"ეზო გამინადგურეს, ვაზი და კაკალი გამიჩეხეს"-ჩოხატაურში "ნაბეღლავი "ჰესს" უჩივიან
ავტორი: გურიის მოამბე
"ეზო გამინადგურეს, ვაზი და კაკალი გამიჩეხეს"-ჩოხატაურში "ნაბეღლავი "ჰესს" უჩივიან

 

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუქსიეთში მცხოვრები დავით მგალობლიშვილი "ნაბეღლავი ჰესის" მეპატრონე "ალიანს ენერჯის" სასამართლოში უჩივის.

მგალობლიშვილების ოჯახი კომპანიისაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

დაჭაობებული და ბაყაყების სამფლობელოდ გადაქცეული 9 800 კვადრატული მეტრის მიწის ფართობი, მთლიანად განადგურებული ხეხილი, ვენახი, მოთხრილი ღობეეები, მოჭრილი ათეულობით ასწლოვანი კაკალი და წაბლი, რამდენიმე უნიკალური ჯიშის ურთხმელი;

ეს მოკლე ჩამონათვალია იმ მიყენებული ზარალისა, რომელიც მგალობლიშვილების ოჯახს, მათივე მტკიცებით, "ნაბეღლავი ჰესის" მშენებლობისაგან მიადგა.

ომის ვეტერანი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საომარი ქმედებების მონაწილე დავით მგალობლიშვილი გვეუბნება, რომ ამ უსამართლობას უკვე სამი წელია უშედეგოდ ებრძვის და მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ონკოლოგიურადაც კი დაავადდა.

მათი მეზობლები და ნათესავები აცხადებენ, რომ როგორც მესაკუთრე ასევე ხელისუფლება ამ ოჯახს უსამართლოდ ექცევიან და სამართლიანობა სასწრაფოდ უნდა აღდგეს.

დავით მგალობლიშვილი სოფ. ბუქსიეთი: "ჰესის მშენებლობის დროს უვლიდნენ უცებ შევარდნენ ჩემს ნაკვეთში, არც გამაგებინეს, დიდი ხეები იყო, ასწლოვანები, იმ გაჭირვების დროს არ მომიჭრია ერთი ძირი კაკლის ხეც კი, იმიტომ რომ მამაპაპის დანატოვარია, ბებია ბაბუის სასაფლაოა აქ წინაპრების, იქ ქვევრები გვაქვს, ვენახი, დამხვდა მოგლეჯილი და მოჭრილი  ხეები, განადგურებული ვენახი, ისეთ დღეშია კი ნახეთ, მეორე წელი დაიწყო რაც წერილი მივწერე გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს, ასეთი მდგომარეობაა და დამიცავით მეთქი. მე უნდა აღვადგინო კანონიერება, თუ კანონმა უნდა იკანონოს? პასუხი ორი წლის მერე, გუშინ წინ მომივიდა - გარემოს დამცველებმა მოჭრილი არაფერიაო, ვიღაც ქალმა მომწერა, თბილისიდან, მითხრეს, მაგ თემაზე ვიღაც მოვხსენითო, როგორ არ შეგატყობინა ამდენ ხანსო.

აქ იყო ჩემი ნაკვეთი 9800 კვადრატული მეტრი, მამა-პაპიდან დანატოვარი, ბაბუაჩემი სახლობდა, აქ ვთესდით ყანას და სარჩოს ვიღებდით, აქ გვქონდა სიმინდი, ლობიო, კვახი და სასოფლო სამეურნეო მიწად ვიყენებდით, დანარჩენ ადგილზე გვქონდა კაკლები, 150 კაკლის ხე იყი, წაბლის ხეები, ნაკრძალივით მქონდა, ვერავინ ეკარებოდა. ამ ადგილში სულ ტყე იყო ყანის ბოლოს, ადესა ხეზე გასული, აგერ მოჭრილს გაჩვენებთ, მსხვილ ძირებს".

გვიყვება მგალობლიშვილი და თან უკვე გავერანებულ, ბაყაყების სამფლობელოდ გადაქცეულ, დაჭაობებულ, მის კუთვნილ ფართობს გვათვალიერებინებს.

"შემოვიდა ჰესის წარმომადგენელი, უფროსმა ხაჭაპურიძემ განმიცხადა ჩემია ეს ტერიტორიაო, არადა საერთოდ არ იცოდა თუ არსებობდა სოფელი ბუქსიეთი. ჩემს მამა-პაპის სასაფლაოზე მეუბნება ჩემიაო, გამინადგურა ყველაფერი, სამი წელია დავრბივარ, 2500კვ.მ მიწა მითვისებულია, ნაკრძალში გაიყვანა გზა, დაყარა ლოდები, დამინგრია "ზაბორი", დაყარა ხრეში, ქვა-ღორღი, ხეები მომიჭრა, გაკეთებით არაფერი გაუკეთებიათ, ჰესის წინააღმდეგი არ ვარ, აშენდეს რამდენიც უნდა, მაგრამ ჩემს ხარჯზე ვიღაცა არ უნდა გამდიდრდეს, აგერ მყავს ოკუპანტები, მე კიდე იქ ვომობდი სამი ომი მაქვს გადატანილი, დაჭრილი ვარ, ახლა სიმსივნე დამემართა ამდენ სირბილში, ონკოლოგიურად ავადმყოფი ვარ. აქაურობა დაჭაობდა, ეტყობა ვერ გათვალეს რამხელა დაეყენებინათ კაშხალი, დატბორა ჩემი ტერიტორია, კომპენსაცია უნდა გადაეხადათ ჩემთვის, ახლა მასხრად მიგდებენ, 2 ლარი კვადრატულ მეტრშიო, 2 ლარად მე ღობეს ვერ შევაკეთებ რაც იყო აქ, რომელიც დამირბიეს.ხეების თემა ცალკეა კიდე და ასე მასხრად ამიგდეს".

ამბობს დაზარალებული და იმუქრება, რომ თუ მისი სიმართლე ამ ქვეყანაში ვერ გაიტანა და მისი დაჩაგვრა გაგრძელდება, ის რადიკალურ ზომებს მიიღებს:

"თუ ვერ მივაღწიე სიმართლეს, მერე ჩემით აღვადგენ სამართლიანობას, გაუშობ ჰესს და დავჯდები ყარაულად, როგორც თვითნებურად შემოვიდნენ ისე თვითნებურად შევალ მეც ,მითუმეტეს ეგ ვაგონი რომ უდგათ არც ეგ გზაა დარეგისტრირებული".

კახა ჩავლეიშვილი, დავით მგალობლიშვილის ადვოკატი:" ზიანი არის ძალიან დიდი, განადგურებული და დაჭაობებულია ნიადაგი, სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მოწყობილია გზა, გაჩეხილია კაკლის ხეები, ვაპირებთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მივმართოთ სასამართლოს.

რამდენიმე წელია ითხოვს ბატონი დავითი, რომ ეს საკითხი შესწავლილი იქნას, თქვენც ნახეთ რომ ხეები არის მოჭრილი, არადროულ რეაგირებას აქვს ადგილი გარემოს დაცვის სააგენტოდან, ანუ შეიძლება მათ იფიქრეს რომ გუშინ ან გუშინწინ მოჭრეს ეს ხეები, ეს ასე არააა. ხეები მოიჭრა და განადგურდა ჰესის მშენებლობის დროს. როგორც დავით მგალობლიშვილი ამბობს, ამ ხეების გამოყენება მოხდა თვითონ მშენებლობაზე, თვითონ იხმარეს მშენებლებმა ეს მასალა.

ამ დროისთვის სპეციალისტები ითვლიან ზიანის ოდენობას, სპეციალისტების ნამუშევარი, გადმოგვეცემა და აქედან გამომდინარე უახლოეს დღეებში შევიტანთ სარჩელს. 

იური დოლიძე ნაბეღლავის მკვიდრი, დავით მგალობლიშვილის ნათესავი: "დაჭაობებული და გაჩეხილია ამხელა ფართობი, ადამიანი ითხოვს ანაზღაურებას და უნდა მოუგვარონ, კერძო სექტორია ეს ობიექტი და არ აგვარებენ, ეგენი ეკონომიას აკეთებენ მის სასარგებლოდ. სახელმწიფო რომ იყოს ალბათ მეტს იზრუნებდა". 

ოლეგი სიხარულიძე; სოფელი ბუქსიეთი; დავით მგალობლიშვილის მეზობელი; "დაზარალებულია ადამიანი და უნდა აუნაზღაურონ ზარალი, ცოდვაა ამდენი ნაშრომი ჩაყრილია წყალში. მამა-პაპამ დაუტოვა და ჰაერშია გამოკიდებული, ვერ სარგებლობს ვერაფერს, ხელმძღვანელობის ბრალია, არ შეეკითხნენ და უნებართვოდ დაიწყეს მშენებლობა. უნდა აუნაზღაურონ ზარალი ახლა, სანამ გვიანი არაა".

ნაბეღლაველების პრეტენზიებზე კომენტარისთვის ჩვენ არა ერთხელ ვცადეთ დავკავშირებოდით "ალიანს ენერჯი"-ს წარმომადგენლობას, თუმცა უკვე მეორე დღეა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. თუ მეორე მხარე თავისი პოზიციის დაფიქსირებას მოისურვებს, "გურიის მოამბე" მათგან მიღებულ კომენტარს მიღებისთანავე მოგაწვდით.

'.$TEXT['print'].'