შემოქმედში "ბჟუჟჰესი 2-ის" პროექტის პრეზენტაცია ჩაიშალა - მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა
ავტორი: გურიის მოამბე
შემოქმედში "ბჟუჟჰესი 2-ის" პროექტის პრეზენტაცია ჩაიშალა - მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა

 

სოფლის სკოლაში მისულ "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" წარმომადგენლებს შემოქმედელებმა საუბარი არ აცალეს და მდინარე ბჟუჟზე კიდევ ერთი მცირე ჰესის მშენებლობასან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია ხისტად დააფიქსირეს.

შემოქმედის თემში შემავალი სოფლების გორის ფერდის, გონებისკარისა და გომის მოსახლეობა ამავე სოფლის სკოლაში "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" წარმომადგენლებთან შესახვედრად გუშინ შეიკრიბნენ.

მოსახლეობას სტუმრებთან ერთად, ამავე კორპორაციის მიერ სოფელში ამომავალ მდინარე ბჟუჟზე დაგეგმილ კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უნდა ემსჯელა.

თუმცა, ადგილობრივები იმდენად უარყოფითად იყვნენ განწყობილი გომში კიდევ ერთი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის მიმართ, რომ კომპანიის წარმომადგენლებს პრეზენტაციის შესაძლებლობა არ მისცეს.

მოსახლეობამ უარყოფითი პოზიცია შეხვედრის დასაწყისშივე დააფიქსირა და მათმა უმრავლესობამ პრეზენტაცია მისი დაწყებიდან ნახევარ საათში ისე დატოვა, რომ კორპორაციის წარმომადგენლებს არც მოუსმინა:

შოთა ყაზაიშვილი:სოფელი გომი; " შემოქმედი და საქართველო, რომ არსებობს, ჩემმა წინაპრებმა დღემდე იბრძოლა ამისთვის. სამი ძმები ვართ ჩვენ. სამთავეს პირველ გამოძახებაზე სამშობლოს ვალი გვაქვს მოხდილი. მამაჩემი ფრონტავიკი იყო, ექვსი ბიძა ფრონტავიკი იყო. სამი არ დაბრუნებულა, დანარჩენი დაჭრილი და გაუბედურებული დაბრუნდა. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ  სამშობლო, სოფელი და ქვეყანა შენარჩუნებულიყო. ახლა ამ ჩვენს სოფელში  გვინდა  ლამაზად და კოხტად ვიყოთ  აქანე, რაცხა ორი პარასკევი გვაქვს დარჩენილი  და ახლა ასე არაა ვიღაცამ ფული იშოვოს და  დაგვადგას თავზე ფეხი. ესაა ჩემი აზრი. რას ვაპირებ და მე თუ ავად გავხდი, იმფერი პრეპარატი არ უნდა მივიღო, რომ კუჭი მტკივა მივიღო კუჭის წამალი  და ამატკინოს  გული. საქმე კი უნდა წევიდეს ქვეყანა წინ, მარა  გავაკეთოთ ერთი და დავაზიანოთ მეორე ეს არ უნდა მოხდეს. ჩემი აზრი თუ არ გაითვალისწინეს, მაშინ მარტო ჩემზე არა, ხალხია  და ახალ  აზრებზე იქნება  საუბარი.

ხვიჩა წულაძე: სოფელი შემოქმედი; "საერთოდ სოფელში რამე რომ  კეთდება, უნდა იყოს გათვალისწინებული,  რა აკლია და რა ვნებს სოფელს. აქ უფრო მეტი მავნებლობა კეთდება, ვიდრე სარგებელი მოაქვს სოფლისათვის. აქ დაგვრჩება ორკილომეტრიანი ხრიოკი ადგილი.  ინფრასტრუქტურა, ტურიზმის განვითარება  ხომ მოისპობა საერთოდ. კაიაკინგი არ ჩატარდება  და მეტი რა უნდა ახლა სოფელში.  მოგება რა  აქვს მეტი სოფელს არაფერი. ჰესი რომ გაკეთდეს. 10%-ი დარჩება ხეობაში წყალიო და  ათი პროცენტი არ ეყოფა  იმ ხეობის  ბუნებას მოსარწყავად. როგორ  არ უნდა გაითვალისწინონ ხალხის  აზრი.  რომ ამბობენ ხალხის  აზრს ვითვალისწინებთო, მაშინ  იტყუება მთავრობა? მე მგონი არ გვატყუებს მთავრობა ჩვენ.

ესსე  მახარაძე,  სოფელი გომი: "წყალი რომ ტრუბაში ჩავა,   ჩათვალეთ, რომ ის  ხეობა არ იარსებებს. მერე  არ იქნება ბევრი რაღაცა. აგერ ევროპის ჩემპიონატი  რამდენიმე წელია შემოქმედში ტარდება, აგერ ხალხმა სოფელი გეიცნო ტურისტები ჩამოდის,  თევზი , რაღაცა  და რავიცი რა ყველაფერი ერთად  ზეგავლენას  ახდენს, ამიტომ არ დავანებებთ  არანაირად, ვეცდებით. ზევით სათავის ნაგებობის ზევით, მოსახლეობა არაა წინააღმდეგი.  აქ სოფელში კი  ჰესი არ უნდა გაკეთდეს.

თენგო ჩხატარაშვილი: სოფელი გონების კარი: "შემოქმედში წყლის რესურსი არის დაბალი, ძალიან დაბალი. ეს არის  მოკლედ ჩემი მოსაზრება, რომელიღაცა კომპანიის. ეს არ არის საქმისადმი  სახელმწიფოებრივი მიდგომა. წყალი ბჟუჟში არაა. ვფიქრობთ ჩამოვაყალიბოთ შემოქმედის გადარჩენის კომიტეტი. იმიტომ, რომ ქალი იქნება, კაცი  დიდი თუ პატარა, ყველა ფეხზე უნდა დადგეს. შემოქმედი როგორმე  უნდა გადავარჩინოთ. დღესვე უნდა ჩავრთოთ შემოქმედლების ყველა ოჯახის წევრი. სოფელს საფრთხე  ემუქრება.  ჭებში წყალი არაა უკვე  სანამ არაა  განხორციელებული ეს პროექტი და ამის განხორციელების მერე საერთოდ არ იქნება. 7 მილიონიანი პროექტი  გახსოვთ  აგერ , ფოცხალაურის ტერიტორიაზე, ოზურგეთს წყალი უნდა მიწოდებოდა  და ერთი გრამი წყალი  არ მიწოდებია, წყალმა რამდენიმე მეტრით  დაიწია დაბლა, ჭებში წყალი არაა. მითუმეტეს ასეთი არაკომპეტენტური  გამოსვლები შემოქმედში. საჯაროდ ვაცხადებ-შემოქმედი მიყრუებული სოფელი არაა, შემოქმედში ცხოვრობს და მოღვაწეობს საზოგადოება. ასეთი გამოსვლები, როგორიც ახლა ამ კომპანიის წარმომადგენელს ჰქონდა, შემოქმედში არ შეიძლება.  არ ავაშენებინებთ  ჰესს.  სახელმწიფო როგორ  წავა  ხალხის წინააღმდეგ?! მე არ მგონია მაგი მასე მოხდეს.

გიორგი მარგებაძე; პროექტის მენეჯერი, საქართველოს საერთაშორისო - ენერგეტიკული კორპორაციაიის წარმომადგენელი; კომპანია გეგმავს მდ. ბჟუჟზე 5  მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ეს არის ბუნების მოდინებაზე ჰიდროელექტროსადგური, რომლის სქემა არის სათავე ნაგებობა მილსადენი  და შემდეგ ჰესის  მშენებლობა. მე ნამდვილად ვერ მოვახერხე იმის თქმა, ალბათ, 20 %-იც კი ვერ ვუთხარი მოსახლეობას, რომ რატომღაც ისე მოხდა, რომ არც მოგვისმინეს, არც დაგვაცადეს  დაგვემთავრებია და  ეს ყველაფერი ამეხსნა.  ზოგადად პროექტი რას მოიაზრებს, რა სარგებლობას მოუტანს  ადგილობრივ მოსახლეობას . ფაქტიურად ვერ მოვახერხეთ ჩვენ ამ ყველაფერის გადმოცემა  მოსახლეობისთვის,   ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია  მოსახლეობის აზრი  და ამიტომაც  ჩამოვედით  მოსახლეობისთვის აგვეხსნა ეს ყველაფერი. ყველაზე გადამწყვეტი მოსახლეობის აზრია. დღეს იმ პერიოდში ვართ, რომ ადამიანის უფლებები და ადმიანის ხმა არის  გადამწყვეტი.  შევეცადეთ  რომ აგვეხსნა, მოგვეყოლა  თუ რა  სარგებლობა მოაქვს  და რა იქნება ამ პროექტის ბენეფიტები ამ რეგიონისთვის. ეს არის პროექტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი პროექტი არის  მემორანდუმი გამოდის სახელმწიფოსთან გარანტირებული შესყიდვის ტარიფის გარეშე. ამიტომ ძაან მნიშვნელოვანი არის  როგორც ჩვენი ქვეყნისთვის  სრულიად, ასევე რეგიონისთვის. მე ვარ პროექტის მენეჯერი, ნამდვილად ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, რა იქნება მომავალში, ჩვენი ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ  აუცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი  ჩვენთვის, არის ხალხის აზრი. ეს არის ყველზე მთავარი. ჩვენი ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი ამოცანა   ის  არის და ის იყო, რომ აქ ბულდოზერებით კი არ მოვსულიყავით, არამედ მოვსულიყავით ადამიანებთან, დაგვეწყო საუბარი  და ერთად, ერთობლივად  მოგვეფიქრა  და გვემსჯელა ამ სქემაზე, სად როგორ გაგვეკეთებინა მინიმალური ზარალიც  რომ არ მიგვეყენებინა ადგილობრივებისთვის. რა ნაკვეთებზე გაგველო, სად მეტი პრობლემა იყო ის აგვერიდებინა, ამაზე სასაუბროდ მოვედით.

ირმა გორდელაძე, „მოძრაობა გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“ - სამოქალაქო მოძრაობა გადავარჩინოთ გურიის მდინარეები ესწრებოდა  შემოქმედში ინვესტორების შეხვედრას და რა თქმაუნდა ეს მოძრაობა წინააღმდეგია იმისა, რომ  მდინარე ბჟუჟზე აშენდეს დამატებით მეორე ჰესი, იმიტომ რომ მდინარე  ბჟუჟს, ისედაც  ძალიან დიდი ზარალი აქვს  მიღებული ამ  ბოლო წლები მანძილზე, 13    ქვიშაა- ღორღის მომპოვებელი კარიერი მუშაობს  ამ პატარა მდინარეზე,  და მეორე ჰესის ინვესტორების თქმით 10%-ი წყლის ნაკადის დარჩება მდინარეში და 90%-ი მილში გატარდება, ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად მდინარის ნაცვლად  გომელებს და შემოქმედლებს დარჩებათ  ღელე. რაც გამოიწვევს ძალიან დიდ ეკოლოგიურ  ატასტროფას  და დაუშვებელია მცირე მდინარეებზე, რომლის კატეგორიას მიეკუთვნება მდ. ბჟუჟი, მსგავსი ქმედებები. ჩვენ რა თქმა უნდა წინააღმდეგები ვართ  წინააღმდეგია სოფელიც და სწორადაც მოიქცნენ. მოსახლეობამ საზოგადოებამ ყველამ უნდა დაიცვას საკუთარი გარემო, მდინარეები ასეთი შემოსეევებისაგან, იმიტომ რომ პატრონი არ გვაყვს. აუცილებლად იურიდიულად,  სამართლებლივად მოხდება მოწვევა დამოუკიდებელი გეოლოგების, ექსპერტების რომლებიც დაამტკიცებენ, რომ ამ მდინარეზე არ შეიძლება  დამატებითი მეორე ჰესის აშენება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'