დამკვირვებელი:"ყველა ის პირი რომელიც კაბინაში ფოტო ან ვიდეო გადაღებას მოახდენს სასამართლოს წინაშე წარსდგება"
ავტორი: გურიის მოამბე
დამკვირვებელი:"ყველა ის პირი რომელიც კაბინაში ფოტო ან ვიდეო გადაღებას მოახდენს სასამართლოს წინაშე წარსდგება"

"გურიის მოამბე" ესაუბრა დამოკიდებელი კანდიდატის ოზურგეთის მერობის პოსტზე, კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, კახა ჩავლეშვილს.

- ბატონო  კახა წინასაარჩევნოდ ძალიან ბევრი საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე და ამომრჩევლის დაშინებაზე, მაგალითად საუბრობენ, რომ ამომრჩეველს სთხოვენ ფოტო გადაუღონ საარჩევნო ბიულეტენს ხმის მიცემის კაბინაში. თუ შეიძლება გვითხარით რა ღონისძიებებს გაატარებთ ამომრჩევლის ხმის დაცვის მიზნით?

- საუბარი იმაზე, რომ კენჭისყრის კაბინაში ამომრჩეველს უფლება აქვს მოახდინოს ბიულეტენის ფოტო/ვიდეო გადაღება არასწორია, რადგანაც კანონი განმარტავს, რომ -,,კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია".

ნორმის ტექსტის ხასიათიდან გამომდინარე ზოგი თვლის, რომ ვინაიდან კენჭისყრის ფარულობა ამომრჩევლის ხმის უფლების ფარულობის დაცვის გამო ხდება, თავად ამომრჩეველს აქვს უფლება არ ისარგებლოს ამ უფლებით და გადაიღოს ბიულეტენი ხმის მიცემის კამერაში. რაც არასწორია და ამას საარჩევნო კანონმდებლობის ნორმების საერთო ანალიზი ადასტურებს და თუ ამას საარჩევნო ადმინისტრაცია ყურადღებას არ მიაქცევს მივმართავთ სასამართლოს, სადაც უკვე თავად ამომრჩეველი უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ასეთ შემთხვევაში თავად ამომრჩეველსაც უჩივლებთ?

- რა თქმა უნდა, რადგანაც ამას ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა, დამრღვევი ამ შემთხვევაში ამომრჩეველი გახლავთ და ამის შემდეგ მან სასამართლოში თავად უნდა იმართლოს თავი. შესაბამისად გპირდებით, რომ  ყველა ის პირი რომელიც კაბინაში ფოტო ან ვიდეო გადაღებას მოახდენს სასამართლოს წინაშე წარსდგება. ასეთი საჩივრების წარდგენის უფლება გვაქვს და მის რეალიზებას აუცილებლად მოვახდენთ. აქვე ვაცხადებთ, რომ თუ კი ვინმეს აიძულებენ ასეთი უმსგავსოების გაკეთებას მას ყველა ჩვენს ხელთ არსებულის აშუალებებით დავიცავთ, ასეთი საშუალებები კი დარწმუნებული იყავით ნამდვილად გაგვაჩნია.

- მოსალოდნელია თუ არა ე.წ. კარუსელები არჩევნების დღეს და რას გეგმავთ თუ კი ასეთ ფაქტებს ექნება ადგილი?

 - პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ასეთის ჩამდენი პირი თუ პირთა ჯგუფი უნდა იაზრებდეს იმას, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის და ეს დანაშაული უფრო მძიმე ხასიათის და შედეგების მქონეა ვიდრე ე.წ. ჯიბის ქურდობა. ჩვენ საარჩევნო უბნებზე და მის მიმდებარედ მრავლად გვეყოლება ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ არსებული სიტუაციის ფოტო და ვიდეო გადაღებებს, მათ შორის გვეყოლება ე.წ. კარუსელებზე მონადირე მოხალისეთა ჯგუფები და არავის არ ვურჩევ ასეთი სისულელის გაკეთებას. დარწმუნებული იყავით, რომ ასეთ ქმედებაში შემჩნეული პირები აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში

 

ამ შემთხვევაში ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრის შეტანით. ყველას შევახსენებთ, რომ ამ მხრივ შეცვლილია კანონმდებლობა და დღეს უკვე ამომრჩევლის იძულება ამათუ იმ კანდიდატს მისცეს ხმა ორ წლამდე პატიმრობით ისჯება, იგვე ორ წლიან პატიმრობას  ითვალისწინებს ხმების არასწორად დათვლა, შედეგების გაყალბება და არჩევნებში ორჯერ ან მეტად ხმის მიცემა, რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას ეს დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ყველა იმ ადამიანს დავიცავთ ვისაც აიძულებენ მისი ნების საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა ამათუ იმ კანდიდატს.

'.$TEXT['print'].'