მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადებამ ოზურგეთში პანიკა გამოიწვია
ავტორი: გურიის მოამბე
მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადებამ ოზურგეთში პანიკა გამოიწვია

აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში - მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადებამ გურიაში ჩამომავალი მდინარე სუფსის მიმდებარე სოფლების მოსახლეობაში, სილაურში, მელექედურსა და ნაგომარში პანიკა გამოიწვია.

პანიკის გამომწვევი მიზეზი ამ სოფლებში მოქმედი ინერტული მასალების მომპოვებელი კარიერებია, სადაც ადგილობრივთა მტკიცებით რამდენიმე ათეული ადამიანი, ძირითადად მძღოლები, ამ მუნიციპალიტეტებიდანაა დასაქმებული.

როგორც ადგილბრივები "გურიის მოამბეს" ატყობინებენ, მდგომარეობას ამძაფრებს ის, რომ მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა:

"სწორედ ამ რეელიგიურ დღესასწაულში მონაწილეობის გამო ეს ადამიანები ორი დღეა აქედან წასულები არიან და ამ დღეებში აპირებენ დაბრუნებას" - გვეუბნება ერთ ერთი ადგილობრივი მოსახლე სოფელ სილაურიდან.

მარნეულში და ბოლნისში გუშინ საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოაცხადა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდნენ მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

ცნობისთვის, მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს.

კარანტინი ახალი კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ამასთან, 21 მარტიდან, ერთი თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

'.$TEXT['print'].'