შეკვეთილში დაწყებულმა შეხვედრებმა მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირება გაამწვავა
ავტორი: გურიის მოამბე
შეკვეთილში დაწყებულმა შეხვედრებმა მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირება გაამწვავა

ბიძინა ივანიშვილის პარტიულ აქტივთან შეხვედრამ, რომელსაც სასტუმრო პარაგრაფში მართავს, "ოცნებაში" შიდა დაპირისპირები გააღრმავა. 

ამის შესახებ "გურიის მოამბესათვის" ცნობილი "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციების წევრებისაგან ხდება.

როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ადგილობრივ აქტივთან შეხვედრები გასული კვირის დასაწყისში, გურიის რეგიონიდან დაიწყო.

მართალია, იმის შესახებ, თუ რა საკითხებს განიხილავენ პარტიის ლიდერთან, ღიად არავინ საუბრობს, თუმცა იმ სიაში მოხვედრილებს, ვისაც ივანიშვილთან შეხვედრის "პატივი ერგო" პარტიის აქტივისტების მეორე ნაწილი გაუნაწყენდა და დაუპირისპირდა.

"შეხვედრის მიღმა" დარჩენილი აქტივისტები პასუხს თავიანთ ხელმძღვანელებს ადგილებზე თხოვენ, რამაც განსაკუთრებით მძიმე ფორმები ოზურგეთსა და ლანჩხუთში მიიღო და რამდენიმე ასეთი "გარჩევა" სიტყვიერ შეუარცხყოფაშიც გადაიზარდა.

კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით ირკვევა, რომ თითოეული იმ პირის სია, ვინც მათი ლიდერის შეხვედრას უნდა დასწრებოდა სუსმა შეადგინა და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის პირები დაბლოკა, ვისაც პარტიაში ნაკლებად სერიოზულად უყურებენ და აღიქვამენ: "იმათ, ვისაც აქ ნაკლებად ეკითხებიან ჭკუას, ან საერთოდ არ აინტერესებთ მათი აზრი, ყველა დაბლოკეს და არ დაუშვეს შეხვედრაზე"_გვითხრა წყარომ. 

იმაზე, რომ სია უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ კონტროლდებოდა, საუბრობენ ოპოზიციაშიც. ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან", კახა ასკურავა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:   

"ივანიშვილთან ე.წ პარტაქტივის სინამდვილეში მოქმედი საჯარო მოხელეთა შეხვედრა გავიგე,მარა ის ვერ გავიგე სუს-ი რატომ ადგენდა დამსწრეთა სიას?სუს-ში გადავიდა ოცნების "შტაბკვარწირა"თუ რამე იმნაირი არ უთხრან მამამარჩენალს გული არ აუცრუვდესო"?!

ცნობისთვის: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აქტივის წევრები ივანიშვილს სასტუმრო "პარაგრაფში" ხვდებიან. 

პირველი შეხვედრა გურიის წარმომადგენლობასთან გაიმართა, შემდეგ კი ის სამეგრელო-ზემო სვანეთის პარტიულ აქტივთან და საჯარო მოხელეებთან. 

'.$TEXT['print'].'