აფხაზური და მესხური ტრადიციები-იმერული ცოლიკაური და გურული ჩხავერი - ბუკისციხე - "ღვინის გზა"
ავტორი: გურიის მოამბე
აფხაზური და მესხური ტრადიციები-იმერული ცოლიკაური და გურული ჩხავერი - ბუკისციხე - "ღვინის გზა"

აფხაზი თავადების - შერვაშიძეების მმართველობა, მესხი ჯაყელების წისქვილი, ადრეფეოდალური ხანის ციხე, ერკეთის მონასტერი, სუფსის ხეობა და გურის ტბა, იმერული ცოლიკაურის პლანტაციები, ადგილობრივ მეღვინეთა მარნები, გურული ჩხავერის მწარმოებლები, იაკობ მარის (ნიკო მარის მამა, ცნობილი შოტლანდიელი მებაღე და აგრონომი) საფლავი ეკლესიის გალავანში, რაფიელ შარაშიძის სასახლე-ეს ჩამონათვალიც კი საკმარისია იმისათვის, რომ გურიის ეს ულამაზესი სოფელი უამრავი ტურისტისათვის მიმზიდველი ადგილი გახდეს.

ეს კომპლექსი გურიის მრავალრიცხოვან ზღვაზე თუ მთაში დამსვენებელთათვის, მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა ტურიუსტულ ტურებზე უამრავი სტუმრის მოსაზიდად.

ამის შესაძლებლობას ბოლო წლებში ამ სოფელში მეღვინეობის განვითარების ტემპებიც კიდევ უფრო რეალურს ხდის.

ბუკისციხე ჩოხატაურიდან 6 კილომეტრში მდებარეობს, ჩოხატაური სურების დამაკავშირებელ გზაზე; თანამედროვე ბუკისციხის თემი ორ სოფელს-თავად ბუკისციხესა და იანეულს აერთიანებს;

ერკეთის მონასტერი კი მისგან 5 კილომეტრში;

სურებისაგან განსხვავებით, რომელიც ისტორიულად "გურიის ბეღელს" წარმოადგენდა და თავი როგორც რევოლუციონერების სამჭედლოთ წარმოაჩინა, ბუკისციხე განვითარებული მეღვინეობით იყო ცნობილი;

თვით საბჭოთა პერიოდშიც კი, როცა კოლმეურნეობებიც პრიორიტეტული კულტურა ჩაი და ციტრუსი იყო, აქ მეღვინეობის ჩანაცვლება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო.

ციხე

როგორც თავად სოფლის სახელიდან შეგვიძლია დავასკვნათ მისი პირველი სავიზიტო ბარათი ციხეა - ის მდინარე სუფსის მარჯვნივ, მაღალ გორაზე მდებარეობს. ციხის აღმდგენად მოიხსენიება მამია III გურიელი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ზეობდა.1774 წელს ბუკისციხე ლიხაურის ციხესა და ასკანის ციხესთან  ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ II-მა უკან დაიბრუნეს. ციხე გურიის რუსეთთან შეერთებამდე (1811 წლამდე) კონტროლს უწევდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას

შარაშიძეები

შემდეგ მოდის შარაშიძეების სასახლე-სოფელში დგას ოდა-სახლი, რომელიც აშენებულია 200 წლის წინ ლაზი ხელოსნების მიერ. გამოირჩევა ლაზური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებით და დიდი ლაზური გუმბათით. ზედა სართული წაბლის ხითაა ნაგები. ქვედა კი ქვითკირის, საყრდენი ბოძები დიდი ქვის ლოდებისგან საჭრელითაა გამოკვეთილი. კედლის სისქე 80 სმ-ია. სახლს ასევე ჰქონდა სამეურნეო ნაწილი, საჯინიბო, ღია და დახურული მარანი. ამავე სახლს უკავშირდება ფილმ მამლუქის გადაღებაც. სახლი შეტანილია მიხეილ გარაყანიძის მიერ გამოცემულ წიგნში, „საქართველოს ხის ხუროთმოძღვრება“. 

შარაშიძეეები გურიაში აფხაზეთიდან გადმოვიდნენ მე-17 საუკუნის დასაწყისში. ტახტისთვის ბრძოლაში ბიძას, გვარად შარვაშიძეს, აუჯანყდნენ ძმისშვილები. დამარცხებულმა ძმებმა თავი გურიას შეაფარეს. გურიელმა დიდი პატივით მიიღო ძმები, ერთს ერისთაობა, მეორესთვის კი სუფსის ხეობა და მისი მიმდებარე სოფლები უბოძა

მათგან განსაკუთრებით პოპულარობით რაფიელ შარაშიძე სარგებლობს; მეფის არმიის მაღალი სამხედრო პირი, პორტ არტურის ბრძოლების მონაწილე, რომელიც უშუალოდ მეგობრობდა და საკუთარ სახლში ბუკისციხეში სტუმრად ჰყავდა სულთან კრიმ გირეი;

რაფიელ შარაშიძესთან ორი გახმაურებული ისტორიაა ცნობილი; პირველი გენერალ ალიხანოვბ ავარსკის უკავშირდება, გურულების დასასჯელად მიმავალ, განრისხებულ გენერალს გზად, ჩინ მედლებში გამოწყობილი, გაშლილი სუფრით დახვედრია რაფიელი, როგორც ადგილობრივები ყვებიან იმდენი ელაპარაკა ალიხანოვს, სუფსის ზემო ხეობაში შემოსვლა და გურულების დასჯა გადააფიქრებინაო.

სუფრა ცნობილი მეომრისათვის მუდმივი თანამგზავრი ყოფილა და სწორედ სუფრის სიყვარულს გადაურჩენია ის სიკვდილს, რასაც მისი მეორე ცნობილი ისტორია უკავშირდება;  რევოლუციონერებს სიკვდილი მიუსჯიათ რაფიელ შარაშიძისათვის და მისთვის ტერორისტ ბომბისტთა ჯგუფი მიუგზავნიათ მოსაკვლელად, ვინაიდან რაფიელი ხშირად მოგზაურობდა თბილისში მატარებლით, მისი მოკვლაც საჯავახოში, რკინიგზის ბაქანზე ჩამოსვლისთანავე გადაუწყვეტიათ მაუზერისტ რევოლუციონერებს, ამის შესასრულებლად კი ჯგუფის მეთაურად ცნობილი გურული ყაჩაღი დათიკო შევარდნაძე დაუნიშნავთ;

მკვლელობის დღეს, მატარებლიდან პირდაპირ გაწყობილი სუფრით ჩამოსულა რაფიელი, უცებ შეუკრებია თანამეინახეები და წასულა ქეიფი, ისეთი ქეიფი, თავად დათიკოც რომ შეერთებია სუფრას მისი რაზმით, ისე მოსწონებია ყაჩაღ დათიკო შევარდნაძეს რაფიელ შარაშიძე, რომ მისი თანმხლებებისათვის უთქვამს: "ამ კაცის მოკლა რავა შეიძლება წაწყმენდააო" და დამეგობრებულან და წამოსულან ერთად გურიისაკენ.

ერკეთის მონასტერი

IX საუკუნის ეკლესია სოფელ ზემო ერკეთში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) ჩოხატაურიდან  8 კმ დაშორებით. აგებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე.

ერკეთის ეკლესია გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა, მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. XVIII საუკუნის 50-იან წლებში ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III შარვაშიძე ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა. მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა ერკეთის მიმართ. მისი ბრძანებით ააგეს მონასტრის კანკელი და მოხატეს საკურთხეველი. იგი გამოსახულია ეპისკოპოსის სამოსლითა და მიტრით ეკლესიის მარჯვენა კედელზე,სათანადო წარწერით. ეკლესია ამჟამად მოქმედია, ფუნქციონირებს დედათა მონასტერი

ეკლესიაში შემორჩენილი არის IX საუკუნის კარი და ფრესკები:

ჯაყელები

ბუკისციხეში შემორჩენილია ჯაყელების საგვარეულო წისქვილი. 250 წლის წინ ჯაყელები მესხეთიდან გურიაში გადავიდნენ და თავადმა გურიელმა უბოძა მათ ეს წისქვილი, რათა თავი დაეღწიათ გაჭირვებიდან და ერჩინათ თვი

იაკობ მარი

ბუკისციხეში დაკრძალულია შოტლანდიელი მებაღე და აგრონომი იაკობ მარინიკო მარის მამა. ის ბუკისციხის ეკლესიის გალავანში, პირველი მეუღლის გვერდითაა დაკრძალული.

გურის ტბა

ტბა მდინარე სუფსაზე ბუკისციხე იანეულის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდთან მდებარეობს, უსაფრთხო, კარგი ადგილი როგორც დამსვენებელთათვის, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, ვინც საფხულში სიცხეისაგან თავის დაღწევას ცდილობს; მდინარის სიღრმე არ აღემატება 2 მეტრს; იქვე მდენარეობს "სიყვარულის წყარო";

მეღვინეები;

ბუკისციხე ყურადღებას მეღვინეებით იპყრობს; აქ გავრცელებულია ცოლიკაური და ჩხავერი;  სხვადასხვა, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, უამრავ ადგილობრივ მეწარმესა და კომპანიას აფინანსებენ ღვინის წარმოების დახვეწისა და ღვინის ბიზნესის გაფართოება განვითარების მიზნით;

ბუკისციხე ცნობილია "ღვინის მარნებით";

მათგან პირველ რიგში აღსანიშნავია კოოპერატივი "ბუკისციხე 1811"

კოოპერატივი "ბუკისციხე 1811" ბუკისციხეში თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებულ  ღვინის საწარმოს (ბრენდული სახელი "აგუნა"), ფლობს-საკუთარი ლაბორატორიით, საშხაპეებით, ვინიფიკაციის დარბაზით, მის მშენებლობაში კოოპერატივის დამფუძნებლებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები დაეხმარნენ ევროკავშირიდან; საწარმოს წარმადობა სეზონზე 15-20 ტონა ღვინის პროდუქციაა,  აქედან ისინი აწარმოებენ და გაყიდვაში აქვთ როგორც ჩამოსასხმელი ასევე ბოთლის ღვინო - "ჩხავერი" და "ცოლიკაური": ახლო მომავალში ამ ჩამონათვალს "ალადასტური" და გურული აბორიგენული ჯიშები შეემატება, წარმოებაც შესაბამისად სეზონზე 40  ტონამდე გაიზრდება.

კომპანიას გაყიდვაში აქვს როგორც ცამოსასხმელი, ასევე ბოთლი ღვინო; "აგუნას" "ცოლიკაურისა" და "ჩხავერის" შეძენა შეგიძლ;იათ ქვეყნის მასშტაბით ცნობილ  სავაჭრო ცენტრებში:

ჩამოსასხმელი "ცოლიკაურის" ფასი 7 დან 10 ლარამდე მერყეობს; ბოთლის 12 დან - 15 ლარამდე; "ჩხავერი" კი შესაბამისად ჩამოსასხმელი 18 დან 20 ლარამდე, ბოთლის კი 25 ლარის ფარგლებში;

რევაზ ცქვიტინიძის ფოტორეპორტაჟი

 

 

'.$TEXT['print'].'