ამირან პეშკოვის პატარა საოცრება - იდეალური ადგილი ოჯახური ტურიზმის მოყვარულთათვის
ავტორი: გურიის მოამბე
ამირან პეშკოვის პატარა საოცრება - იდეალური ადგილი ოჯახური ტურიზმის მოყვარულთათვის

 

წყლის წისქვილი, წყარო, საკალმახე მეურნეობა, მინი ტბა, პარკი, 10 კილოვატიანი მიკრო ენერგომწარმოებელი.. ეს ყველაფერი მოკლე ჩამონათვალია იმისა, რაც 81 წლის, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში მცხოვრებმა, ამირან პეშკოვმა საკუთარ ეზოში გააკეთა.

თავისთავად ბუნებრივი სილამაზით გამორჩეულ ამ სოფელში შესაძლოა მსგავსი მშენებლობებით ვერავის გააკვირვებ თუმცა ეს ყველაფერი ისე ჰარმონიულადაა ერთმანეთთან შერწყმული, რომ მისი დათვალიერებისას გექმნება შთაბეჭდილება თითქოს გარკვეულწილად პატარა  წალკოტში მოხვდი.

გასაკვირიც არაა რომ ამ პატარა საოცრების სანახავად პეშკოვის სამოსახლოს უამრავი ადამიანი, მათთან დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებთან ერთად სტუმრობს.

ჩვენი ადგილზე მისვლისას ბატონი ამირანი სახელდახელოდ შეკერილი ნავითა და ნიჩბებით საკუთარ ტბაში დაცურავდა, იქაურობას კი რამდენიმე ტურისტი-უკრაინიდან, ათვალიერებდა და სურათებსაც იღებდა. ეს ტურისტები პეშკოვების სახლში ამირანის ნათესავს ჰყავდა ბათუმიდან ჩამოყვანილი სპეციალურად ამირანის შემოქმედების გასაცნობად.

"ნამდვილად არ ვინანე რომ ერთი დღით ბათუმს მოვწყდი, უმშვენიერესი, იდილიური გარემოა" - გვეუბნება 43 წლის იულია, რომელიც კიევიდანაა და მეგობრებთან ერთად ბათუმში ისვენებს.

თავად ამირანს ბევრი საუბარი მის საქმიანობაზე არ უყვარს, უბრალოდ ამბობს რომ მის ეზოში "ამ ყველაფრის" გაკეთება 2000 - იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო და თავიდან არც ქონდა წარმოდგენილი თუ როგორი იქნებოდა მისი ნამოღვაწარი საბოლოო სახის მიღების შემდეგ:

"იდეები მუშაობის დროს მომდიოდა, ერთს დავამთავრებდი მეორეს ვიწყებდი, შემდეგ გაკეთებულს ვუბრუნდებოდი და იმასაც რაღაცას ვამატებდი"-გვიყვება ამირანი და ამბობს რომ ამ ყველაფერში ყველაზე მეტად ფიზიკური შრომაა ჩადებული.

საბოლოო სახე ვახსენეთ, თუმცა დასრულებამდე ამირანს კიდევ გეგმები აქვს, დასასრულებელია  მარანი, რომლისთვისაც ქვევრები უკვე შეძენილი აქვს და გურული "შუაცეცხლის ქუხნა", სადაც სტუმრებს გაუმასპინძლდება.

ამირან პეშკოვთან გასულ საუკუნეშიც ამდაგვარი წამოწყებები ბევრი ასოცირდება, სოფლის წყარო და მისი მოპირკეთება მაშინ მოქმედ რესტორან "ჩაქუხასთან", რომელიც ახალგაზრდების, განსაკუთრებით საღამოობით, თავშეყრის ადგილი იყო და კიდევ "ვარლამის" წყარო", ე.წ. სოფლის "კულტურის სახლის" ეზოში.

თუმცა როგორც "გურიის მოამბესთან" საუბარში პეშკოვი აცხადებს, მთავარი წინაა:

"მინდა სოფელში ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილის გაკეთება, რაც საუკეთესო იქნება და გარკვეულწილად ოჯახურ ტურიზმს მოემსახურება, მას შეეძლება ტურისტების მიღება, და შემოქმედის სავიზიტო ბარათი გახდება" -აცხადებს პეშკოვი.

ამირანს ადგილი შერჩეული აქვს, შემოქმედის ყოფილი პურის ქარხანა, რომელიც მდინარე ბჟუჟის სანაპიროსთანაა. შემოქმედის თემის სოფელ გორისფერდის დასაწყისში.

თუმცა აქ გარკვეულწილად მის იდეას ბიუროკრატიული მექანიზმები აფერხებს.

მიუხედავად იმისა რომ ამ პურის ქარხნის შენარჩუნება ამირან პეშკოვის დამსახურებაა, რადგან როგორც თვითონ ამბობს გასული საუკუნის 90-იანი წლების ცნობილი მოვლენებიდან დღემდე უამრავი ამ შენობის დანგრევითა და მითვისებით დაინტერესებული პირი მოიგერია, მათ შორის ე.წ. "კანონიერი ქურდებიც" კი, ასევე ქარხანა თავისი 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართით რამდენიმე ხელისუფლების შემოტევისაგანაც გადაარჩინა, დღეს ეს ობიექტი იურიდიულად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბალანსზეა და იქ გამეფებული კორუფცია თუ ბიუროკრატია უბრალო ადამიანს "დე ფაქტოს" "დე იურედ" ქცევის სურვილს უკლავს. აქვე აღსანიშნავია, რომ შემოქმედის ე.წ. "ფურნე" (პურის ქარხანა), ერთადერთი საბჭოთა პერიოდში მოქმედი დაწესებულებაა, რომლის ადმინისტრაციული შენობაც სოფელში დღესაც შენარჩუნებულია, იმ სოფელში სადაც უამრავი ჩაის ფაბრიკა, წვენების ქარხანა, მეცხოველეობის ფერმა. კლუბები და სხვა ათეული რამ დაშალეს და მთლიანად წაიღეს.

 

 

'.$TEXT['print'].'