გურიის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აბსოლიტურ უმრავლესობაში "საბჭოთა კავშირია"
ავტორი: ლადო მენაბდე
გურიის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აბსოლიტურ უმრავლესობაში "საბჭოთა კავშირია"

საბჭოთა კავშირის სკოლებში თითოეულ საგანში არსებობდა მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო, რომლითაც ხანდახან რამდენიმე თაობა ათწლეულების განმავლობაში სწავლობდა. ვისაც ეს ნანახი და გამოცდილი აქვს, სხვაგვარად ვერც წარმოუდგენია, რომ ასე მხოლოდ საბჭოთა კავშირში და რამდენიმე ტოტალიტარულ ქვეყანაში იყო.

მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში თითოეულ სასკოლო საგანში არსებობდა და არსებობს ერთზე მეტი, ერთმანეთის კონკურენტი სახელმძღვანელო და მერე ამ წიგნებიდან არჩევანს მასწავლებელი ან სკოლა აკეთებს. სხვადასხვა სკოლაში ბავშვები სხვადასხვა წიგნით სწავლობენ. საბჭოთა კავშირის დაშლამ ბევრ რამეში გამოიწვია ცვლილებები, მაგრამ...

რჩება კითხვა დაიშალა კი  "საბჭოთა კავშირი" ჩვენში... ადამიანებში რომლებიც მინიმუმ 20 წელი მაინც "ვსუნთქავდით" "საბჭოთა ცის ქვეშ?

როცა გურიის სკოლებში მიმდინარე პროცესებს ვეცნობით, სადაც ამათუიმ პრობლემაზე იშვიათად, მაგრამ მაინც, ხან მოსწავლე, ხან მასწავლებელი და ხანაც მშობელი საუბრობს.. შემდეგ როგორც ჟურნალისტი, რომელსაც ამ "პრობლემისა" თუ "ინცინდენტის" ან თუნდაც "ფაქტის" გაშუქება გწადია, აწყდები პროცესს, რომელიც "Pink Floyd" The Wall სიუჟეტს გახსენებს, რადგან შენ წინაშე "ერთხორც და ერთ სულ" შეკრული მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი დგება... არა აქვს მნიშვნელობა რამდენია, ყველა ერთხმაში გელაპარაკება, ყველა აღიქვამს "შენს ადგილზე მისვლას" სკოლისა თუ "ვიღაც ღრმად პატივსაცემი პერსონის" შეურაცხყოფად, მოკლედ ქცევად, რომელიც "არ უნდა იკადრო".

"ერთფეროვნებით გაჟღენთილ" ქართულ სკოლებში, რომელსაც ესა თუ ის მთავრობა ხან მარჯვნიდან, ხანაც კი მარცხნიდან "ეჯაჯგურება", შემდეგ ამ "ჯაჯგურს" რეფორმას არქმევს და ეს "რეფორმა" პირველივე არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ ავიწყდება, დღეს სწავლის პროცესი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

საგანმანათლებლო კერებში გაჩენილ ვაკანსიებზე გამოცხადებულმა კონკურსებმა, რომელსაც თან სდევდა ხმამაღალი განცხადებები და სკანდალები, ჯერ ოზურგეთში (ეკა ნინიძე და სხვა), შემდეგ ჩოხატაური (ბაჩო ახალაძე და სხვა)კიდევ უფრო გაამყარა აზრი რომ სკოლები გარკვეულწილად კარჩაკეტილ დაწესებულებებად გადაიქცა, რომელიც გაურბის ღიაობას  და ყველაფერს აკეთებს "მარადიულ ერთფეროვნებაში" დასარჩენად. ანუ გურიის ზოგასაგანმანათლებლო დაწესებულებების აბსოლიტურ უმრავლესობაში "საბჭოთა კავშირია".

შესაძლოა აქ ერთი შენიშვნაც დავამატოთ, რადგან ადმინისტრაციების კარჩაკეტილობის პოლიტიკა, არა იმდენად იდეოლოგიურ ხასიათს, არამედ მათი ხელმძღვანელების კარჩაკეტილობისაკენ სწრაფვას ადემონსტრირებს, რომელთა უმრავლესობისათვის სკოლებში ახალი "ფერების" ან "სხვა" ტვინების" შესვლა თავისტკივილია და ისინი "სტატუს კვოს" შენარჩუნებას "კბილებით ებღაუჭებიან".

თუ ისტორიას ჩავუღრმავდებით ეს არც "საბჭოთთა კავშირია", არამედ უფრო იქეთ... მეფის რუსეთის დროინდელი მიდგომა - სადაც "განათლება იყო წამალი, რომელსაც გთავაზობს სახელმწიფო, ის მიიღო უნდა იმ დოზით რა დოზითაც გთავაზობს, ნაკლებს მიიღებ გაუნათლებელი დარჩები, მეტს მიიღებ მოიწამლები" (დუბელტი, ნიკოლაევის ჟანდარმერიის შეფი);

მეფის რუსეთის უკრაინული გუბერნიის ქალაქ ნიკოლაევის შეფის ეს დოქტრინა მაშინ გამახსენდა, როცა გავიგე რომ ლანჩხუთში მცხოვრებ ვახტანგ ზენაიშვილს, რომელმაც მონაწილეობა მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო, უარი ეთქვა.

ვერაფრით ვერ ამიხსნია, ვახტანგ ზენაიშვილის მოსმენის შესაძლებლობას ატომ უნდა წაართვა  მოსწავლეს? თუნდაც იგივე ეკა ნინიძის ან ბაჩო ახალაძის?

ალბათ იმიტომ რომ ვახტანგ ზენაიშვილი "მოწამლულია", მას იმაზე მეტი განათლება აქვს ვიდრე ამას "სახელმწიფო გვთავაზობს".

ანუ ის არც პრემიერ მინისტრის ჩამობრძანებაზე წავა ლანჩხუთის ცენტრში დასახვედრად ხალხის იმიტაცია რომ შექმნან, არც არჩევნებზე ირბენს მმართველი პარტიის სასარგებლოდ და არც მოსწავლეებს დაერევა მუსლიმი ოჯახებიდან (ნიგვზიანელი პედაგოგებივით), გინდა თუ არა მართლმადიდებლობა მიიღეო.. და არც "ოქროს ბეჭდითა" თუ "ჰამ-ჭურჭლით აუვსებს "ხონჩას" ადგილობრივ "განათლების მამებსა თუ დედებს" "კუდის ქიცინს" კი "ჯვარი ეწეროს".

ამ ფაქტმა მე დიდი სურვილი გამიჩინა სასოწარკვეთილებაში მყოფ ერთი ხევსურივით ექსპრომტად შეთხზული "კუპლეტი" "მეყვირა" მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ასეთი ექსცენტრულობისაგან და ვთხოვ გურიის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელებს - ნინო ჩიტაძეს, შორენა სიხარულიძესა და ლელა იმედაშვილს - გახსენით სკოლის კარები, ფანჯრებიც გახსენით, გაანიავეთ და გამოუშვით იქედან "საბჭოთა კავშირი"... ამაში ყველა დაგეხმარებათ და პირველ რიგში ისეთი ადამიანები როგორიც მაგალითად ვახტანგ ზენაიშვილია, რომელსაც თქვენ, დარწმუნებული ვარ რომ ძალიან უსამართლოდ მოექეცით. ისევე როგორც ალბათ უამრავ სხვას.

ახლა კი თავად ვახტანგ ზენაიშვილს მინდა მოვუსმინოთ ყველამ ერთად:

ვახტანგ ზენაიშვილი:".. 24 ოქტომბერს მონაწილეობა მივიღე მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, გასაუბრების ფორმით. გასაუბრების მიზანი იყო, რომ ორთვიანი კურსებისთვის შეერჩიათ ისეთი კანდიდატები, რომლებიც გარკვეულ დონეს აკმაყოფილებენ და რომელთა მომზადებაზეც გაწული ხარჯები წყალში გადაყრილი არ იქნება.

კითხვები, რომელზე საპასუხოდ ერთი წუთი გვქონდა, წერილობით დაგვირიგდა. ჩემი შემდეგი შინაარსის იყო: "რა სირთულეებს ელოდებით სკოლაში და როგორ გადაწყვეტთ მას?" პასუხი: ვინაიდან საყოველთაო სავალდებულო განათლების სისტემა გვაქვს,ეს ბადებს გარკვეულ სირთულეებს, კერძოდ სკოლაში არიან ბავშვების საკმაოდ მოზრდილი ნაწილი რომელთაც სწავლის ნაკლები მოტივაცია აქვთ, ამდენად ჩემს მოვალეობად მიმაჩნია მასალა საინტერესოდ მივაწოდო და არა დაშტამპულად. დავანახოთ მოვლენათა განვითარების შინაგანი ლოგიკა, მიზეზ შედეგობრივი კავშირები. ავუხსნათ თუ როგორ მუშაობს საზოგადოება. გავარკვიოთ ყმაწვილები, რომ ერთია სურვილი და მიზანი და მეორე შედეგი, რომელიც ამ მიზნის პრაქტიკაში განხორციელებისას დგება ხოლმე. მოვიტანე თემურ ლენგის შემოსევების მაგალითი. დავსვი კითხვა: რა იყო მიზეზი რვაჯერ შემოსევის და ქვეყნის ამოგდების? და როგორც მევალებოდა თავადვე ვუპასუხე, რომ თემურს ვალდებულება ჰქონდა აღებული დასავლეთის ქვეყნებთან, ევროპიდან მომავალი ტვირთების უსაფრთხო გატარებაზე,. მაშინდელი საქართველოს ტერიტორიაზე - ამ პროცესს საფრთხე შეექმნა, ტვირთები იძარცვებოდა და იკარგებოდა, საქართველოს მეფესთან შეთანხმება ვერ მოხერხდა... მოკლედ თემურ ლენგის ლაშქრობებს ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა და არა პრიმიტიული გაგება- ან გამაჰმადიანება, ან ფიზიკური განადგურება. მეორე მაგალითი: ილია ჭავჭავაძე სვამდა კითხვას, რა იყო ისეთი ქართული ეკონომიკის საფუძველში, რომ ქვეყანა ამდენ ომებსა და შემოსევებს უძლებდა? მოვახსენე კომისიას, რომ გარდა იმისა, რომ საქართველოში ევროპული წარმოების წესი, ანუ მიწაზე კერძო საკუთრება იყო, რაც გამონაკლისია მთელს აზიაში და რაც უბრალო ენაზე იმას ნიშნავს, რომ მეტი თავისუფლება იყო ვიდრე მთელს ჩვენს მაშინდელ სამეზობლოში, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მულტისავალუტო სისტემაც იყო.ყველანაირი ფული მუშაობდა ქვეყანაში. ის კიარადა ერეკლე მეფის ზარაფხანაში ნებისმიერს შეეძლო მისვლა, ოქროსა და ვერცხლის მიტანა და საკუთარ სახელზე ფულის მოჭრა. თუმცა ერეკლეს ზარაფხანის ამბამდე ვერ მივედი, შემაწყვეტინეს, ეტყობა ერთ წუთზე მეტი გავიდა... მოკლედ, მცოდნე ადამიანები დამეთანხმებიან , რომ მოტანილ მაგალითებს უზარმაზარი ბმა და შეხება აქვთ თანამედროვე საქართველოს პრობლემებთან, იძლევა შესანიშნავ მასალას მოსწავლეებს ელაპარაკო არა მხოლოდ გარდასულ დღეთა ამბებზე, არამედ დღევანდელობაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საზოგადოების ფუნქციონირების ფუნდამენტურ პრინციპეპზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო კომისიამ დაადგინა (რაც მოგვიანებით ელექტრონული ფოსტით მაცნობეს), რომ მოსწავლეებთან არ მივიშვები! ვერ გადავლახე გასაუბრების ბარიერი. ახლა არ ვიცი, იმ ძველი ბერძენივით, საკრებულოში რომ არ აირჩიეს, მიხაროდეს, რომ ჩემზე ბევრად ღირსეული ამდენი ადამიანი აღმოჩნდა, თუ მეწყინოს? ხომ არ დამჩაგრეს? ეგებ რაიმე ნიშნით დამბლოკეს? რას იტყვით?"- ციტატის დასასრული.

რამდენ ადამიანს ეთქვა უსამართლოდ უარი და დაიჩაგრა? ვეჭვობ რომ ძალ;იან ბევრს, ერთია ნეპოტიზმი, რომელიც გვხრავს, მეორე კორუფცია, რომელიც გვანადგურებს მაგრამ არის კიდევ "სტერეოტიპები" რომელიც წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს.

ვფიქრობ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ამოვიღოთ ხმა და დავამარცხოთ "დუბელტური აზროვნება" - რადგან ჩვენ ვიმსახურებთ თანაარსებობის უფლებას - ჩვენ მოწამლულები არ ვართ.

ჩვენი შვილები კი იმსახურებენ უფრო მეტ მრავალფეროვნებასა და ღიაობას სკოლებში.

 

'.$TEXT['print'].'