ოზურგეთში უკანონო კარიერი აღმოაჩინეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში უკანონო კარიერი აღმოაჩინეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, მდინარე სუფსის სანაპიროზე, ქვიშა ღორღის გადამამუშავებელი ქარხანა, დღეს დილით ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აღმოაჩინა.

როგორც ადგილიდან "გურიის მოამბეს" კორესპონდენტი იუწყება, აღნიშნული კარიერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, წლებია უკანონოდ ფუნქციონირებს.

ოზურგეთის მერიის წარმომადგენლები სილაურთან, ოზურგეთი ლესას ცენტრალურ მაგისტრალზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც დღეს, ადრე დილიდან, ეს მაგისტრალი კარიერის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით ადგილობრივმა მოსახლეობამ, სოფლების ჯუმათის, ბაილეთისა და სილაურის მაცხოვრებლებმა გადაკეტეს.

ადგილობრივები კარიერის ფუნქციონირების შეჩერებას ითხოვდნენ.

ამ წუთებში ადგილზე 100-ზე მეტი სატვირთო თვითმცლელია გაჩერებული, მოსახლეობის მიერ სილაური-ბაილეთის დამაკავშირებელი ხიდის გადაკეტვის გამო.

მოსახლეობა თვითმცლელებს გადაადგილებისა და ინერტული მასალის გატანის უფლებას არ აძლევს, ხოლო ჩვეულებრივ საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

ინერტული მასალით დატვირთული 10-ზე მეტი თვითმცლელი მოსახლეობის მოთხოვნით უკან, კარიერისაკენ გააბრუნეს, სადაც შესულია ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და მის საქმიანობას იკვლევენ.

ჩვენი ინფორმაციით, კარიერის მესაკუთრე ნატანებელი (სოფელ ოზურგეთის რაიონში) ბიზნესმენია, რომელიც ამ დროისათვის რუსეთში მოღვაწეობს და ის ინერტული მასალით მშენებარე ავტობანს ამარაგებს.

ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ინერტული მასალა 24 საათის განმავლობაში, დღისით და ღამით გააქვთ, მუშაობს რამდენიმე ასეული თვითმცლელი, მოპოვება ხდება წესების გარეშე, უკანონოდ, რის გამოც სოფელში გლეხობა საყანე ფართობების გარეშე დარჩა.

ზურაბ დარჩია: ვაწყობთ აქციას, ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთები კარიერების გამო მოირღვა და წაიღო ყანები,ესენი ისევ აგრძელებენ მუშაობას.მოგვაქციონ ყურადღება,სოფელია აქ და სიმინდძე ვართ დამოკიდებული.თხილის მოსავალი არ მიგვიღია,მეურნეობა ჩამორჩა ყველაფერში, სიმწრით დავთესეთ სიმინდიც,მაგის ფულიც არ გვქონდა და ისევ ჩამოვიდნენ ეს ტერიტორია,განუკითხაობაა, დღე და ღამიანად ტვირთავენ და მიაქვთ და სოფელს არცერთი კაპიკი არ ეკუთვნის? დამბა გაკეთდეს ან დამაგრდეს ნაპირები. ჩემი აზრით და ცოტა რამე ამ საქმის გამეგება და ვხვდები რომ არასწორად იქცევიან,უზარმაზარ გორებს აგროვებენ , ღამე ამოიღებენ,დილას დაახვედრებენ,ვინაა განმკითხავი.გუშინ ბავშვები იყვნენ ჩასული სათევზაოთ მდინარეზე და წყალზე მაზუთის სფერო დახვდათ, თევზი რომ მოიყვანა ბაღანამ სუნი ქონდა მაზუთის. ეკოლოგიას არ აქცევენ ყურადღებას.

ლიცენზია თუ ექნებათ მაშინ იყიდონ ჩვენი სახლებიც, რა მამაპაპისეულია მაგათი თუ რა, მე რომ მინდოდეს ერთი ტრაქტორი ან ურიკა ხრეში დამიჭერენ იმწუთში.

ელიკო დოლიძე:  ეს დიდი მანქანები,მოძრაობენ ძალიან სასტიკად, გზა გააფუჭეს, გადაღმა ბავშვებს ვერ ვუშვებთ, წყლები დაშრა, სახლები დაიბზარა, ღამე ძილი არ გვაქვს, საყანე ფართობები წყალმა წაიღო, არავინ არაფერს არ ამბობს, სამი თვეა ასე ინტენსიურად მუშაობენ,იქამდეც კი იყვნენ.

თინა გეგუჩაძე:  გზები გააფუჭეს,ეკლესია გაბზარულია, სახლებს გზაზე რომ ჩამოჰყვეთ,ყველა დაბზარულია, გადაღმა ვერ გადმოვდივართ,ბავშვებსაც ვერ ვუშვებთ,. მთელი ღამე დადიან ეს მანქანები,ზოგს წნევა გვაწუხებს,ზოგს პატარა ბავშვი ყავს, გზის პირას მოსახლეობას არ გვძინავს. მთელი ღამე არ ჩერდებიან დადიან, ყანები გააფუჭეს,ნახევარი ყანები წაიღო წყალმა. ცოტახანში ეს მდინარე ადიდდება და ჩვენც წაგვიღებს.გვჭირდება დახმარება,ბატონი მერი აგერაა მოსული და მიაქცევს ალბათ ყურადღებას  ყველაფერს.

თინა სარიშვილი:  ცოტახანში  ურეკსი წასვლა აღარ დაგვჭირდება ზღვა დადგება აქ, სილაურსა და ბაილეთს შორის.ნახონ რამხელა ზარალია, წაღებული სახნავ-სათესი ფართობები, ვწვალობთ რაღაცას ვაკეთებთ და ცოდოები ხომ ვართ, ლიცენზია იმისთვის კი არ არსებობს რომ მთლიანად წაიღონ ყველაფერი. ღამე ძილი და მოსვენება არ უნდა ხალხს? სიმწრით გაკეთებული ხიდე გაუძლებს კი? ვინ გააკეთებს? გაკეთდეს კანონიერად, გვეუბნებიან ლიცენზია გვაქვსო ,რაც გაფუჭდება გავაკეთებთო,მაგრამ სადამდე უნდა იღონ ეს. დაიქცა ყველაფერი,დაინგრა,აღარც ჭაშია წყალი, საქონელი ჩაცვივდა ამ იამკებში, არამგონია ეს კანონიერი იყოს. ეს არაა ბიზნესი, სხვებს რომ დაანგრევ რა ბიზნესია. ხალხის სიმწრით ნამუშევარი წაიღო წყალმა,ნახეთ რა ამბავია. ცოდოები არ ვართ, დასრულდეს ეს ყველაფერი,ესაა ჩვენი მოთხოვნა.  ერთი ტონის მაგივრად 5 ტონა ამოაქვთ და არშეიძლება. 

 

'.$TEXT['print'].'