ოზურგეთში მიმდინარე კულტურის სახლის მშენებლობა ჩაშლის პირასაა - მილიონნახევარი ლარი შესაძლოა წყალში ჩაიყაროს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში მიმდინარე კულტურის სახლის მშენებლობა ჩაშლის პირასაა - მილიონნახევარი ლარი შესაძლოა წყალში ჩაიყაროს

ოზურგეთის კულტურის სახლის მშენებლობა, რომელიც  სოფელ ოზურგეთში, ყოფილი ადმინისტრაციული შენობის ბაზაზე მიმდინარეობს, შესაძლოა ჩაიშალოს. ამ მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონმახევარი ლარი კი, "წყალში ჩაიყაროს".

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ა(ა)იპ "ოზურგეთის კულტურის ცენტრიდან' აცნობეს.

როგორც ცენტრში ამბობენ, ამ პროექტის შესაძლო ჩაგდების მიზეზი, გარემოს დაცვის ზედამხედველობის გურიის დეპარტამენტის პოზიცია შეიძლება გახდეს.

საქმე იმაშია, რომ სოფელ ოზურგეთში კულტურის სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა, მის დასრულებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის სწორედ ეს დეპარტამენტი, რომელიც შენობის ერთ ფლიგელშია განლაგებული და თუ მშენებლებს დავესესხებით შენობას "ცოცხალი თავით" არ ტოვებს.

ამ შემთხვევაში კი კულტურის სახლი სცენისა და გასახდელების გარეშე რჩება, რაც მას საბოლოოდ უფუნქციოდ აქცევს.

არადა, მისი რეაბილიტაციის მიზანი ოზურგეთის კულტურის ცენტრის (მასში შემავალი ფოლკლორული ჯგუფებისა და ანსამბლები, ასევე ქორეოგრაფიული სტუდიების) გადაყვანა- განთავსება იყო, რომელიც დღემდე ამორტიზირებულ, ოზურგეთის ყოფილ "საფერშლოს" სკოლაში არიან კონცენტრირებულნი.

თავის მხრივ, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ფლიგელის რეკონსტრუქცია მათ ნახევარი მილიონი დაუჯდათ, შენობა უზურფრუქტით აქვთ გადაცემული და მის დატოვებას არ აპირებენ, რადგან აქ თავს კომფორტულად გრძნობენ.

ოზურგეთის მერიამ ე.წ. "გედეის" რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის გურიის სამხარეო პოლიციის ყოფილი შენობა, ანასეულის ლაბორატორია, თუმცა, ყველა შეთავაზებაზე 'გედეიმ" უარი განაცხადა.

როგორც მერიაში აცხადებენ, თავიდან, როცა მშენებლობა იგეგმებოდა "გედეიდან" მიიღეს სიტყვიერი თანხმობა და ამის შემდეგ დაიწყო პროექტზე მუშაობა.

თუმცა, მას შემდეგ რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სოფელ ოზურგეთში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, "გედეიმ" პოზიცია მოულოდნელად შეცვალა და ადგილზე დარჩენა გადაწყვიტა.

 

'.$TEXT['print'].'