ნინი ვადაჭკორია:"არ დავნებდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე სანამ გახარია არ გადადგება"
ავტორი: გურიის მოამბე
ნინი ვადაჭკორია:"არ დავნებდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე სანამ გახარია არ გადადგება"

მერვე დღე იწურება უკვე რაც ქვეყნის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა

თბილისში, რუსთაველზე, ათეულობით ათასი ახალგაზრდა „გავრილოვის ღამეს“ მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის მთავარი ორგანიზატორის, ჯერ კიდევ მოქმედი შსს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველზე მომიტინგეთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან და სასიამოვნოა, რომ ამ ახალგაზრდებში ბევრი ჩვენი კუთხის წარმომადგენელია.

ჩვენ გვინდა, შეძლებისდაგვარად გაგაცნოთ ისინი:

ნინი ვადაჭკორია; ქალაქი ოზურგეთი, კოსტავას ქუჩა; 22 წლის; დაამთავრა ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლა, ამჟამად სწავლობს თბილისში,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

მერვე დღეა ვდგავარ რუსთაველზე, პროტესტი გამოიწვია იმან რაც ეს დღეები საქართველოში ხდებოდა, გაუმართლებლად მიმაჩნია რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იჯდეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტში. რა თქმა უნდა უამრავი კითხვა გვაქვს - საერთოდ რატომ ჩამოვიდა, რატომ შემოუშვეს ქვეყანაში, ვინ იცოდა, ვინ არ იცოდა, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგას. უამრავი კითხვაა რაზეც ცალსახად შეუძლიათ პასუხის გაცემა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები კითხვებს გაურბიან. ამიტომ რეალურად არ ვიცით რა ხდებოდა და რა მოხდა.

თუმცა შემდეგ მოხდა უარესი, აქცია დაშალეს უმძიმესი ფორმებით, აქციის დაშლას რაც შეეხება, ეს მოხდა უკიდურესი ფორმით, გაუმართლებელია ის რომ რეზინის ტყვიები ადამიანს პირდაპირ დამიზნებით, მიზანმიმართულად ესროლო თვალში, მაგაზე არავინ დაობს. თუ მივყვებით შემდგომ განცხადებებს , რომ ეს არაა „ქართული ოცნების“ მესიჯი რომ რეზინის ტყვიები გამოიყენონ და ცრემლსადენი გაზი ეგეც უამრავ კითხვის ნიშანს სვამს, იმიტომ რომ როცა ადამიანი ტელევიზიით გამოდის და ამას ამბობს, შენ კი რამდენიმე წუთში ხედავ იმას რაც მოხდა. ბრძნება ვინ გასცა? ან ვინ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე?   ვინ იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? უამრავი კითხვა ჩნდება. მიგვაჩნია, რომ მომკხდარზე პასუხისმგებელი არის ბატონი გიორგი გახარია და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. მან უნდა მოყვეს რა მოხდა და დატოვოს თანამდებობა.

აქ ვინც ვდგავართ, არავინ არ ვითხოვთ სახელმწიფო გადატრიალებას, რეჟიმის უკიდურესად შეცვლას და ასე შემდეგ. ჩვენ ელემენტარული სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ. ჩვენი მოთხოვნიდან ორი დააკმაყოფილეს, ადამიანები ციხიდან გამოუშვეს და მივიღეთ პროპორციული არჩევნები. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას,  არავინ არ დავთმობთ არც ქართველი ხალხი და ვინც აქ ვდგავართ არავინ. არ დავნებდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე სანამ გახარია არ გადადგება.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც გონია რომ ეს „ნაციონალების“ ორგანიზებული აქციაა! ეს ტყუილია! რა თქმა უნდა ყველა აქციებზე, რაც აქამდე ჩატარებულა ყველას აქვს უფლება, ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც აქციის მიზნებს იზიარებს მიიღოს მასში მონაწილეობა, ესაა ჩვეულებრივი ამბავი , აქ „ნაციონალური მოძრაობაც“ მოვა, „ქართული ოცნებაც“ მოვა და ყველა პარტია ვისაც პოლიტიკური ინტერესები აქვს, მაგრამ ერთადერთი პასუხი მათთვის ვინც იძახის რომ „ნაციონალების“ გვერდით არ დავდგებითო, მინდა ვკითხო, საქართველო უფრო უყვართ, თუ „ნაციონალები“ უფრო სძულთ?

 

'.$TEXT['print'].'