ოზურგეთის საკრებულომ "პატრიოტთა ალიანსის" მოთხოვნა დადგენილებიდან "სექსუალური ორიენტაცია" ამოღების შესახებ არ დააკმაყოფილა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის საკრებულომ "პატრიოტთა ალიანსის" მოთხოვნა დადგენილებიდან "სექსუალური ორიენტაცია" ამოღების შესახებ არ დააკმაყოფილა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არ დააკმაყოფილა საკრებულოს დეპუტატის, "პატრიოტთა ალიანსიდან" ნანული ორაგველიძის წინადადება, რომელიც მოითხოვდა, რომ საკრებულოს მიღებული დადგენილებიდან სიტყვა "სექსუალური ორიენტაცია" ამოეღო:

"ისედაც გაღიზიანებულია საზოგადოება, მაინც ვიცით რა იგულისხმება და იქნებ ეს სიტყვა "სექსუალური ორიენტაცია"  ამოვიღოთ" - მიმართა ორაგველიძემ კოლეგებს კენჭისყრის წინ.

ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს, ამ მომენტისათვის, "გენდერული თანასწორობის საბჭოს" დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებები შეჰქონდა.

ორაგველიძის ინიციატივის კენჭისყრაზე დაყენება მოითხოვა მომხსენებელმა, "ქართული ოცნებიდან" დეპუტატმა, ლელა საჯაიამ, თუმცა დეპუტატების მარიკა ჩხიკვიშვილისა და ლავრენტი ბიგვავას ჩარევის შემდეგ დადგენილებაში სიტყვა "სექსუალური ორიენტაცია" "ხელუხლებელი" დარჩა.

ბიგვავა და ჩხიკვიშვილი აცხადებდნენ რომ ეს წინადადება (რომელშიც სიტყვა "სექსუალური ორიენტაცია"  ფიგურირებს) კონსტიტუციაშიც ასეთი წყობითაა და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონშიც და ოზურგეთის საკრებულო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

ცნობისათვის: საუბარია დებულების მეოთხე მუხლის - გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის საქმიანობის ეთიკური საფუძვლები - მესამე პარაგრაფზე - კერძოდ -

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი პატივისცემით ეპყრობა საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს, განურჩევლად რასისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნულ ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილისა. არ უშვებს დისკრიმინაციას რასის, სქესის, ასაკის, სოციალური მდგომარეობის, შეხედულებების ან სექსუალური ორიენტაციი მიმართ.

ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს სხდომა ამ წუთებში დასრულდა.

დეპუტატებმა 20 საკითხი განიხილეს.

 

'.$TEXT['print'].'