კახა თავბერიძემ სურსათის უვნებლობის სამსახურის ხელმძღვანელობაზე უარი თქვა
ავტორი: გურიის მოამბე
კახა თავბერიძემ სურსათის უვნებლობის სამსახურის ხელმძღვანელობაზე უარი თქვა

გურიის სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სამსახურის უფროსობა, მის ყოფილ ხელმძღვანელს, კახა თავბერიძეს მიმდინარე კვირის დასაწყისში შესთავაზეს, თუმცა მან ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

ეს ინფორმაცია "გურიის მოამბეს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიაწოდეს.

თავბერიძე, რომელმაც ჩამოაყალიბა ეს სამსახური 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერის, ბეგი სიორიძის მხრიდან მუდმივად იყო ზეწოლისა და დევნის ობიექტი.

2015 წელს, მიუხედავად დეპარტამენტისა და სამინისტროს წინააღმდეგობისა, ბეგი სიორიძემ "ქართული ოცნებისა" და "სუსის" დახმარებით მისი თანამდებობიდან ჩამოშორება შეძლო.

ამჟამად თავბერიძე კერძო ბიზნესშია, კომპანიას, რომელსაც ის წარმოადგენს გურიაში რამდენიმე მეურნეობა აქვს და ოზურგეთსა და ლანჩხუთში 30 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მიზეზი რის გამოც შეთავაზებაზე თავბერიძემ უარი განაცხადა.

თავად კახა თავბერიძემ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.

ცნობისათვის:გურიის სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სამსახურის უფროსმა, ნინი შეწირულმა თანამდებობა გასული კვირის მიწურულს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

'.$TEXT['print'].'