ბუკისციხის სკოლის დანგრევის აუცილებლობა არ არსებობს-მისი გამაგრება შესაძლებელია
ავტორი: გურიის მოამბე
ბუკისციხის სკოლის დანგრევის აუცილებლობა არ არსებობს-მისი გამაგრება შესაძლებელია

"გვინდა გაცნობოთ, რომ საინჟინრო-გეოლოგიური და საექსპერტო-ტექნიკური კვლევის დასკვნის შედეგად, შესაძლებელია სკოლის გამაგრება და სკოლის დანგრევის აუცილებლობა არ არსებობს"

ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, სკოლის პედაგოგის, ნათია ხუცურაულის გვერდზე, ამავე საჯარო სკოლის პედაგოგები ავრცელებენ.

გთავაზობთ პედაგოგების მიერ ამ წუთებში გავრცელებულ წერილს სრულად:

როგორც მოგეხსენებათ ბუკისციხის საჯარო სკოლასთან დაკავშირებული პრობლემები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სკოლა სასწრაფო წესით უნდა დაგვეცალა და გადავსულიყავით ალტერნატიულ ფართში. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენ, ბუკისციხის საჯარო სკოლის მასწავლებლები და სკოლის გულშემეტკივრები, ერთგუნდად შეკრულნი ვცდილობდით ჩატარებულიყო ყველა საჭირო კვლევა და მხოლოდ „სამხარაულის ექპერტიზის“ მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე დადებული დასკვნით არ დანგრეულიყო შენობა. 
უმარავი შეურაცყოფის და დაბრკოლების მიუხედავად, ამ დროის მანძილზე, ჩვენ სამართლიანად ვცდილობიდით დაგვედგინა სკოლის რეალური მდგომარეობა. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით და სკოლის გულშემატკივრების დიდი ძალისხმევითა და დახმარებით მოვახერხეთ, როგორც საინჟინრო-გეოლოგიური, ასევე საექსპერტო-ტექნიკური კვლევის ჩატარება და შედეგიც მივიღეთ. 
დღეს, გვინდა გაცნობოთ, რომ საინჟინრო-გეოლოგიური და საექსპერტო-ტექნიკური კვლევის დასკვნის შედეგად, შესაძლებელია სკოლის გამაგრება და სკოლის დანგრევის აუცილებლობა არ არსებობს
ჩვენ 3 თვის მანძილზე ვეცადეთ დაგვეგდინა სიმართლე და შეგვენარჩუნებინა სკოლა, რომელიც ძალიან გვიყვარს. 
ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდით გვედგა, გვამხნევებდა და გვეხმარებოდა. ბუკისციხის საჯარო სკოლის მასწავლებლები განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით: ბეგრალ სიხარულიძეს, მისი მთავარი მიზანი და მოტივი იყო სკოლის შენარჩუნება და იგი ამ დროის მანძილძე ყოველთვის გვერდით გვედგა და გვეხმარებოდა, როგორც მორალურად ისე ფინანსურად. დიდი მადლობა გაწეული თანადგომისა და დახმარებისთვის, შენ შესანიშნავი პიროვნება ხარ, შენ აჩვენე თუ როგორია საკუთარი სოფლის სიყვარული! ასევე განსაკუთრებული მადლობა: რევაზ სიხარულიძეს, კოტე შარაშიძეს და ყველა იმ ადამიანს ვის ვინაობასაც აქ გარკვეული მიზეზების გამო არ ვწერთ. თქვენს მიერ გაწეულ თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ჩვენი სკოლისთვის ასევე ჩვენთვის. თქვენი სახით ბუკისციხეს სამაგალითო პიროვნებები ჰყავს! 
მიმაგრებულ ფაილში თქვენ ნახავთ რა ეწერა „სამხარაულის“ დასკვნაში, რომლის საფუძველზეც დამატებითი კვლევების გარეშე უნდა გადაწყვეტილიყო ჩვენი სკოლის ბედი. ასევე შეგიძლიათ იხილოთ საინჟინრო-გეოლოგიურ და საექსპერტო-ტექნიკური კვლევების შედეგები და თავად გააკეთოთ დასკვნა. 
ჩვენ ვითხოვდით საჭირო კვლევების ჩატარებას და დავამტკიცეთ, რომ სკოლა გამაგრებას ექვემდებარება და არ არის საფრთხის შემცველი, როგორც ეს „სამხარაულის ექსპერტიზის“ მიერ დადებულ დასკვნაში წერია. ახლა, უკვე კვლევებით დასტურდება შენობის შენარჩუნების შესაძლებლობა. რამდენად სამართლიანად შეასრულებენ უფლებამოსილი პირები საქმეს ეს უკვე მათ კომპეტენტურობაზეა დამოკიდებული. თუმცა აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ საჭირო გახდება ისევ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა მოხდეს სკოლის შენობის გამაგრება!
ახლა, როცა უკვე დამადასტურებელი დასკვნები არსებობს, გვინდა რამდენიმე ფაქტი გავიხსენოთ და განცხადება გავაკეთოთ.

2018 წლის 14 თებერვალს, ჩოხატაურის მერი, ბატონი ირაკლი კუჭავა, განათლების სამინისტროსთან არსებული ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენელ, დავით ჯავახიასთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია

ბუკისციხის საჯარო სკოლას. ამ დღეს უკვე არსებობდა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომელის შედეგი ამავე დღეს უნდა გამხდარიყო ჩვენთვის, პედაგოგებისთვის ცობილი. აღნიშნულ დასკვნას, საინჟინრო-გეოლოგური კვლევის ჩატარების დღიდან, 5 იანვრიადან მოყოლებული ველოდებოდით, თუმცა მოსულმა სტუმრებმა შენობა ისე დატოვეს, რომ დასკვნის შედეგი ჩვენთვის კვლავ უცნობი დარჩა... სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ტელევიზიების დაინტერესება აღნიშნული საქმით და სწორედ ჟურნალისტების სტუმრობის შედგეგ, 22 თებერვალს გახდა 31 იანვარს დადებული დასკვნის შედეგი ჩვენთვის ცნობილი. 

გასაკვირია, ის ფაქტი, რომ რაიონის პირველი პირი, ბატონი ირაკლი კუჭავა, რომელიც მისივე თქმით პირველად შეხდა ბატონ დავით ჯავახიას, თავგამოდებით იცავდა მას 2018 წლის 14 თებერვალს სკოლაში გამართულ შეხვედრაზე და იმეორებდა, რომ სკოლის შენობაში ყოფნა საფრთხის შემცველია.
ამ დღეს გამართული შეხვედრა, არ იყო ის შეხვედრა რასაც ჩვენ ველოდით. ბატონმა ირაკლიმ ჩვენი პოზიცია არც კი მოსმინა ისე დაიწყო „სამხარაულის ექსპერტიზის“-სა და პროფესორი დავით ჯავახიას კომპეტენტურობის დაცვა. მისი თქმით, ის თვალ-ყურს გვადევნებდა სოციალურ ქსელში, კითხულობდა პოსტებსა და კომენტარებს 2017 წლის დეკემბრიდან. მიუხედავად მისი დაკვირვებისა, ის 14 თებერვლამდე არ მოსულა ჩვენთან და ჩვენი პოზიცია არ მოუსმენია. 
ჩვენდა გასაკვირად ბატონმა ირაკლიმ ჩვენი პოზიციის გაგება არც კი ისურვა ისე მოგვაყენა შეურაცყოფა, რომ ჩვენ, მასწავლებლებს კომუნიკაციის პრობლემები გვაქვს, ამ საქმით პოპულიზმს ვეწევით და საზოგადოება შეგვყავს შეცდომაში. იგი დაჟინებით იმეორებდა, რომ დავით ჯავახია არის პროფესორი „სამხარაულის ექსპერტიზა“ არის კომპეტენტური ორგანო და ამ ორგანოს მიერ დადებული დასკვნა არის სანდო, რომ ეს შენობა არის საფრთხის შემცველი და ჩვენ, ჩვენი ქმედებებით საზოგადოება შეგვყავს შეცდომაში.
ამავე შეხვედრაზე გვაცნობა დავით ჯავახიამ, რომ საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნიდან ჩვენ აზრს ვერ გამოვიტანდით და ისე დატოვა შენობა, რომ დასკვნის შედეგები ჩვენთვის უცნობი დარჩა.
ჩვენ გვინდა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ სკოლის პრობლემებით მანიპულირებას, პოპულარობის მოპოვებას და ხალხის შეცდომაში შეყვანას ვეწევით განვუცხადოთ, რომ მათი ამგვარი შეხედულება ყოველგვარ სინამდვილეს სცდება. ასევე გვინდა გაგიმხილოთ, რომ ადეკვატურ პროტესტსა და „ანგაჟირებულობა“, „აფსურდის თეატრს“ შორის დიდი აზრობრივი სხვაობაა.
ჩვენ არც პოპულისტობას ვეწევით და არც ხალხი შეგვყავს შეცდომაში, ჩვენ ვიბრძვით სიმართლის დასადგენად და სკოლის შენობის შესანარჩუნებლად და თუ საჭირო გახდება ამას ისევ გავაგრძელებთ. 
ჩვენ, ბუკისციხის საჯარო სკოლის მასწავლებლები პატივს ვცემთ სამართლიანობას, ურთიერთპატივისცემას და თავისუფლებას. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, მეტი დრო დავთმოთ პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებას მშვიდობიან გარემოში და ნაკლები დრო დახარჯოთ ჩვენი კომენტარებისა და აზრების კონტროლზე.

პატივისცემით, ბუკისციხის საჯარო სკოლის მასწავლებლები.

'.$TEXT['print'].'