ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ
ავტორი: გურიის მოამბე
ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას ფლობენ შესაძლებლობა აქვთ, ძველი დოკუმენტი ახლით შეცვალონ. 
აქცია დღეს დაიწყო და 1 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში სულ მოქმედი 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა. აქედან, ყველაზე მეტი ქაღალდის პირადობის მოწმობას თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობენ - 175 914; შემდეგ მოდის იმერეთი 125 383; კახეთი - 80 007 და ქვემო ქართლი - 79 947.

'.$TEXT['print'].'