საჯარო მოხელეებით „დატვირთული“ სასკოლო ავტობუსები - ხელისუფლება მმართველი პარტიის "გრანდიოზული მხარდაჭერის" იმიტაციისათვის ემზადება
ავტორი: გურიის მოამბე
საჯარო მოხელეებით „დატვირთული“ სასკოლო ავტობუსები - ხელისუფლება მმართველი პარტიის "გრანდიოზული მხარდაჭერის" იმიტაციისათვის ემზადება

საჯარო მოხელეებით „დატვირთული“ სასკოლო ავტობუსები - ხელისუფლება მმართველი პარტიის "გრანდიოზული მხარდაჭერის" იმიტაციისათვის ემზადება

სულ რამდენიმე დღეა გასული რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მხარდამჭერების გრანდიოზული შეკრება დაანონსა, თუმცა, მიუხედავად ამ მცირე დროისა „გურიის მოამბეში“, როგორც იტყვიან არ წყდება „ზარი“ საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ა(ა)იპების თანამშრომლებისაგან, რომ, მათ ხელისუფლება თბილისში წასვლას და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას აიძულებს.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ამ მხრივ, თუ გავითვალისწინებთ რედაქციაში შემოსულ ინფორმაციებს, საბავშვო ბაღების თანამშრომლები და სასკოლო ავტობუსების მძღოლები არიან.

იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვინც ამ დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილ პრობლემაზე „გურიის მოამბეს“ დაუკავშირდა, დიდი ნაწილი სწორედ მძღოლებსა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებზე მოდის.

შემდეგ მოდიან საჯარო მოხელეები, პედაგოგები და ადგილობრივი ა(ა)იპების თანამშრომლები.

როგორც ისინი რედაქციის წარმომადგენლებთან საუბარში აცხადებენ, თბილისში ამ ადამიანების, შეიძლება ითქვას, იძულებით წაყვანას, ადგილებზე მაჟორიტარი დეპუტატები, ადგილობრივი მერის წარმომადგენლებთან ერთად, კონკრეტულ ტერიტორიულ ორგანოში, ხელმძღვანელობენ.

ამ მხრივ თითქმის იდენტურია მდგომარეობა როგორც ოზურგეთის, ასევე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

მეტიც, როგორც ეს ადამიანები ჩვენთან საუბრობენ, ის თანამშრომელი, რომელიც მკაცრად დასაბუთებული მიზეზების გარეშე უარს იტყვის თბილისში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, სამსახურის გარეშე დარჩება.

მას მეორე დღიდან შეუწყდება ხელშეკრულება და მოხვდება ე.წ. „შავ სიაში“.

როგორც გავარკვიეთ ეს ე.წ. „შავი სიები“ „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ოფისებში იწერება და მისი საბოლოო სახის მიღებისთანავე, ის ყველა სახელისუფლებო შტოსთვის სავალდებულო ხდება.

ცნობისათვის: ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა 14 დეკემბერს მორიგი აქციის გამართვას გეგმავს.

პარტიაში ამტკიცებენ, რომ ორგანიზატორი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთაა და აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ეძღვნება.

ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ თქვა, რომ 14 დეკებერს თბილისში ჩამოვლენ პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც და მათი ტრანსპორტირება დაფინანსდება.

ამასობაში სამოქალაქო მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ინფორმაციით, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს "ქართული ოცნების" 14 დეკენბრის აქციაზე მისვლას აიძულებენ და მათ გათავისუფლებით ემუქრებიან. მოძრაობა საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში, არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით და მათ დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით, იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენენ.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტებს, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მმართველი პარტიის ოფისსა თუ მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას მართავენ, ტერიტორიაზე ქართული ოცნების წარმომადგენლები ე.წ. "კონტრაქციით" ხვდებიან. განსაკუთრებით აქტიურობენ საკრებულოების, მერიებისა და მერიას დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლები. რამდენიმე ასეთ აქციაზე ისინი შეკრებილებს თავს დაესხნენ, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

გამოიყენებენ თუ არა და როგორ, საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების პედაგოგებს, ხელისუფლება ოპოზიციაზე ანგარიშსწორებისათვის, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

'.$TEXT['print'].'