კომენდანტის საათისას ჯარიმის შიშით გურულმა თავი "ავჩალკის" საკბილოდ გაიმეტა
ავტორი: გურიის მოამბე
კომენდანტის საათისას ჯარიმის შიშით გურულმა თავი "ავჩალკის" საკბილოდ გაიმეტა

შემთხვევა ამ დღეებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მოხდა.

სახლისაკენ ფეხით მიმავალმა გურულმა დრო ვერ გათვალა და კომენდანტის საათის დროის ათვლამ სახლიდან ასიოდე მეტრში "მიუსწრო".

აჩქარდა მამაკაცი, მაგრამ სად იყო და სად არა პოლიცია მიადგა სახლისაკენ მიმავალს:

-აქ რას აკეთებო - გააჩერეს თუ არა სამსახურეობრივი "პიკაპი" კითხეს გურულს პოლიციელებმა.

- აფერს, აგერ ვცხოვრობ და ვიფიქრე ჰაერს გადავყლაპავ ვთქვა - არ დაიბნა და უცებ უპასუხა მეზობლის ჭიშკრის წინ მდგარმა გონებამახვილმა გურულმა პოლიციელებს (გურიის სოფლებში ასი მეტრით დაშორებულებსაც მეზობელს ეძახიან),

-მერე ჩადი სასწრაფოდ თუ კაცი ხარ ეზოში თორემ დაგაჯარიმებთ, ამხელა ეზო გაქ და მანდამაინც ჭიშკრის წინ ყლაპავ ჰაერს - გაიკვირვეს პოლციელებმა.

-კი, ა მოვწევ და ამ წუთას - უთხრა გურულმა, რომელსაც მეზობლის ეზოში ჩასვლა ცოცხალი თავით არ უნდოდა, რადგან იქედან კბილებდაკრეჭილი კავკასიური ნაგაზი იღრინებოდა.

-მიდი, მიდი ჩქარა, გელოდებით, სანამ არ ჩახვალ არ წავალთ-არ მოეშვა გაჭირვებაში ჩავარდნილ კაცს პოლიცია.

რაღა ექნა გურულს, ორიათასი ლარის ჯარიმის შიშით იხტიბარი არ გაიტეხა და ჩავიდა ეზოში და  თავის ბედი ნაგაზის გონებამიხვედრილობას მიანდო.

პოლიციის წასვლა და გურულის კივილი ერთდროულად მოხდა-თუმცა პოლიციისგან გაწირული ღმერთმა არ მიატოვა-საუბარზე ნაგაზის პატრონს გამოუხედია და საკუთარ ძაღლს "ნახევრადშეჭმული" გურული იქვე "გამოართვა პირიდან".

სავარაუდოდ მისი მკურნალობა სამიათას ლარზე მეტი დაჯდება მაგრამ, გურული მაინც ბედნიერია რომ ჯარიმას გადაურჩა.

'.$TEXT['print'].'