"ქართული ოცნება" "კუდიანებზე ნადირობას" განაგრძობს - თეა ლომჯარია, ლელა იმედაშვილი და კოტე შარაშენიძე - ჭანუყვაძის გუნდის ძველი და ახალი სამიზნეები
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართული ოცნება" "კუდიანებზე ნადირობას" განაგრძობს - თეა ლომჯარია, ლელა იმედაშვილი და კოტე შარაშენიძე - ჭანუყვაძის გუნდის ძველი და ახალი სამიზნეები

გურიის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის, თეა ლომჯარიას, განათლების სამინისტროს ოზურგეთის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის - ლელა იმედაშვილის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის - კოტე შარაშენიძის სასწრაფოდ დასჯა მოითხოვეს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა, მმართველი პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრებზე, რომელიც კურორტ შეკვეთილში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სასტუმრო "პარაგრაფში'" ორ დღეს გრძელდებოდა და ამ წუთებში დასრულდა.

შეხვედრაზე პარტიის ადგილობრივი ლიდერის, მერაბ ჭანუყვაძის ჯგუფი აქტიურობდა და ამ თემაზე ივანიშვილს მათ რამდენიმე შეკითხვა საჯაროდ დაუსვეს.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის აქტივისტები ზემოთჩამოთვლილი საჯარო მოხელეების მისამართით გულისწყრომას მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო გამოხატავდნენ.

ოზურგეთის "ოცნებაში'", ლომჯარია-იმედაშვილი-შარაშენიძის მისამართით პრეტენზიები არა მათი სამსახურეობრივი საქმიანობის გამო აქვთ, არამედ, მათივე მტკიცებით, ყველა ეს ზემოჩამოთვლილი პირი "ნაციონალია" და არჩევნებში მათ "ხმებს ართმევს".

როგორც 'გურიის მოამბეს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა უთხრეს, განსაკუთრებული აქტივობით ამ საკითხში საკრებულოს დეპუტატი მარიკა ჩხიკვიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი თეა კვირკველია გამოირჩეოდნენ.

ხაზგასასმელია, რომ ოზურგეთის მერი კოტე შარაშენიძე "ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერის, მერაბ ჭანუყვაძის სამიზნე 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგაა, როცა ამ უკანასკნელმა პარტიის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე, რომლის შტაბის უფროსიც ჭანუყვაძე იყო მერობის არჩევნებში დაამარცხა, რასაც მეორე ტური დასჭირდა.

თეა ლომჯარიასა და ლელა იმედაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა კი პარტიამ ბოლო პერიოდში დაიწყო.

თეა ლომჯარიასთან დაპირისპირების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია, რაც შეეხება ლელა იმედაშვილს, მ,ასთან დაპირისპირებას ადგილზე იმით ხსნიან, რომ საჯარო სკოლების მიერ გამოცხადებულ მასწავლებლების შესარჩევ კონკურსებში რამდენიმე დეპუტატი და მმართველი პარტიის სახეები მონაწილეობდნენ, მათმა უმრავლესობამ კი კონკურსში გამარჯვება ვერ შესძლო, ყველა მათგანი მარცხის მიზეზებს სკოლის ადმინისტრაციების მათდამი უარყოფითი დამოკიდებულებით ხსნიან.

დაიწყება თუ არა კიდევ ერთხელ პარტიული ნიშნით გურიაში რეპრესიები ამას მომავალი გვიჩვენებს.

თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ამ დასახელებული სამი პიროვნებიდან, არც ერთი არ არის არათუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, არამედ მხარდამჭერიც კი.

"თუ წარსულზეა აპელირება, მაშინ მერაბ ჭანუყვაძემ უნდა გაიხსენოს რომ მისი ძმა, შოთა ჭანუყვაძე წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და სწორედ მისი ხისტი პოლიტიკა, რასაც ეხლა "ოცნება" რეპრესიებს უწოდებს, მუდმივად უქმნიდა "ნაციონალურ მოძრაობას" პრობლემებს ამომრჩევლებში და ამ ხისტი პოლიტიკის გამო რასაც ვიმეორებთ "ოცნებაში' სისასტიკესთან აიგივებენ, იქნა მოხსნილი ჭანუყვაძე თანამდებობიდან 2011 წელს" - აცხადებენ ადგილობრივ 'ნაციონალურ მოძრაობაში".

ცნობისათვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო.

პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გურიის რეგიონალური ორგანიზაციის აქტივთან გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ გურიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, შტაბის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

 


'.$TEXT['print'].'