ვის ინტერესებშია ბუკისციხის სკოლის დანგრევა და რატომ ემუქრებიან პედაგოგებს-რას წერს ერთ-ერთი მასწავლებელი
ავტორი: გურიის მოამბე
ვის ინტერესებშია ბუკისციხის სკოლის დანგრევა და რატომ ემუქრებიან პედაგოგებს-რას წერს ერთ-ერთი მასწავლებელი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის სკოლის პედაგოგი ნათია ხუცურაული სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც საუბარია ამავე სოფლის სკოლასთან დაკავშირებით. როგორც პედაგოგი წერს, ვიღაცის პირადი ინტერესითა და  გასაიდუმლოებული მოქმედებებით, ისტორიული სკოლის შენობის დანგრევა იგეგმება, მუქარის მუქარის ტონით ესაუბრებიან პედაგოგებს და  წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში შენობიდან პოლიციის ძალით გაყვანას პირდებიან: 

"მეგობრებო, ზოგადად იშვიათად ვაქვეყნებს პოსტებს სოციალურ ქსელში, მაგრამ დღეს ჩვენი დიდი ტკივილი რომ არ გაგიზიაროთ არ შემიძლია.
რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში გაჟღერდა ინფორმაცია აღნიშნული სკოლის სასწრაფოდ დანგრევის აუცილებლობის შესახებ. სკოლის სასწრაფოდ დანგრევის აუცილებლობლობა არაკომპეტენტური პირების დასკვნის საფუძველზე იქნა გავრცელებული. სამხარაულის დასკვნაში სკოლის სასწრაფოდ დანგრევასთან დაკავშირებით საუბარი არ არის და დღეის მდგომარეობით ფიქსირდება II-III ხარისხის დაზიანებები კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც მიეკუთვნება მეორე კატეგორიას, რაც ნიშნავს შენობა-ნაგებობის დაბალი რისკის ფაქტორს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ არცერთ გეოლოგს არ შეუმოწმებია სკოლის მდგომარეობა და ამჟამად არ არსებობს გეოლოგიური დასკვნა.
ამ სკოლას აქვს დიდი ისტორია, ამ სკოლაში სწავლობდა უამრავი ადამიანი, რომელსაც უყვარს და ადარდებს სკოლის ბედი და ამ სკოლის კედლებს უკავშირდება თითოეული კურსდამთავრებულის მოგონებები. 
დღესდღეისობით, როდესაც უამრავი საშუალება არსებობს პრობლემის არსის დასადგენად, ასე ვიღაცის სიტყვით, პირადი ინტერესით, გასაიდუმლოებული მოქმედებებით და სურვილით ისტორიული მნიშვნელობის სკოლის დანგრევა არის პირდაპირი დანაშაული, სოფლის, სკოლის მოსწავლეების, რაიონის და ზოგადად ქვეყნის წინაშე. 
მინდა იცოდეთ, რომ „ზოგიერთები“ იქამდე დაეცა მუქარა-ზეწოლაც არ დაიშურა და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში პედაგოგებს, პოლიციის ძალით სკოლიდან გაყვანითაც კი დაგვემუქრა. შემდეგ მე მომმართა და მითხრა, რომ თურმე ბუკისციხის სკოლის ბედი ჩემის საქმე არ არის. 
„ჩვენი სკოლის გულშემატკივარნო“ მინდა შეგახსენოთ, ჩვენ იმ პედაგოგების რიცხვს მივეკუთვნებით, რომლებმაც გამოვიარეთ შიმშილი, უშუქობა, სიცივე, უხელფასობა, სირთულეები და არასოდეს გვიღალატია ჩვენი სკოლისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. იცით რამ მოგვიყვანა აქამდე? - უანგარო სიყვარულმა, ერთსულოვნებამ და ერთმანეთის გვერდით დგომამ.
გ თ ხ ო ვ თ გონს მოეგოთ და ისედაც მიგრაციულ სოფელს არ წაართვათ მომავალი!

გამდიდრების მანიით შეპყრობილ ადამიანებს, არ უნდა მივცეთ მსგავსი ქმედებების განხორციელების საშუალება და არასაიმედო დასკვნებს ბრმად არ უნდა ვენდოთ! 
თითოეული ჩვენთაგანის უფლებაა, მოვითხოვოთ საიმედო დასკვნები სკოლის რეალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოვძებნოთ პრობლემის აღმოფხვრის ალტერნატიული გზები.
თითოეულ თქვენთაგანს, ვისაც გადარდებთ ამ სკოლის ბედი, მოგმართავ თხოვნით ჩაერთოთ და დაგვეხმაროთ სკოლის (ნამდვილად) დანგრევის საჭიროების გარკვევაში, რათა თავიდან ავიცილოთ კონკრეტული პირების ინტერესები და სავალალო შედეგები. 
ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ - რატომ"?-წერს პედაგოგი, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

"გურიის მოამბე" შეეცდება გაარკვიოს დეტალები, თუ რა ხდება კონკრეტულ სკოლასთან დაკავშირებით. ჩვენ დავუკავშირდებით განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს და ჩოხატაურის ხელისუფლებას, მათ კომენტარებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

 

'.$TEXT['print'].'