"გურიის მოამბეში" გასული სტატიის შემდეგ ხელისუფლებამ ბახმაროში კინოთეატრის რეაბილიტაცია დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
"გურიის მოამბეში" გასული სტატიის შემდეგ ხელისუფლებამ ბახმაროში კინოთეატრის რეაბილიტაცია დაიწყო

გაზეთ "გურიის მოამბეში" გასული სტატიის შემდეგ, სადაც საუბარი იყო კურორტ ბახმაროში კინოთეატრ "ბახმაროს" დარბევის შესახებ, ხელისუფლებამ აღნიშნული კინოთეატრის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც დღეს კურორტის დამსვენებლებმა შეგვატყობინეს, რამდენიმე დღა კინოთეატრში აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამას ადასტურებს ჩვენთან სატელეფონო საუბარში ა.ი.პ კურორტ ბახმაროს დირექტორი, დავით საჯაიაც: "უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს კინოთეატრში გაწმენდითი სამუშაოები. იცით, რომ ის დაარბიეს. გამოიცვლება მინები, რომელიც ჩამტვრეული იყო და მოწესრიგდება ყველაფერი"-გვითხრა საჯაიამ.

აღსანიშნავია, რომ კინოთეატრის დარბევას ადგილობრივი ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა.

ამის შესახებ კი,  მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე ამსტერდამის სიმფონიური ორკესტრის კონცერტის გადასაღებად იმყოფებოდა. 

როგორც დამსვენებლებმა "გურიის მოამბეს" უთხრეს, 2012 წელს, წინა ხელისუფლების დროს აშენებული კინოთეატრის დარბაზი სავარაუდოდ რამდენიმე ნასვამმა ადგილობრივმა დამსვენებელმა დააზიანა.

ადგილზე ზუსტად არ იცოდნენ როდის მოხდა ინცინდენტი.

კინოთეატრი დახურულია და მასში ღონისძიებები აღარ ტარდება.

სწორედ კინოთეატრის დაზიანების გამო ვერ მოხერხდა, კურორტზე მყოფი ამსტერდამის სიმფონიური ორკესტრის კონცერტის სრულფასოვნად ჩატარება, რომელიც თავიდან ღია ცის ქვეშ იყო გადაწყვეტილი, უამინდობის გამო კი, მისი გამართვა კინოთეატრში გადაწყდა, თუმცა ადგილზე მისულ ორგანიზატორებს,  დარბაზი დარბეული დახვდათ, რის გამოც, ორკესტრს სასტუმრო "ბახმაროს" ფოიემ "უმასპინძლა" რომელმაც დამსწრეთა  20%-იც ვერ დაიტია.

"გურიის მოამბის" საიტზე ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომხდარზე 6 არასრულწლოვანია მხილებული, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ: 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე 6 არასრულწლოვანი ამხილეს.

მხილებული არიან თბილისიდან, ბათუმიდან, გურიისა და აჭარის რეგიონების სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან კურორტ ბახმაროში დასასვენებლად ჩასული მოზარდები: 2003 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ა.ქ., 2004 წელს დაბადებული რ.დ., 2005 წელს დაბადებული მ.ხ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2005 წელს დაბადებული ა.კ.-ს და 2004 წელს დაბადებული ს.ჩ.-ს დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვნებმა, სხვა მოზარდებთან ერთად, უკანონოდ შეაღწიეს ბახმაროს თეატრის შენობაში, სადაც დარბაზის შიდა კედლები და რამდენიმე სავარძელი დააზიანეს. მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით, დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა.

ყველა მხილებული არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

გამოძიება გრძელდება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით. სამართალდამცველები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით ინტენსიურ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებენ. ასევე, მიმდინარეობს მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

'.$TEXT['print'].'