გასული საუკუნის "წითელი რაზმეულების" საქმიანობა გურიაში "ტერორისტული გურია"
ავტორი: გურიის მოამბე
გასული საუკუნის "წითელი რაზმეულების" საქმიანობა გურიაში "ტერორისტული გურია"

 

პროფ. რევოლუციონერი  მიხეილ ივანეს ძე ჭოხონელიძე იგონებს: „რევოლუციური კომიტეტის დადგენილების  მემამულეთა მიწების სარგებლობის შესახებ, თუ ვინმე დაარღვევდა, ღამით მოცელავდნენ მის ყანას და ოჯახს ბოიკოტს უცხადებდნენ“.

1903 წელი; აქვსენტი მოსეს ძე გოგოლაძე; გურიამ, სამეგრელომ და აჭარამ მემამულეებს 3 წლიანი გაფიცვა გამოუცხადა. მემამულეების მიწები დარჩა დაუთესავი  და მათმა  მომხრეებმა დათესეს ეს მიწები. სიმინდმა ფოჩვი რომ მოიწყო, ერთ ღამეს გაიცელა გურიის, სამეგრელოს და აჭარის მემამულეების ყანები. ვაჭრების ქარავნებს ურმებით, რომ მიჰქონდათ სიმინდი, წითელრაზმელები გზაზე ვხვდებოდით, საქონელს მიწაზე უყრიდით და ვჩეხავდით.

ლუკა ონისეს ძე ღაჟონიას ცნობით: „ოზურგეთის საზოგადოებამ, დვაბზუს მამასახლისს ნიკიფორე თავდგირიძეს ჩააბარა, ხალხზე დასარიგებელი ტანსაცმელი, რომელიც  მან ხალხს არ დაურიგა  და ნასათიბვარში არსებულ  დუქანში გაყიდა. ამის გამო, მდ. ნატანების ხიდის გასწვრივ მდებარე ტევრში  შევიკრიბეთ 20 კაცი. კრებას   თავმჯდომარეობდა ლადიკო რუსიეშვილი. კრების გადაწყვეტილებით ერმილე ღლონტს, რომელმაც  იცოდა მარცხენა ხელით წერა, დავაწერიეთ მუქარის  წერილი და დავახატეთ თოფი და კუბო. რაც იმას ნიშნავდა, რომ იმ პირის მიმართ, ვინც ასეთ  წერილს მიიღებდა, გადაწყვეტილი იყო სიკვდილი. ასეთივე წერილი გაუგზავნეთ, ძმებს თავამაიშვილებს.

1904 წელს, კომიტეტს ბოქაულ ელჩიბეგოვის სისხლი მოსწყურდა, რადგან ბოქაული ელჩიბეგოვი „გრანდიოზულ მიტინგს ჩაუსაფრდა,  სოფელ  ჯვარცმასთან და სროლა აუტეხა“:  შეტაკების დროს,მოკლა მიტინგის მონაწილე კალანდაძე. კალანდაძის სიკვდილით  ელჩიბეგოვმაც სიკვდილის სუსხი იგრძნო და ოზურგეთის მაზრიდან ქუთაისში გაიხვეწა. „ქუთაისში ჩასდია“. ელჩიბეგოვს „კომიტეტის“ გამოყოფილმა ტერორისტმა ბესარიონ ჟღენტმა და სიცოცხლეს გამოასალმა თავგასული ბოქაული (თ.ჟღენტი, 1905 წ. გურიაში, გვ.48).

კომიტეტის დავალებით, ტერორისტული აქტებით პირნათლად შესრულებაში, დიდად  გაითქვა სახელი ხიდისთაველმა სოლომონ ლომთათიძემ, ცხრაას ხუთის ბარიკადებზე, მან ქ.ბათუმში, „ჯანდარმი მოჰკლა ორგანიზაციის დავალებით: (თ. ჟღენტი,იქვე გვ. 82).

ასევე,  კომიტეტის მიერ დიდად გამორჩეული ტერორისტი იყო, „ჩიგოგიძე, მეტად ახალგაზრდა და არაჩვეულებრივი გამბედავი. ის გურიიდან წავიდა, ჭიათურაში სამუშაოდ, სადაც  შუაღამისას მოჰკლა ბესარაბიის პოლკის მეექვსე როტის კომანდირი ტარასოვი : ( თ.ჟღენტი, იქვეა  გვ 82).

1905 წელს ტერორისტ დიომიდე ღლონტის მიერ, კომიტეტის გადაწყვეტილებით სიცოცხლეს გამოესალმა „განთქმული შავრაზმელი, მესამე საპოლიციო უბნის ოკოლდოჩნიკი“ შმიკინი (იხ 1905 წ.  ბორკილები ბათუმში, 1925 წ. გვ 18).

ტერორისტული მოძრაობის უფრო მოწინავე  ავანგარდს წარმოადგენდა ე.წ. „ბომბისტების“ შენაერთი რევოლუციის მომზადების პერიოდში-აღნიშნავს ილ.დარახველიძე-„გურიის კომიტეტმა შეადგინა წითელი რაზმი... რაზმის ხელმძღვანელად ითვლებოდა ლადიმე დუმბაძე. ეს ლადიმე შემდეგ მოკლული იქნა პერსიეს რევოლუციაში თათარხანის რაზმში.(იყო) ტერორისტების უფრო  ვიწრო ჯგუფიც. ყველა თემს  ჰყავდა, თავისი ტერორისტი... ყველას სახელი მე არ მახსოვს... საჭირო შეიქმნა რაზმის შეიარაღება. ვიღებთ ყოველგვარ ზომებს რაზმის შესაიარაღებლად.იკრიბება ფული იარაღიზა. ვანიარაღებთ ოზურგეთის პოლიციას...  ვართმევთ რეაქციონერებს იარაღებს. ამ დროს,  მოდის ამბავი ფოთში იარაღის შემოზიდვის...აქ იქნა, გურიის წითელი რაზმი გაგზავნილი. შევაიარღეთ  წითელრაზმელები... თანაც ცალკე ჯგუფებად გამოყოფილი მყავს ბომბისტები.  ვონია ბურჭულაძე, ვონია მიმინოშვილი, ვასო გორგაძე... ეს პირები სწავლობდნენ ბომბის სროლას“ (მმმფ.N11, საქმე N1. გვ 4).

ჩასირმულ და წითელ ჩაქურაში გამოწყობილი რაზმი, შიშის ზარს სცემდა მთავრობის აგენტებს ( თ. ჟღენტი, 1905 წელიგურიაში,გვ. 84).

„15 წლის კატორღა მისჯილი“, ნატანებელი ლადიკო კვაჭანტირაძის ცნობით, „ჩვენი წითელი რაზმის მეთაური გიორგი მურვანიძე, მისი თანაშემწე კი, იგორ ბოლქვაძე იყო. ნატანებისა  და სუფსის რაიონი გრიშა დუმბაძემ გააერთიანა. ასეულის უფროსი ნატანებიდან ალთიმოს გობრონიძე იყო, სუფსის თემიდან  თომა ბოლქვაძე. წითელ რაზმს ჰქონდა თავისი - წითელი„ჟილეტკა“. შავი ჩაქურა და  თოფი ხელში.   ვსწავლობდით, თუ როგორ  გაგვება ტელეფონი და როგორ გაგვეკეთებია  ბარიკადა....

მივიღეთ  ცნობა,  რომ   ბათომიდან თბილისში მატარებლით მიაქვთ,  იარაღი.  ჯუმათში მატარებელი გავაჩერეთ. აღმოჩნდა რამდენიმე თოფი და ტყვიები, ნაგანის სისტემის რევოლვერები...

ოქტომბერში ჩვენ მივიღეთ ცნობა კომიტეტიდან, აგვეყარა რკინის გზა ნატანებსა და სუფსას შორის, დაგვემსხვრია ტელეფონები  და აგვეფეთქებია ხიდები.დაგვეჭრა ოზურგეთისშარა-გზაზე ტელეფონის ბოძები. ყოველივე ეს, იმავე ღამეს სისრულეში მოვიყვანეთ... (მოხდა) ჩვენი შეტყუება კაზაკებთან. (რაზმელებმა) რვა კაზაკი მოკლეს და წამოიღეს მათი თოფები...სადაც,  წავეწეოდით,იარაღს ვართმევდით,  იარაღი გამოგვქონდა, აგრეთვე, საფოსტო  ან სხვა დაწესებულებებიდან. დეკემბერში ცნობა მივიღეთ, რომ თბილისის ამხანაგებს, ესაჭიროებოდათ დახმარება. სპეციალური მატარებლით გავემგზავრეთ  თბილისს.  ყველა სადგურებში, რაზმელები გვემატებოდა...ზესტაფონში-  გურულების და მეგრელების რაზმები შევერთდით....ყვირილაში ჩვენს მიერ 30 შემჩნეული პირი დაპატიმრებული იქნა და გადავეცით იქაურ კომიტეტს“ ( თ. ჟღენტი,  1905 წელი გურიაში, გვ 91)           .

„გურიის წითელი რაზმის“ აქტიური წევრის ვ.  ჭედიას მოგონებაში ვკითხულობთ: მოდის ცნობა ქუთაისიდან, რომ კაზაკები ხოცავენ ხალხსო; მეორე დილითვე გურიის წითელი რაზმი მიემგზავრება ქუთაისში. ჩავდივართ ქალაქში. კაზაკები კაზარმებში იკეტებიან. ირგვლივ სიმშვიდეა. ვბრუნდებით უკან. ანალოგიური ცნობა მოგვდის ფოთიდან. ვაპირებთ ფოთში წასვლას. ქუთაისის ლიბერალური გუბერნატორი სტაროსელსკი წინადადებას აძლევს ჯარის უფროსს გაემგზავროს ფოთში და  ალაგმოს კაზაკთა თავხედობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გურიის რაზმი აღადგენს ფოთში წესრიგსო;  ღენერალი თანხმდება. თხოულობს ნებას, რკინიგზით გამგზავრებისას. მას მიჰყვებიან ჩვენი ამხანაგები. კაზაკებს იქაც ყაზარმებში ერეკებიან.                                                                                                                                                                                                                                                  

 მოგვდის ცნობა,  ბათომის გასაჭირის შესახებ. რაზმი ჩამოდის ნატანებში. კვლავ უკან დაბრუნდება...სრული სამხედრო წესები. წვრილ-წვრილი შეტაკებები.მსხვერპლი  მაგრამ საუკეთესო სულიერი განწყობილება“ (1905 წელი.   ბათომში 1925 წ. გვ. 79-80)

სურათზე: ბახმაროს წითელი რაზმი

 

'.$TEXT['print'].'