ბეგლარ სიორიძემ ყოფილ თანამშრომლებს 2 წლის ხელფასი არ მისცა - დაზარალებულები პროკურატურას მიმართავენ
ავტორი: გურიის მოამბე
ბეგლარ სიორიძემ ყოფილ თანამშრომლებს 2 წლის ხელფასი არ მისცა - დაზარალებულები პროკურატურას მიმართავენ

ბეგლარ სიორიძის ყოფილი თანამშრომელი "გურიის მოამბესთან" აცხადებს, რომ ის ყოფილი მერის საკუთრებაში არსებულ სასათბურე მეურნეობაში დარაჯად 2 წელი უხელფასოდ ამუშავეს, დღეს კი, მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე ადამიანის სახელფასო დავალიანების გასტუმრებაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. 

როგორც გონერი ჭეიშვილი გვიყვება,  ის ერთ-ერთია იმ დაზარალებულთა შორის, ვისაც გურიანთის სასათბურე მეურნეობაში 22 თვის განმავლობაში უხელფასოდ ამუშავებდნენ.

ჭეიშვილი გვიყვება, რომ მეურნეობაში, რომელიც ოზურგეთის ყოფილ მერს, ბეგლარ სიორიძეს ეკუთვნოდა, მუშაობა 2010 წელს ჯერ მუშად, შემდეგ კი დარაჯად დაიწყო. მისი ანაზღაურება თვეში 100 ლარს შეადგენდა. მაშინ იქ მის გარდა, კიდევ  2 დარაჯი მუშაობდა.

პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბეგლარ სიორიძე ოზურგეთის მერი გახდა და აღნიშნული ობიექტი მმართველობაში მის მოადგილეს დაუტოვა.

2015-2016 წლებში კი მდგომარეობა უფრო დამძიმდა.  თანამშრომლების სახელფასო დავალიანება 10 თვემდე გაიზარდა. როგორ ჭეიშვილი აცხადებს, ისინი დაგვიანებული ხელფასების თაობაზე სასაუბროდ უშუალოდ შეხვდნენ სიორიძეს, რომელმაც განუმარტა, რომ ამ თვეების დავალიანება გაიყინებოდ, მომდევნო თვეებიდან კი კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას უპრობლემოდ მიიღებდნენ „10 თვემდე რომ ავიდა დავალიანება, სიორიძემ გვითხრა, ეს 10 თვე გაიყინება და აწი ჩვეულებრივ აიღებთ ყველა თვეშიო, მაგრამ ტყუილი გამოდგა. იმ 10 თვეს  დაემატა კიდევ 12 თვე და დღეს უკვე 22 თვეა, რაც ხელფასი არ ამიღია. მარტო ჩემთვის 2 200 ლარი აქვთ მოსაცემი.“

ჭეიშვილის გარდა, 2 წლის კუთვნილი ხელფასის მიღებას კიდევ ორი დარაჯი ელოდება: „15 დღის წინ კიდევ ერთხელ მივედით სამივე  სიორიძესთან და მოვთხოვეთ კუთვნილი ხელფასი. მე არ მეხება თქვენი ხელფასებიო-გვითხრა. რაც მერი გავხდი, დავტოვე სათბურებიო. აბა ვის ეხება, ვის მოვთხოვოთ ჩვენი ნამუშევარი? მან თავისი ბიზნესი მის მოადგილეს გადააბარა ფორმალურად იმის გამო, რომ როგორც მერს არ ჰქონდა ამის უფლება. მისი იყო ეს ყველაფერი. მოგება ხომ მას მიჰქონდა? პასუხისმგებელი პირი იმ პერიოდში იყო  ლევან მარგალიტაძე, მას მოვთხოვეთ ხელფასი და მე რას მთხოვთ, მეც თქვენს დღეში ვარ, ორი წელია არ ამიღია ხელფასი და მოსთხოვეთ სიორიძესო.“

მიუხედავად უხელფასობისა, გონერი ჭეიშვილი და კიდევ ორი დარაჯი სასათბურე მეურნეობაში ხელმძღვანელი პირებისგან დავალიანების გასტუმრების მოლოდინში  2017 წლის სექტემბერამდე აგრძელებდნენ  მუშაობას.  2017 წელს წინასაარჩევნოდ კი, მისივე განცხადებით,  ბეგლარ სიორიძემ გურიანთის მეურნეობა და ზვანის სათხილე  "თიბისი" ბანკში ჩადო  და მილიონი ლარი აიღო, შემდეგ კი ორივე ობიექტი ბანკმა წაიღო და სასათბურე მეურნეობას უკვე ბანკი ყიდის : „ ბანკში ჩადო სიორიძემ  და მილიონი აიღო მაგაში, ასევე ზვანში რომ სათხილე არის, ისიც ჩადო და ორივე წაიღო ბანკმა. იმ სათხილეშიც არაა ხელფასები დარიგებული დაცვის წევრებზე. გურიანთის სასათბურე მეურნეობა არ არსებობს, ყველაფერი განადგურებულია. ახლა ბანკი უკვე ყიდის, აწერია იყიდებაო, მაგრამ პატრონი არ ჩანს არავინ და რა გამოდის? ჩვენ, ჩვენი კუთვნილი თანხა ვერ უნდა მივიღოთ? ‘’ - აცხადებს ჭეიშვილი.

როგორც დაზარალებული ჩვენთან საუბრისას ამბობს, მან გადაწყვიტა, ადვოკატის დახმარებით ყოფილი ხელმძღვანელების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა  დაიწყოს.

მან უკვე დაწერა განცხადება შპს „თხილის საექსპერტო კომპანიის“ დირექტორის, ლევან მარგალიტაძის სახელზე და მოითხოვა სახელფასო დავალიანების დაფარვა. თუმცა მარგალიტიძისგან პასუხი ჯერ არ მიუღია. როგორც ჭეიშვილი ამბობს, თუ სახელფასო დავალიანებას არ დაუფარავენ, ის პროკურატურას მიმართავს.

 

'.$TEXT['print'].'