უკანონო ქვის სამტვრევმა საამქროებმა ფუნქციონირება განაახლეს
ავტორი: გურიის მოამბე
უკანონო ქვის სამტვრევმა საამქროებმა ფუნქციონირება განაახლეს

მდინარე სუფსის სილაურის მონაკვეთზე, არსებულმა უკანონო ქვის სამტვრევმა საამქროებმა ფუნქციონირება განაახლეს

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" სოფელ სილაურიდან აცნობეს.

ეს ინფორმაცია რედაქციას ოზურგეთის მერიაშიც დაუდასტურეს, სადაც , როგორც გვითხრეს მომხდარის შესახებ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება:

"ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მერიის ხელმძღვანელი პირები და არკვევენ მომხდარს, არანაირი დოკუმენტაცია ამ ჯგუფს ჩვენთვის არ წარმოუდგენია და ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია რის საფუზველზე განახლდა მდინარე სუფსის ამ მონაკვეთზე ქვიშა ხრეშის მოპოვება" - გვპასუხობენ მერიაში.

მდინარე სუფსის სილაურის მონაკვეთზე, არსებულმა უკანონო ქვის სამტვრევმა საამქროებმა ფუნქციონირება გასული კვირის მიწურულს მოსახლეობის საპროტესტო აქციების შედეგად შეწყვიტეს.

ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, (რომელიც ადგილზე მას შემდეგ ჩავიდა როცა ადგილობრივებმა ლანჩხუთი ოზურგეთის საავტომობილო გზა გადაკეტეს - მდინარე სუფსაზე არსებული კარიერების დახურვის მოთხოვნით), უკანონო ქვის სამტვრევი საამქრო აღმოაჩინა და მის მფლობელებს სამდღიანი ვადა მისცა შესაბამისი დოკიმენტაციის წარმოსადგენად, მანამდე კი მას ფუნქციონირება აუკრძალა.

თუმცა დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საამქროებმა ინერტული მასალის გადამუშავება და გატანა ისე განაახლეს, ოზურგეთის მერიაში არანაირი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ, მეტიც - ეს უწყება საერთოდ არ ჩააყენეს საქმის კურსში.

დაზუსტება: ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, რომლის საფუძველზეც მდინარე სუფსის სილაურის მონაკვეთზე შეჩერდა ინერტული მასალების მოპოვება გადამშავება გატანა, "გურიის მოამბეს" გაეპარა შეცდომა. - სტატიის სათაურში "გურიაში უკანონო კარიერი აღმოაჩინეს" -ირკვევა, რომ სინამდვილეში "არა კარიერი, არამედ გურიაში ქვის სამტვრევი საამქრო აღმოაჩინეს რომელიც უკანონოდ ფუნქციონირებდა".

 

'.$TEXT['print'].'