელობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გურიის მხარის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტმენტს.
მისი ძირითადი ნამუშევრებია : სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს 1300 – ადგილიანი ტურისტული კომპლექსი. ქ. სევასტოპოლში. ( 1968 წ.); ეთნოგრაფიული მუზეული ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში ( 1981 წ.); ადმინისტრაციული და სამეცნიერო დაწესებულებები ოზურგეთის რაიონის სოფლებში  (1988-1989 წწ.); მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ქ.ოზურგეთში ( ქ.ლომჯარიასა და დ.სვანიძესთან ერთად); ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი სოფელ ლიხაურში ( 2015წ.); მრავალი საზოგადოებრივი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტები, რომელთაგან თითქმის ყველა განხორციელებულია და სხვა.
    ს.სალუქვაძე იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი; საკავშირო და საერთაშორისო კონსკურსების ლაურეატი .რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე; მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი; დაჯილდოვებული იყო ღირსების ორდენით და მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის საპატიო წოდება (2016წ). მისი ბიოგრაფია შესულია არქიტექტურისა და მშენებლობის ენციკლოპედიაში (2017წ).
  უდიდესი დანაკლისია საყვალას ამ ქვეყნიდან წასვლა მისი კოლეგების, მეგობრების, თანამშრომლების, ახლობლებისა და განსაკუთრებით ოჯახისათვის. დასანანია,რომ აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდში შეწყდა ქართველი არქიტექტორის, ღირსეული მამულიშვილის, დიდებული ოჯახის შთამომავლის საყვარელ გიორგის ძე სალუქვაძის მაჯისცემა.
  მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა. უფალს ებარებოდეს.


საყვარელ სალუქვაძის მეგობრები

'.$TEXT['print'].'