ჩოხატაურში მერის წარმომადგენელი ნარკოტიკების-შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურში მერის წარმომადგენელი ნარკოტიკების-შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბუკისციხის თემში, გ. ეზიეშვილი პოლიციამ დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით "გურიის მოამბესტან" კომენტარს აკეთებენ ადგილობრივები:

"ნორმალური პიროვნებაა, კაი ახალგაზრდა ბიჭია, მეტი არაფერი არ ვიცი. დაკავებულია სამარშრუტო ტაქსშიო მარტო ეს გავიგე"-აცხადებს სოფელ ბუკისციხის ბიბლიოთეკის გამგე, მანანა თედორაძე.  

"ნამდვილად ვერ დავიჯერებ მაგას, იმიტომ, რომ ჩვენს თვალწინ ტრიალებს სულ ეს ბავშვი. არანაირი მსგავსი სიტუაცია, ცუდი არაფერი მაგისგან არ ვიცით. არის ერთი პატიოსანი ბავშვი, რომელმაც შექმნა წესიერი ოჯახი და ზრდის ორ შვილს"-გვითხრა ადგილობრივმა, მზია კიკვაძემ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ: „ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს ამბავი. ამ დილით გავიგე, რომ დააკავეს. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში აქამდე შემჩნეული არ ყოფილა. 2015 წელს, როდესაც ის სამსახურში მივიღეთ, ცნობა აქვს წარმოადგენილი, რომ მომხმარებელი არ იყო. ველოდებით გამოძიებას“, - აღნიშნა ჩოხატაურის მერმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, 1974 წელს დაბადებული გ.ე. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა გ.ე. დაბა ჩოხატაურში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 1 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ამოიღო. ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გ.ე. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

'.$TEXT['print'].'