გორაბერეჟოულის დამწვარი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია უხარისხოდ შესრულდა - აუდიტის დასკვნა
ავტორი: გურიის მოამბე
გორაბერეჟოულის დამწვარი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია უხარისხოდ შესრულდა - აუდიტის დასკვნა

გორაბერეჟოულის დამწვარი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია და ინვენტარის შეძენა ვერ დაგეგმა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო წარმომადგენლის შენობაში დროულად გადასვლა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ქირის სახით, დამატებით გასწია 1.7 ათასი ლარის ხარჯი - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. შედეგად გამოვლინდა ათეულობით დარღვევა-ნაკლოვანებები"  მათ შორის გორაბერეჟოულის დამწვარი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციაზე. 

2015 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა სოფელ გორაბერეჟოულის ადმინისტრაციული შენობა. შენობის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და განახორციელა ორ ეტაპად.შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ჩატარდა 2016 წელს, თანხით 40.0 ათასი ლარი.

შენობის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები განხორციელდა 2017 წელს ი/მ „ზაზა ჯიბუტთან“  გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ღირებულებით 41.2 ათასი ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული პროექტი, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 2017 წლის 27 ნოემბერს, რითიც დაადასტურა შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2018 წლის 13 ივნისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ჯგუფმა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, კერძოდ, შენობის შიდა კედლები დაზიანებულია და შეიმჩნევა მრავლობითი ბზარები. ეზოში დატოვებულია სამშენებლო ნარჩენები. ობიექტი დაუსუფთავებელი იყო და არ ფუნქციონირებდა. 

ადმინისტრაციული შენობის დაწვის შემდეგ, 2015 წლის ნოემბრიდან, გამგებლის (მერის) წარმომადგენელი განთავსებული იყო ფიზიკური პირისგან დაქირავებულ სახლში. ქირის თანხა ყოველთვიურად შეადგენდა 190 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 2017 წლის ნოემბერში, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი არ იყო გადასული აღნიშნულ შენობაში და ისევ ნაქირავები ბინით სარგებლობდა. სამუშაოების ჩაბარების დღიდან მუნიციპალიტეტმა ქირის სახით გასწია 1.7 ათასი ლარის ხარჯი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ადმინისტრაციულ

შენობაში წარმომადგენლის გადასვლა ვერ ხერხდებოდა შესაბამისი ინვენტარის უქონლობის გამო. აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდგომ, 2018 წლის 1 სექტემბრიდან წარმომადგენელი გადავიდა ადმინისტრაციულ შენობაში. გარდა ამისა,

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, შენობაში იგეგმება სოფლის ამბულატორიის განთავსება, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს სხვა შენობაში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია და ინვენტარის შეძენა ვერ დაგეგმა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო წარმომადგენლის შენობაში დროულად გადასვლა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ქირის სახით, დამატებით გასწია 1.7 ათასი ლარის ხარჯი.

აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამწლიან საგარანტიო მექანიზმს, რომლის დროსაც მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით აღმოეფხვრა უხარისხობით გამოწვეული ხარვეზები. აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ, მუნიციპალიტეტმა მიმართა მიმწოდებელს ხარვეზების აღმოფხვრისათვის, თუმცა აუდიტის მიმდინარეობისას, ხარვეზები გამოსწორებული არ არის - ნათქვამია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016-17 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ოფიციალურ დასკვნაში.:

 

'.$TEXT['print'].'