"ჩოხატაურის მერის საჯაროდ გაკრიტიკების გამო სოციალური დახმარება მომიხსნეს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ჩოხატაურის მერის საჯაროდ გაკრიტიკების გამო სოციალური დახმარება მომიხსნეს"

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში მცხოვრები შოთა ბოლქვაძე "გურიის მოამბესთან" საუბარში ირწმუნება, რომ მას სოციალური დახმარება, გასულ, 2017 წელს, ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას, საჯაროდ გაკრიტიკების გამო მოუხსნეს.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" -ის საინფორმაციო პროგრამა "კურიერის" კორესპონდენტთან საუბრისას, ბოლქვაძემ ჩოხატაურის მერი კორუფციაში დაადანაშაულა.

"კურიერი" ინტერვიუს დროს, დაბა  ჩოხატაურის ცენტრში, ჩოხატაურის მერობის ყოფილი კანდიდატის, გოჩა მეგრელიშვილის მომხრეების აქციას აშუქებდა.

აქციის მონაწილეები ჩოხატაურის მაშინდელ და ახლანდელ მერს, ირაკლი კუჭავას "ქართული ოცნების" ღალატში ადანაშაულებდნენ და მისი მმართველი პარტიიდან, ჩოხატაურის მერობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებდნენ.

62 წლის შოთა ბოლქვაძე, რომელიც მესამე ჯგუფის შშმ პირია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში, პენსიონერ მეუღლესთან (რომელიც მეორე ჯგუფის შშმ პირია) ერთად ცხოვრობს.

სოციალური დახმარება მას 2017 წელს მოეხსნა. როგორც თვითონ გვიხსნის, მიზეზს ჩოხატაურის სოციალური მომსახურების სააგენტოში არ აკონკრეტებენ, მეუბნებიან ასე მოვიდა თბილისიდანო, ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მას სოციალური დახმარება ჩოხატაურის მერის საჯაროდ, რუსთავი 2-ის ეთერში გაკრიტიკების გამო მოუხსნეს.

ბოლქვაძემ, საცხოვრებელი სახლის ავარიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ჩოხატაურის მერს  თხოვნით, რამდენჯერმე 2013, 2014, 2015, 2016 წლებში რამდენჯერმე მიმართა. სახლის სამშენებლო მასალის შეძენაში დახმარებისათვის მან ასევე მაჟორიტარ დეპუტატს ნინო წილოსანსაც მიმართა.

ბოლქვაძის განცხადებით, სტიქიამ მისი სახლი მნიშვნელოვნად დააზიანა, ის საცხოვრებლად სასიშია და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან სამშენებლო მასალით დახმარებას ითხოვდა.

"პარალელურად მივმართე თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მანამდე კი მხარის გუბერნატორს, მოგვიანებით პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. პრეზიდენტიდან მივიღე პ0ასუხი რომ ჩემი წერილის ასლები დაეგზავნათ სოზარ სუბარის უწყებასა და ჩოხატაურის მერიას. როცა ჩოხატაურის მერიის სოციალურ სამსახურში მივედი პასუხისათვის,  მითხრეს-შენ პრეზიდენტიზა მიგიმართავს და დაგეხმაროს იგი ჩვენთან რა გინდაო".

როგორც სოციალურ სამსახურში გვითხრეს, 2017 წელს ბოლქვაძის გადამოწმება მოხდა დემოგრაფიული ცვლილების საფუძველზე, მას ჰქონდა 17 ატასი ქულა, გადამოწმების შედეგად ქულები ავიდა 65 ატასზე, რამდენიმე ხნის შემდეგ, ისევ გადამოწმების შედეგად ქულათა რაოდენობა 85 ათასზე ავიდა.

არადა ბოლქვაძე ირწმუნება რომ, როცა მისი შვილი გათხოვდა, თვითონვე განცხადებით მიმართა სოციალურ სააგენტოს და ქულათა რაოდენობა 17 ათასამდე იკლო.  ბოლქვაძეებმა ქალიშვილი 2013 წელს გათხოვდა, სოციალური დახმარება კი 2017 წელს მოეხსნა.

"როცა ქულები 17 ათასზე დავიდა ორი თხა გვყავდა, ახლა ისიც აღარ გვყავს, ხუთიოდე ფრთა შინაური ფრინველი და მორჩა"-იხსენებს ბატონი შოთა და აცხადებს, რომ დარწმუნებულია , მისი ოჯახი,  ჩოხატაურის მერის მხრიდან, შურისძიების მსხვერპლი გახდა, ამ უკანასკნელის კრიტიკის გამო.

"ოჯახში ფიქსირდება 2 სული, მათ შორის 1 საპენსიო ასაკის, რომელიც 180 ლარის ოდენობის სახელმწიფო გასაცემლით სარგებლობს, ოჯახს ასევე აქვს გაყიდული პროდუქციიდან შემოსავალი 200 ლარი. უფიქსირდებათ გარეთ მცხოვრები ორი შვილი, რომლებიც მოიზარებიან ოჯახის პოტენციურ დამხმარეებად. ასევე გააჩნიათ მიწის ნაკვეთი 1700 კვარდრატული და 3 ოთახი საკუთარი საცხოვრებელი ფართი. დეკლარაციაში ასასული ეს კომპონენტები ერთობლიობაში ავტომატურად ქმნიან მაღალ სარეიტინგო ქულას"-გვპასუხობენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.


ჩოხატაურის მერიის პოზიციას მოგვიანებით გაგაცნობთ.

 

'.$TEXT['print'].'